ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფომარციები ვრცელდება. უცხოელი მომხმარებელი ქართული პროდუქციის მაღალ ფასს უჩივის, ქართველი ექსპერტები კი პირიქით, ამტკიცებენ, რომ ადგილობრივი ღვინო საზღვარგარეთ არარეალურად დაბალ ფასად იყიდება. ამ ყველაფერს ემატება ფალსიფიკაციისა და ექსპორტის პრობლემაც.
შვედი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღე იმყოფებოდა და ქვეყნის შესახებ მასალას ამზადებს, დაუფარავად აცხადებს, რომ ქართულ ღვინოზე ევროპაში მოთხოვნა დაბალია. ტორგნი ჰიმენოს განცხადებით, ღვინის ევროპულ ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა.
„ბოლო პერიოდში ბევრი ახალი აფრიკული და ესპანური ბრენდები გამოჩნდა, რომელთა ფასიც ბოთლზე, დაახლოებით, 6 ევროა და საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ქართული ღვინის ხარისხი გამორჩეული არაა. პროფესიონალი კრიტიკოსების შეფასებით, ის ნორმალურია, მაგრამ ფასი საკმაოდ ძვირია და დაახლოებით 12 ევრო ღირს“, - აცხადებს ჟურნალისტი.
ქართული ღვინის მაღალ ფასზე რამდენიმე თვის წინათ გავლენიანი გამოცემა „ეკონომისტიც“ წერდა. შვედი ჟურნალისტისა და „ეკონომისტის“ შეფასებებს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ღვინის კომპანია – „ბადაგონი“ ეხმაურება.
კომპანიის დირექტორის თქმით, ქართული ღვინო არაფრით ჩამოუვარდება სხვა მაღალი ხარისხის ევროპულ ღვინოებს. გია შენგელია აზრით, ქართული ღვინის ფასი ევროპაში ნორმალურია და ბაზრის დაპყრობასთან ერთად მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.
ამ ყველაფრის საპირწონედ ქართველი ექსპერტი, ნოდარ ჯავახიშვილი ირწმუნება, რომ ქართული ღვინო უცხოეთში არათუ ძვირად, საოცრად იაფად იყიდება. მაგალითად, ყველაზე ცნობილი ქართული ღვინო „ხვანჭკარა“ ამერიკის ბაზარზე რეკორდულად დაბალ ფასად 3 დოლარად იყიდება.
„ერთი ლიტრი ღვინო რვა ლარი რომ ღირდა, თბილისში ძნელად იშოვებოდა. ექვს ლარად აქ გაყიდონ და ვიყიდით“, - აცხადებს ჯავახიშვილი.
ღვინის უმსხვილესი კომპანიების ნაწილი ექსპერტის ინფორმაციას უარყოფს. „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში წარმოებული „ხვანჭკარა“ ამერიკულ ბაზარზე, საშუალოდ, 15 დოლარი ღირს. თუმცა, მარგველაშვილის თქმით, თუ იქაურ დახლებზე 3-დოლარიანი „ხვანჭკარაც“ არსებობს, იგი ფალსიფიცირებულია და გამორიცხულია საქართველოში იყოს ჩამოსხმული.
ქართული ღვინო უცხოეთში მართლაც უპრობლემოდ ყალბდება. ეს ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა. გაყალბებეისაგან თავის დასაცავად მთავრობამ მხოლოდ ახლა დაიწყო ზრუნვა.
ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინო გაყალბებისგან დაცული იქნება. გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის უკვე გაფორმდა, მაგრამ რეალურად რამდენად იმუშავებს, ეს კიდევ სხვა საკითხია.
არადა, ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ღვინის გადაზიდვები უცხოურ ბაზრებზე, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა.
იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 9 მლნ 105 ათას 481 ბოთლის ღვინის ექსპრტი განხორციელდა, საიდანაც მხოლოდ აგვისტოს თვეში 1 მლნ 281 ათას 886 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო უკრაინის ბაზარზე გაიყიდა. „სამტრესტის“ მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვარ-აგვისტოში უკრაინის ბაზარზე 4 მლნ 688 ათას 761 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ქართული ღვინის ექსპორტის მხრივ მერე ადგილზე ყახაზეთია, სადაც რვა თვეში 1 მლნ 307 ათას 860 ბოთლი ღვინოა გადაზიდული.