26 მაისს "სახალხო კრებამ" სამების საკათედრო ტაძარში გადაიხადა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და დაპატიმრებულთა პარაკლისი, რომელსაც "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. მეორე დღეს კი, სოლიდარობის ნიშნად, უკვე "სახალხო კრების" ლიდერები აქტივისტებთან ერთად "ქართული ოცნების" აქციაზე გამოჩნდნენ. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა "სახალხო კრებასთან" და ნინო ბურჯანაძესთან ითანამშრომლოს. ვესაუბრებით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს.
- ქალბატონო ნინო, აქციაზე დასწრების შემდეგ განაცხადეთ, რომ კვლავაც მზად ხართ "ქართულ ოცნებასთან" სათანამშრომლოდ. როგორ წარმოგიდგენიათ ეს თანამშრომლობა და რატომ აქამდე ვერ მოხერხდა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა?
- ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით სასიკეთო ნაბიჯები ბოლო დღეების განმავლობაში გადაიდგა, ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება. თუ რატომ არ მოხდა თანამშრომლობა აქამდე, ამას ბევრი წინაპირობა ჰქონდა, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ჩემი და "სახალხო კრების" ბრალი. ჩვენ პირველი დღიდანვე გამოვუცხადეთ სოლიდარობა ბიძინა ივანიშვილს. მაშინაც კი არ გვითქვამს აუგი, როდესაც "ქართული ოცნების" რიგი წარმომადგენლები, რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულები იყვნენ "სახალხო კრების" და განსაკუთრებით, ჩემი მისამართით. მივიჩნევთ, რომ რეჟიმის დამარცხებისთვის აუცილებელია ოპოზიციური ერთობა, ამიტომ ჩვენი მხრიდან არასდროს წასულა ივანიშვილის მიმართულებით გესლიანი ისრები. თავდაპირველად, ჩვენ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს შევთავაზეთ ერთიანი ფრონტის შექმნა, თუმცა პასუხიც არ მიგვიღია. 21 მაისს კი გამოვედით ინიციატივით, შეიქმნას ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ძალები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ. დიახ, ჩვენ სოლიდარობის ნიშნად მივედით 27 მაისის აქციაზე და კვლავაც ვაცხადებთ, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თუმცა თანამშრომლობა არ ნიშნავს მაინცდამაინც გაერთიანებას ან კოალიციაში შესვლას.
- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ თქვენთან აქვს კითხვები როგორც რუსეთთან ურთიერთობის, ასევე პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების თაობაზე...
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ კითხულობს იმას, რასაც მე ვამბობ, არც "სახალხო კრებისა" და ჩვენი პარტიის დოკუმენტებს იცნობს და აწვდიან მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მან იცის ჩემი მოსაზრებები და მაინც ამახინჯებს. რაც შეეხება კითხვებს, კითხვები შეიძლება დაისვას ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მაგრამ პასუხის მიღების საუკეთესო გზა არის მასთან დალაპარაკება... რაც შეეხება არჩევნების გზას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ განვაცხადე, გაჩნდა მცირე შანსი იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს-მეთქი. როგორც ჩანს, ჩემი ეს განცხადება მისთვის უცნობია, რაც შეეხება ქუჩის აქციებს, 27 მაისის შემდეგ ამაზე კითხვები, წესით, აღარ უნდა ჩნდებოდეს, რადგან ქუჩის აქციის აუცილებლობა ივანიშვილმაც დაინახა, ანუ დაინახა ის, რასაც მე ვამბობდი: - ქუჩის აქციისა და დიდი რაოდენობით ხალხის პროტესტის ჩვენების გარეშე ამ ხელისუფლების დამარცხება შეუძლებელია-მეთქი.
- ამბობენ, რომ თემურ შაშიაშვილთან, კახა კუკავასთან და აკაკი ასათიანთან ერთად აყალიბებთ ახალ გაერთიანებას.
- დიახ, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა აკაკი ასათიანთან - არა. გვქონდა შეხვედრა ჯონდი ბაღათურიასთან. ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება ეს ერთობა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია როგორ დალაგდება ურთიერთობა ოპოზიციურ სპექტრში.
- როგორ შეაფასებთ ერთი წლის შემდეგ 2011 წლის 26 მაისს და ხომ არ ფიქრობთ, რომ შეცდომა დაუშვით, როდესაც ღამით ხალხს დაშლისკენ არ მოუწოდეთ?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი თავგანწირვის შედეგად დღეს სხვა პოლიტიკური პარტიები უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, მაშინ ნამდვილად არ დაგვიშვია შეცდომა. ჩვენ დავანახვეთ მთელ მსოფლიოს, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის დიქტატურა და არა დემოკრატიის შუქურა. ჩვენი დამსახურებაა ისიც, რომ წელს 27 მაისის აქციას წინ არ უძღოდა ის ტერორი, რაც შარშან გაზაფხულზე "სახალხო კრების" მხარდამჭერებს მოუწყვეს, როცა, ფაქტობრივად, 17 მაისიდან სრულიად უმიზეზოდ დაიწყეს ადამიანების დაპატიმრება. ის, რომ დღეს დასავლეთში ინტენსიურად ალაპარაკდნენ სააკაშვილის წასვლაზე, გგონიათ შემთხვევითობაა? ეს არის შარშანდელი 26 მაისის დამსახურება. ზოგიერთი თავხედი პოლიტიკოსი ბედავს და ლაპარაკობს, რომ "სახალხო კრებამ" ხალხი მოატყუა, იქ არ იდგნენ ცხვრები, იქ იდგნენ ღირსეული ადამიანები, რომლებსაც შეგნებული ჰქონდათ, რაზეც მიდიოდნენ.
- ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, პოლიტიკურ ლიდერს მეტი მოეთხოვებოდაო...
- ამის თაობაზე ბატონ ბიძინას უკვე რამდენჯერმე მისცა ძალიან ამომწურავი განმარტება ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, იმედი მაქვს, რომ ის ამას აღარ გაიმეორებს. მეტი რომ მომეთხოვებოდა და კარგად რომ ვიცი, ამ ხელისუფლებამ რა შარში შეიძლება ჩაგვაგდოს, იმიტომ ვიბრძვი. შარშანდელ 26 მაისს რომ გამოსულიყო იმდენი ხალხი, რამდენიც წელს 27 მაისს გამოვიდა, მერწმუნეთ, ეს ხელისუფლება დღეს აღარ იქნებოდა. ზოგიერთი ტვინგადაბრუნებული ნაციონალი დღესაც ამტკიცებს, რომ თურმე გადატრიალება გვინდოდა, ახსენებს პუტინს, "ეფ-ეს-ბეს"... საინტერესოა, ასე თუ იყო, რუსეთს რისი შეეშინდა - "მასტერასი" თუ ბასიშვილის "ზონდერების? თუ პუტინს სურდა სააკაშვილის ჩამოგდება, ვისი შეეშინდა, გორიდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული მთავარსარდლის?
- გია ხუხაშვილმა განაცხადა, მაშინ, როდესაც 26 მაისის გამო არაერთი ადამიანი იხდის სასჯელს, ბადრი ბიწაძეც უნდა ჩამჯდარიყო ციხეშიო...
- ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა, გია ხუხაშვილს არა აქვს მაგის თქმის უფლება. ციხეში მყოფებს არ უთქვამთ ჩემთვის - შენი ქმარი რატომ არ მოგვიჯდა გვერდითო. იმათ იციან, რომ რაც მეტი ადამიანი იქნება გარეთ, მეტია შანსი იმისა, რომ ისინი უფრო მალე გამოვიდნენ ციხიდან. კი, გია ხუხაშვილი მირჩევდა, პოლიტიკური კარიერისთვის კარგი იქნება, ქმარს თუ ჩააბარებ ხელისუფლებას და ჩაჯდება ციხეშიო. ვინმეს მოეწონებოდა, პოლიტიკოსს თავისი კარიერისთვის ექვსი თვის წინ ნაინფარქტალი ქმრისთვის ციხეში ჩაჯდომა მოეთხოვა?
- მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ კარგად იცნობთ, რას იტყვით მის ბოლოდროინდელ მოქმედებებზე?
- სააკაშვილს მართლაც კარგად ვიცნობ, მაგრამ მან დიდი დეგრადაცია განიცადა ჩემი ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ. ვფიქრობ, მას სერიოზული საფრთხე ემუქრება, უპირველესად, თავისი გარემოცვის მხრიდან. სააკაშვილი შეიძლება განტევების ვაცად იქცეს და მას დაბრალდეს ყველა პრობლემა. გარემოცვა კი შეეცადოს თავისი ტყავის გადარჩენას. სააკაშვილის მოშორება არ არის ქვეყნის ხსნა, ყველა უბედურების სათავე ის არ არის, სააკაშვილს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი რამ მისი გარემოცვის დამსახურებაა. ეს გარემოცვა სააკაშვილის გადაწყვეტილებებზე ხშირად ახდენს პრინციპულ გავლენას.