„ასი საწარმოს“ პროექტის ფარგლებში გახსნილი ერთი საწარმო – „ჰიპი“ არარენტაბელურობის გამო, შესაძლოა გაიყიდოს. საერთოდაც, 2007 წლის შემდეგ სამინისტრომ ასიდან 7-8 საწარმოზე მეტი ვერ გახსნა. ექსპერტების განცხადებით, მარტო სურვილი საკმარისი არ არის. საწარმოების ასამუშავებლად ქვეყანაში არანაირი მოტივაცია არ არსებობს.
პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობა უნდა გადაერჩინა აღარავის ახსოვს. მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ამ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბრენდმა „ჰიპიმ“ საკუთარი საწარმო გახსნა. ხელისუფლებაში იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ ეს პირველი არ იყო და ასეთი ბრენდები საქართველოში კიდევ მრავლად შემოვიდოდა. ასევე ყველას კარგად ახსოვს, რომ ერთი პერიოდი საწარმოების გახსნის ბუმიც კი ატყა, და მთავრობის წევრები ერთი და იგივე საწარმოს რამდენჯერმე ხსნიდნენ.
საბოლოოდ, კი აღმოჩნდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში100-დან 10 საწარმოც არ გახსნილა. ხოლო ზარზეიმით ამუშავებული „ჰიპი“ საკუთარი საწარმოს გაყიდვას გეგმავს. საწარმოს გაყიდვის ინფორმაციას, კომპანიის დირექტორის მოადგილეც ადასტურებს.
შარშან, სოფლის მეურნეობის გადასარჩენად 100 საწარმოს გახსნა გადაიდო. მიზეზად, როგორც ყველა სექტორში აქაც ფინანსური კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის საქართველოზე გავლენის გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის სექტორში 2009 წელს 100 საწარმოს გახსნის პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.
შარშან ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ საწარმოების გახსნა წელს გაგრძელდებოდა, შესაბამისად, წლეულს ყველა რეგიონში რამდენიმე გადამამუშავებელი საწარმო მაინც უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი ბუნდოვანია. სპეციალისტების განცხადებით, „100 საწარმოს“ პროგრამა, ისეთივე ბლეფი იყო, როგორც „100 საავადმყოფოს“ პროგრამა, ვინაიდან ამ ინიციატივას ხელისუფლების მხარდაჭერა არ ჰქონია.
არადა, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში 100 საწარმოს პროექტის განხორციელება, არა მხოლოდ აგრარულ სექტორში გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას, არამედ საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტასაც შეუწყობს ხელს.
სპეციალისტთა განცხადებით, საქართველოში ბოსტნეული კულტურების წარმოებისა და ექსპორტის დიდი პოტენციალი არსებობს, მთავარია ხელშეწყობა. სამწუხაროდ, დღეისათვის ბოსტნეულის კულტურების იმპორტის მოცულობა უფრო დიდია, ვიდრე ადგილობრივი წარმოება და, შესაბამისად, ექსპორტი. შარშან, მთავრობას ბოსტნეული კულტურების საქართველოდან გატანას ყაზახები შეპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით ეს დაპირებაც დაპირებად რჩება.
მარნეულსა და გორში პომიდვრის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების აშენება იგეგმება. მთავრობას იმედი აქვს, რომ 2 წელიწადში ადგილობრივი ბოსტნეული და მისგან ნაწარმოები პროდუქტი იმპორტირებულს 80%-ით ჩაანაცვლებს. გაჩნდა ინიციატივა, რომ ბოსტნეული კულტურების სათესლე მასალის ლობიოს, ხორბლის, ქერის, კარტოფილის, იონჯის, სიმინდის, მზესუმზირის, შვრიის, საძოვრის კოინდარისა და ჭარხლის სათესლე მასალის იმპორტი, ან მიწოდება და სხვა გარკვეული პრეპარატების იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, სავარაუდოდ, 2010 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა ესეც დაპირებად დარჩა.
ექსპერტების განცხადები ამ ინიციატივის რეალიზების შემთხვევაში ფერმერებს საქმიანობა მკვეთრად გაუიოლდებათ და ასევე ხელი შეეწყობა ქვეყანაში ხარისხიანი სათესლე მასალის შემოსვლას, რაც თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას წაადგება.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში 175 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსი აგროპროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა განხორციელებულიყო. პროექტები ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი თაფლის, ყველის, ხორცისა და ბოსტნეულის (კარტოფილი, კომბოსტო, ხახვი) წარმოებასა და გაყიდვას ითვალისწინებდა, არც ეს შესრულებულა.
სამინისტროს ინფორმაციით, წელს გაიხსნა იყალთოს ყველის საწარმო. იგი რამდენიმე დასახელების ყველსა და რძის პროდუქტებს აწარმოებს, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ თბილისისა და თელავის სავაჭრო ქსელში იყიდება. ასევე, წინა წლებში გაიხსნა, „ბათოილი“, მთავრობაში დიდ მიღწევად თვლიან „ჰიპის“ საქართველოში ამოქმედებას. ვანის რაიონში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, წვენების დამამზადებელი საწარმო „რთველი 2008“, ხორცის გადამამუშავებელი „იბერ ჯორჯია“, მარნეულის ხორცკომბინატი. სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება ზეთის ხილის საწარმოს შექმნა, ცხვრის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა, ასევე კახეთში ხილის გადამამუშავებელი საწარმო. სულ ეს არის, რაც 100 საწარმოს პროექტში 3 წლის განმავლობაში შეიქმნა.
მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საწარმოები გაიხსნას ბიზნესმენს საბრუნავი თანხა სჭირდება. ასევე ხელისუფლების მხარდაჭერა, საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა და კანონმდებლობის სრულყოფა.
„ასი საწარმოს პროექტი, ისეთივე ბლეფი იყო, როგორც 100 საავადმყოფოს პროექტი. ამიტომაც, ამ პროექტების რეალიზება ვერ შეძლო, როგორც ჯანდაცვის ისე, სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა. საწარმოს გახსნისთვის საჭიროა საბრუნავი თანხა, საკრედიტო რესურსი, საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა. ასევე ადგილობრივი მწარმოებლისა და იმპორტიორისთვის თანაბარი უფლებების მინიჭება“, - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებაში გამოუყენებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებითვის მეპატრონეების დაჯარიმების ინიციატივა დადგა. თუმცა, მეორე საკითხია, გლეხმა ამ მიწებზე მოყვანილი პროდუქტის რეალიზაცია როგორ უნდა მოახდინოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თურქულმა იმპორტირებულმა სოფლის პროდუქტმა ადგილობრივი წარმოება საერთოდ უუნარო გახადა.