ინტერვიუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრ ნოდარ ხადურთან
– რაში მდგომარეობს „ქართული ოცნების“ მთავარი ეკონომიკური გზავნილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
– მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა ისე მოეწყოს, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე მაღალი იყოს და ყველა ადამიანს განათლებისა და ჯანდაცვის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება დასაქმების ზრდისა და უმუშევრობის შემცირების საშუალებას მოგვცემს, ხოლო განათლებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იმ ინიციატივების შესრულება, რაზეც 27 მაისს ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
– როდესაც მთელი მოსახლეობის უფასო სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფას და ყველა იმ ინიციატივის განხორციელებას გეგმავთ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, რა ტიპის ეკონომიკურ მოდელზეა საუბარი?
– ეს არის პროექტი, რომელიც ევროპის სახელმწიფოებშია აპრობირებული და ვერავინ იტყვის, რომ გერმანია სოციალისტური ქვეყანაა. თავისთავად ცხადია, სინგაპურის აშენებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპული ეკონომიკა თავისი ლიბერალური საბაზრო პრინციპებით, თავისუფალი ბაზრით, მაგრამ ამავე დროს სოციალური სამართლიანობითა და სოლიდარობით არის ის ეკონომიკა, რომელიც მაქსიმალურად სასარგებლო იქნება ქართული საზოგადოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღევანდელ ბიუჯეტშიც კი არის რესურსები, რომლის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემის გადაჭრა.
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორი დამოკიდებულება იქნება იმ ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც დღეს ხელისუფლებას უჭერენ მხარს?
– ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური იქნება დეპოლიტიზირებული და ხელისუფლება მას ვერასოდეს გამოიყენებს ბიზნესის დასაშინებლად. ბიზნეს გარემო დეპოლიტიზირებული უნდა იყოს მიუხედავად იმისა, დღეს რომელ ძალას უჭერს იგი მხარს.
ჩვენთვის მონოპოლია არ არის, აპრიორი, დანაშაული. მაგრამ თუ ვატყობთ, რომ ბიზნესმენები მონოპოლიურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, ამუშავდება ევროპასა და აშშ–ში აპრობირებული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბიზნესის მიმართ არ იქნება გამოყენებული ღონისძიებები მათი პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად.
ჩვენ არ ვაპირებთ საგადასახადო წნეხის გაზრდას. არსებული გადასახადებით მიღებული სახსრების ხარჯვა უფრო ეფექტური იქნება, ბიზნესს არ ექნება დამატებითი ხარჯები, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი გათავისუფლდება არაოფიციალური ხარჯებისაგან, რომელიც დღეს ბიზნესში ძალიან დიდია. მაგრამ ამასთანავე, ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია. თუ ქვეყანაში ცხოვრების დონე გაიზრდება, იმავე ბიზნესებს გაეზრდებათ ბრუნვა და მოგება.
– გაქვთ თუ არა შემუშავებული კონკრეტული ეკონომიკური გეგმა და რა ვადაზეა იგი გათვლილი?
– ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული ხედვა. მომზადებულია 2 დოკუმენტი. ერთი შედგება 16 ტომისაგან, სადაც კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი და შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. გვაქვს მეორე დოკუმენტი, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი და მოიცავს ნაბიჯებს, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას. ეს არის: დემონოპოლიზაცია, სტატისტიკის გაუმჯობესება, საგადასახადო სისტემის ჰუმანიზაცია, მისი დეპოლიტიზაცია და ა.შ. საქართველოს მოსახლეობა პირველ შედეგებს მომავალი წლის ბოლოს, 2–3 წელიწადში იგრძნობს, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობა. სოფლის მეურნეობაში იგეგმება 1 მლრდ. ლარის ჩადება. ეს თანხა სოფლის ინფრასტრუქტურაში, კვლევებში, ახალი ჯიშების გამოყვანაში, მექანიზაციაში და სხვა აუცილებელ ღონისძიებებში ჩაიდება.