მართლაც რჩება ერთადერთ მიზეზად ჩემი შვილი და ჩემი ძმა

მართლაც რჩება ერთადერთ მიზეზად ჩემი შვილი და ჩემი ძმა"

"აღმოჩნდა, რომ ჩაჭრილ მოსწავლეებზე ატესტატებია დარიგებული! და იცით იცით, რამდენმა ჩაჭრილმა სტუდენტმა აიღო ატესტატი? - 600-მდე სკოლადამთავრებულმა!" - ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი იმ მთავარი უთანხმოების შესახებ, რომელიც მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან მოუვიდა. მისი თქმით, მინისტრის მოადგილეს კოკა სეფერთელაძეს ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით მიმინოშვილი რომ არ დაედანაშაულებინა, მას დღემდე ამის ფახმაურება არ უფიქრია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მართლაც რჩება ერთადერთი მიზეზად ჩემი შვილი და ჩემი ძმა" / მაია მიმინოშვილი შაშკინის "სხვა სერიის ატესტატების" შესახებ.მოსწავლე, ატესტატი,

"ამ ფორმატით - კომპიუტერთან ადაპტირებული ტესტირებით, როგორიც არის გამოსაშვები გამოცდები, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების სისტემა ვერაფრით ვერ იქნება - აი, აქ იყო ჩვენი უთანხმოება. რადგან მაშინ უნდა შეიცვალოს ტესტები, უნდა დაემსგავსოს მისაღები გამოცდების ფორმატს, სადაც ღია დავალებებიც გვაქვს და დახურულიც. საატესტატო გამოცდებზე მარტივი დავალებებია, სადაც მოსწავლემ პასუხებიდან სწორი უნდა აარჩიოს. ერთიანი ეროვნული გამოცდები, საატესტატოსგან განსხვავებით იძლევა აბიტურიენტის წერის კულტურისა და ლოგიკური უნარის, მათემატიკური მსჯელობის უნარის შემოწმების საშუალებას. საატესტატო გამოცდების დროს წერის კულტურა ვერც ქართულში შემოწმდება და ვერც უცხო ენაში - ეს იყო ჩემი მოსაზრება, ამაზე იყო საუბარი, რაზეც ვერ ვთანხმდებოდით. მე არ ვიყავი წინააღმდეგი რვას პლუს ერთი მოდელისა (8 საატესტატო გამოცდა და ერთიც უნარების გამოცდა) უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, ოღონდ ფორმატი უნდა შეცვლილიყო. ამავე დროს პარალელურად შაშკინი აკეთებს განცხადებას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების არანაირ რეფორმირებაზე არ არის საუბარი - ტყუილებს ნამდვილად ვერ ავყვები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია მიმინოშვილი.

"ძალიან კარგია, რომ ეს ინფორმაცია ჩემგან არ გავიდა და პირველად ამის შესახებ სეფერთელაძემ განაცხადა -შარშან საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ქულა დავადგინეთ მხოლოდ და მხოლოდ შედეგების მიღების შემდეგ და ბუნებრივია, გავითვალისწინეთ ყველა ფაქტორი - არაქართულენოვანისა და ქართულენოვანის პროცენტული რაოდენობა. ბატონ დიმიტრის ძალიან კარგად ახსოვს ჩვენი სატელეფონო საუბრები - ყოველ 5 წუთში ერთხელ ვურეკავდი: დიმა, ამდენი რომ იყოს გამსვლელი ქულა, ამდენი სკოლადამთავრებული რომ ჩაიჭრება, მისაღებია თუ არა ეს თქვენთვის პოლიტიკურად, გინდა თუ არა ასეთი ზღვარი იყოს-მეთქი? საბოლოო ჯამში დავადგინეთ ზღვარი. არაქართულენოვანების გარკვეული რაოდენობა გამოცდებში რომ იჭრებოდა, ეს არის ჩვენთვის პოლიტიკურად მისაღებიო - ეს 3-ჯერ გამიმეორა შაშკინმა. ჩავეკითხე კიდეაც - კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რადგან მერე აღარაფერი შეიცვლება-მეთქი, - მაინც დამეთანხმა, ეს იყო შარშან მაისში, აგვისტოში, როცა უკვე ეროვნული გამოცდებიც დამთავრდა, ჩვენთან მოვიდნენ მოსწავლეები პრეტენზიით - რატომ არ მოგვეცით უფლება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიგვეღო მონაწილეობაო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სასწრაფოდ გადავამოწმეთ ბაზა ლოჯისტიკის დეპარტამენტში და აღმოვაჩინეთ, რომ ეს მოსწავლეები ჩაჭრილები არიან გამოსაშვებ გამოცდებზე, ამიტომ ატესტატი არ ეკუთვნოდათ და აქედან გამომდინარე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ბაზიდან ამოვიღეთ. როდესაც ავუხსენით, ძალიან გაუკვირდათ და აგერ ატესტატიო და მართლაც ჩანთიდან ამოიღეს ატესტატები! ვკითხე, კი მაგრამ, შენ ხომ ჩაიჭერი-მეთქი? - კი ჩავიჭერი, მაგრამ ატესტატი მაინც მომცესო. მთელი სამსახური ფეხზე დადგა - წარმოდგინეთ ეს გათანგული ადამიანები 24 საათის მანძილზე 2-2 კვირით რაიონებში იყვნენ, რათა რაც შეიძლება ობიექტურად ჩატარებულიყო გამოცდები და ხარვეზი არ ყოფილიყო და უცბად აღმოჩნდა, რომ ჩაჭრილ მოსწავლეებზე 600 ატესტატია დარიგებული. როცა მივედი შაშკინთან და ვკითხე - ეს რას ნიშნავს მეთქი, მან მიპასუხა - პოლიტიკურად ასე იყო საჭიროო. მაშინვე შევთავაზე გამოსავალი: ოღონდ ნუ მოვახდენთ იმ სისტემის დისკრედიტაციას, რომლის დანერგვაც წელს გვინდა-მეთქი და ვთხოვე მოეცა საშუალება, რომ საშემოდგომო გამოცდები გამომეცხადებინა აგვისტოშივე - ესეც ვუთხარი, რომ არაქართველებთან ერთად ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას (ჩაჭრილებს შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად ძალიან ბევრი ქართული გვარიც იყო). ამაზეც არ დამთანხმდა. ერთი თვის შემდეგ კი გამოსცა ბრძანება, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ჩაჭრილებზე ან მათზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ საატესტატო გამოცდებზე გაიცა "სხვა სერიის ატესტატი"! - დასძენს მაიმა მიმინოშვილი. 

"ამიხსნას ვინმემ რას ნიშნავს ეს "სხვა სერიის ატესტატი მკაცრი აღიცხვის დოკუმენტზე? რომ შეხედავ ამ ატესტატებს აბსოლუტურად იდენტურია ჩაუჭრელზე გაცემული ატესტატებისა, გარდა ამის "სხვა სერიის ატესტატი" გულისხმობს სწავლის გაგრძელების უფლებას არა ქართულ, არამედ საზღვარგარეთის უმაღლესებში! რომ ვკითხე შაშკინს ეს რაღას ნიშნავდა - თუკი ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ატესტატს სხვა ქვეყანას ვეუბნებით, თქვენ უნდა აღიაროთ ეს ატესტატიო - ანუ მაგალითად, ოქსფორდში შეიძლება სწავლა და ჩვენ არ ვიღებთ წნორის უნივერსისტეტშიც კი? მინისტრმა ასე მიპასუხა: ეს ძირიტადად იყო გაკეთებული სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვისო - ისინი წავლენ ერევანსა და ბაქოში და იქ გააგრძელებენ სწავლასო - ეს არის ჩვენი პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ? რას ვერჩით სომხებსა და აზერბაიჯანელებს, რომლებსაც ვაიძულებთ წავიდნენ ერევანსა და ბაქოში, აქ კი ვერასოდეს გააგრძელებნ სწავლას. ეს აღშფოთება გადავყლაპე და დღემდე ხმა არ ამომიღია - ამაზე დღეს პირველად ვლაპარაკობ თქვენთან", - ამბობს რესპონდენტი.

"რამდენიმე ხნის წინ მართლაც შემომთავაზეს შვეიცარიის ელჩობა და უარი განვაცხადე, ახსნაც არ დამჭირდა, სრულიად ადეკვატურად მიიღი პრემიერმა ჩემი უარი. გარდა ამისა, კითხვა დავსვი, - რატომ გახდა ჩემთვის საჭირო, ასე ვთქვათ, ფოჩიანი თანამდებობის მოგონებაო - იყო საუბარი, რომ დასამალი არ არის, გარკვეული დაძაბულობააო სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "საბოლოო ჯამში რა კონკრეტულ მიზეზს უკავშირებთ თქვენს გათავისუფლებას?" - პასუხობს:

"სამინისტროდან აქვეყნებენ და აქვეყნებენ იმ მიზეზებს, რის გამოც ჩვენ უთანხმოება გვქონდა და ამ მიზეზებში თვითონაც იხლართებიან. სანამდე გაგრძელდება ეს, არ ვიცი. და თუ არგუმენტები არ აქვთ, მაშინ მართლაც რჩება ერთადერთ მიზეზად ჩემი შვილი და ჩემი ძმა - სხვა არანაირ მიზეზს ვერ ვხედავ და თუკი მართლაც ეს არის მიზეზი, სრულიად აღმაშფოთებელია... მაქვს დიდი სურვილი, გამოცდები ჩატარდეს ისე, როგორც სეფერთალაძის ციტატითვე ვიტყვით "გამოცდებს რომ ეკადრება". ყველაფერ გავაკეთებს იმისთვის, რომ ვინც წამოვიდა სამსახურიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში გადასცენ თავისი უფლებამოსილება შემცველელებს და ბუნებრივია, აქტიურადაც დაეხმარებიან"