"კონტროლის პალატა სადამსჯელო ოპერაციებს აგრძელებს: შპს "მენეჯმენტსერვისს" დაყადაღების საფრთხე ემუქრება. როგორც გუშინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე "მენეჯმენტ-სერვისის" დირექტორმა ბესიკ დემეტრაშვილმა და მისმა ადვოკატებმა ეკა ბესელიამ და სანდრო ბარამიძემ განაცხადეს, კომპანია ვერ მოახერხებს კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული 5 მილიონამდე ლარის ჯარიმის გადახდა. დემეტრაშვილის განცხადებით, ჯარიმის გადახდის ვადა 15 ივნისს იწურება, "მენეჯმენს-სერვისი" კი ჯარიმას ვერ გადაიხდის და შესაბამისად, კომპანიას დააყადაღებენ - შეგახსენებთ, კონტროლის პალატამ შპს "მენეჯმენტ სერვისი" 4 760 190 ლარით დააჯარიმა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სააკაშვილი ბათუმის დელფინარიუმს და გასართობ ცენტრ "ციცინათელასაც" ხურავს?
"ეს არის მართლა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა მოსამართლე გვრიტიშვილმა ძალაში დატოვა კონტროლის პალატის უსამართლო გადაწყვეტილება. ჩვენ მოსამართლეს ნათლად განვუმარტეთ, რომ ამ საქმის ფორსირებულად ამ რეჟიმში გადაწყვეტა, იმისდა მიუხედავად, რომ ნამდვილად არსებობდა პოლიტიკური დავალება, იქნებოდა მიკერძოება. ვთქვით, რომ კომპანიას არ აქვს ამხელა თანხები, ის გაკოტრდება, როგორც კი გადაწყვეტილება ძალაში შევა და დაიწყება აღსრულება. ეს კომპანია არ არის პოლიტიკური, რომ ეს ის კომპანიაა, რომელსაც აქვს აღებული სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ბათუმის დელფინარიუმი და ქობულეთთან გასართობი ცენტრი "ციცინათელა". კომპანიის მიერ წარდგენილი არც ერთი დოკუმენტი მოსამართლე გვრიტიშვილმა არ გაითვალისწინა. მეტსაც გეტყვით, ყველაზე სადავო მთელ ამ ისტორიაში არის ის, რომ მოსამართლე გვრიტიშვილს დავალებული ჰქონდა ერთ დღეში დაემთავრებიან ეს საქმე" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.
"ამიტომ მან ყველა პროცედურა დაარღვია და ვერც მალავდა სულსწრაფობას, რომ გადაწყვეტილება გამოეცხადებინა, რადგანაც მეორე დრეს, 29 მაისს გამოქვეყნდა პარლამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, რომლითაც შეიცვალა ათმაგი დაჯარიმების წესი - განახევრდა. ანუ ეს 5 მილიონი უნდა განახევრებულიყო. იმის გამო, რომ არ უნდოდათ ამ კანონის გავრცელება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ მოსამართლემ ყველაფერი გააკეთა, რომ დაესრულებინა სასამართლო განხილვა 28-ში. თუმცა კანონს აქვს ზოგადად უკუქმედების ძალა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ კიდევ ერთი უკანონობა ჩაიდინა და უკუქმედების ძალა არ მისცა გადაწყვეტილებას. ამ დროს "მენეჯმენტს-სერვისს" ჰქონდა მომგებიანი ბიზნესი და ისჯება იმის გამო, რომ მისგან ოფისები იქირავა "ქართულმა ოცნებამ", - დასძენს ადვოკატი.
"გვრიტიშვილი არის მაგალითი, როგორ არიან პოლიტიკურ დევნაში ჩართული მოსამართლეები. გამოსავალია ის, რაც მოხდა 27 მაისს, როგორც დაირაზმა ხალხი და გამოვიდა იმის დასტურად, რომ არ უნდა პოლიციურ ქვეყანაში ცხოვრება და გამოვიდა ამის წინააღმდეგ. ეს არის გამოსავალი - არჩევნებით ამათი შეცვლა. თუ სასამართლო არ გვექნა და თუ გვრიტიშვილები ისეც ასეთი დავალებების შემსრულებლები იქნებიან, არ გვეშველება ამ ქვეყანაში. ჩვენ ვასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და ვაცნობებთ ამის შესახებ ყველა საერთაშორსიო ორგანიზაციას", - აღნიშნავს რესპონდენტი და შეკითხვას - "ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა ფირმებსაც იგივე ემუქრებათ?" - პასუხობს: არ არის გამორიცხული. "ნაციონალური მოძრაობა ცდილობს გაძარცვოს ყველა ბიზნესკომპანია, რომელიც არის "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირდაპირ თუ ირიბად. სადაც ხელი მიუწვდებათ, ცდილობენ უკანონო გზით წაიღონ ყველა თანხა. ყველაფერს გააკეთებენ ამ 4 თვეში. მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დავუპირისპირდეთ ამ ძალადობას სამართლებრივი ბერკეტებით".