კონტროლის პალატამ წარმატებით გამოიყენა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული იმ ცვლილების ამოქმედებამდე დარჩენილი ერთი დღე, რომლის მიხედვითაც, შემოწირულების განმახორციელებელი პირი ამჯერად უკვე აკრძალული შემოწირულების არა ათმაგი, არამედ შენატანის ხუთმაგი ოდენობით ჯარიმდება, და ფიზიკურ პირს, ბიძინა გიორგობიანს, 28 მაისს ათმაგი ოდენობის ჯარიმა, 900 ათასი ევროს გადახდა, დააკისრა. 28 მაისსვე გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის მიერ 5 მილიონი ლარით დაჯარიმებული კომპანია ”მენეჯმენტ სერვისის” საქმის განხილვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ და ძალაში დატოვა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, კომპანია ათმაგად დაჯარიმდეს.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ორგანული კანონით დადგენილი წესის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნობილი, 5 მილიონი ლარით დაჯარიმებული კომპანიის, ”მენეჯმენტ სერვისის” საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 მაისს დაახლოებით 5 საათში - შეიძლება ითქვას, დაჩქარებული წესით - განიხილა. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება ჯარიმის შესახებ ძალაში დატოვა. მან კომპანია ”მენეჯმენტ სერვისის” დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ, რომელიც ადვოკატებმა სხდომის მსვლელობისას ორჯერ დააყენეს. დაცვის მხარემ ვერაფრით ვერ მოახერხა დაემტკიცებინა მოსამართლისათვის, თუ რისთვის თხოულობდნენ ისინი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას, დამატებითი მოწმეების დაკითხვას და სასამართლო სხდომის 7 ივნისამდე გადადებას. როგორც 30 მაისს კომპანია ”მენეჯმენტ სერვისის” დირექტორისა და მისი ადვოკატების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაჩქარებულ ვადებში გამოტანის მიზეზი მათთვის სხდომის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ - 29 მაისს - გახდა ცნობილი. საქმე ეხება მოქალაქეთა პოლიტური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შემოწირულების განმახორციელებელი პირი ამჯერად უკვე ჯარიმდება აკრძალული შემოწირულების არა ათმაგი, როგორც ეს კომპანია „მენეჯმენტ სერვისისა“ და აქამდე დაჯარიმებული სხვა ფიზკური თუ იურიდიული პირების შემთხვევაში მოხდა, არამედ შენატანის ხუთმაგი ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნის” ვებსაიტზე 29 მაისს გამოქვეყნდა, რაც, შესაბამისად, ცვლილებების ამოქმედების ოფიციალური თარიღია.
”საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური პარტიების გაერთიანების” შესახებ კანონში და შეიცვალა დაჯარიმების ოდენობა. ეს ცვლილებები გამოქვეყნებულია და სწორედ ამიტომ ჩქარობდა მოსამართლე 28 მაისს, რომ ერთ დღეში, სამუშაო დღის დასრულებამდე, გამოეტანა გადაწყვეტილება, რათა ახალი ცვლილებები არ გავრცელებულიყო ამ საქმეზე”, - ამბობს ეკა ბესელია, კომპანია ”მენეჯმენტ სერვისის” ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ კომპანია ”მენეჯმენტ სერვისი” მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის 5 მილიონი ლარით მაისის პირველ ნახევარში დააჯარიმა. მაისის ბოლოს კი, იმავე ბრალდებით, ფიზიკურ პირს ბიძინა გიორგობიანს ჯარიმის სახით 900 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ორივე შემთხვევას ერთ საერთო ნიშნულთან მივყავართ, რომელსაც კოალიცია ”ქართული ოცნება” ჰქვია. პირველ, ანუ კომპანია ”მენეჯმენტ სერვისის” შემთხვევაში, კონტროლის პალატის დასკვნით, შპს ”მენეჯმენტ სერვისმა” განახორციელა უკანონო შემოწირულებები სამი პოლიტიკური სუბიექტის - რესპუბლიკური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ - სასარგებლოდ, რამაც, საბოლოოდ, 476 ათასი ლარი შეადგინა და, შესაბამისად, ათმაგი ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა. როგორც კომპანიის დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი გვიხსნის, კონტროლის პალატის დასკვნით, კომპანიამ პოლიტიკურ პარტიებს შეღავათიან ფასებში გაურემონტა ოფისები, რაც კომპანიას შემოწირულებაში ჩაეთვალა. როგორც კომპანია ”მენეჯმენტ სერვისის” დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი ამბობს, 15 ივნისიდან კომპანიის ანგარიშებს ყადაღა დაედება და ის საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
”კონტროლის პალატის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც ემსხვერპლება სრულიად აპოლიტიკური კომპანია - დაზარალდება რამდენიმე ასეული თანამშრომელი, რომელიც ჩემს კომპანიაშია დასაქმებული, და დაზარალდება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში უნდა განვითარებულიყო და რომელშიც მე მხოლოდ იმ კუთხით ვღებულობდი მონაწილეობას, რომ, მოგების მიზნით, სამოქალაქო ურთიერთობაში შევედი სამ პოლიტიკურ სუბიექტთან”, - ამბობს ბესიკ დემეტრაშვილი.
კომპანია ”მენეჯმენტ სერვისი” გეგმავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
სასამართლოს მიმართავს უახლოეს მომავალში კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებული ბიძინა გიორგობიანიც. მას რადიო თავისუფლება ბერლინში დაუკავშირდა. კონტროლის პალატამ ბიძინა გიორგობიანს ფონდ ”ქომაგის” ანგარიშზე შეტანილი 90 ათასი ევრო შემოწირულებად ჩაუთვალა. 28 მაისს, ანუ ერთი დღით ადრე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც ჯარიმის შემცირებას გულისხმობს, კონტროლის პალატაში სამართალდამრღვევის მონაწილეობის გარეშე ადმინისტრაციული საქმის განსახილველად სხდომა ჩატარდა და ბიძინა გიორგობიანი მის მიერ ფონდ "ქომაგის" ანგარიშზე გადმორიცხული უკანონო შემოწირულების ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა. როგორც კონტროლის პალატის ოფიციალურ განცხადებაშია მითითებული, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქომაგი", მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია. საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი, რომელსაც გერმანიამ ჯერ პოლიტიკური თავშესაფარი, შემდეგ კი მოქალაქეობა მისცა, აცხადებს, რომ თანხა "ქომაგს" გადაურიცხა არა პირადად მან, არამედ გერმანულმა საქველმოქმედო ფონდმა ”აღმოსავლეთ ევროპა, მედია და საზოგადოება”, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავად ის არის.
”როგორც გერმანული ფონდის თანამშრომელმა, განვახორციელე ფონდის დავალება და შევწირე საქართველოს საქველმოქმედო ფონდს გარკვეული თანხა, რათა დავხმარებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ არიან სამსახურიდან გამოგდებულები და იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ სხედან ციხეებში. კონტროლის პალატამ დააყადაღა ეს თანხა და დამაჯარიმა პირადად მე, მაგრამ როგორ უნდა დამაჯარიმონ პირადად მე, რომელიც ვარ გერმანიის მოქალაქე და 17 წელია ვცხოვრობ გერმანიაში, ეს, ალბათ, მათთვისაც გაურკვეველია, ისევე როგორც ჩემთვის”, - ამბობს ბიძინა გიორგობიანი.
როგორც მანვე განგვიმარტა, ფონდი გერმანიაში 2012 წლის იანვარში დაფუძნდა და ის ძირითადად დამფუძნებელთა შემოწირულებებით ივსება. ბიძინა გიორგობიანის თქმით, დამფუძნებელთა შორის რამდენიმე ქართველიც არის, თუმცა ყველა მათგანი ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.