20% ჩვენი ჯიბიდან - საშემოსავლო აღარ შემცირდება

20% ჩვენი ჯიბიდან - საშემოსავლო აღარ შემცირდება

საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-დან 15%-მდე აღარ შემცირდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი სისტემით გადამხდელს შეეძლება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 18% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს, ხოლო 2% ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვებით ანგარიშზე გადარიცხოს. საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირებას 2011 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა. კერძოდ, კანონით განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, 2013 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 20%, 2014 წლამდე – 18%, ხოლო შემდგომ 15% უნდა გამხდარიყო. თუმცა მთავრობის ახალი შემოთავაზებით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი კვლავ 20 %-იან ნიშნულზე დარჩება. ახალი სისტემა- 18%+2%, 2013 წლიდან ამოქმედდება. 

პაატა შეშელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "საგადასახადო კოდექსი აქამდე პირდაპირ ამბობდა, რომ საშემოსავლო გადასახადი 15%-ია, მაგრამ ამის აღსრულება 2015 წლიდან მოხდება. დათქმული იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი ეტაპობრივად ჯერ 18%-მდე, ხოლო შემდეგ 15%-მდე შემცირდებოდა. 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე შემცირება უკვე მომავალი წლიდან უნდა მომხდარიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საკმაოდ დიდი ხნის წინ გაცხადებული პროექტი, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ყველას და ბიზნესი ამის მიხედვით გეგმავდა თავის საქმიანობას. ქვეყანა ამაყობდა იმით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მას ჰქონდა პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში ცალკე სოციალური გადასახადი არ არსებობს. ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს როგორც საშემოსავლო, ასევე სოციალური გადასახადი.

გარდა ამ ტექნიკური მხარისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ არსებობს ე. წ. თავისუფლების აქტი, რომელიც კონსტიტუციური ძალის მქონე მუხლებითაც არის გაზავებული და გულისხმობს, რომ 2013 წლიდან საქართველოში გადასახადები არ უნდა გაიზარდოს. ანუ, სულისკვეთება ამ აქტისა მდგომარეობდა იმაში, რომ შენარჩუნებულიყო მიღწეული წარმატებები და გადალახულიყო ბიზნესის განვითარებისთვის დამაბრკოლებელი ბარიერები: გადასახადების გაზრდა და ა.შ. ახლა კი რა გამოდის, წინსწრებით, თავისუფლების აქტის ამოქმედებამდე, მოხდა აქამდე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა დანაპირების არშესრულება, ხალხის მოტყუება და სიტყვის გატეხა, რაც ბუნებრივია, ძალიან ცუდის ნიშანია. ეს არის ხელისუფლების ყოვლად მიუღებელი და მდაბალი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია ისიც, რომ არანაირ ნებაყოფლობით შენატანზე ლაპარაკი არ არის. კანონპროექტში პირდაპირ ნათქვამია, რომ გადასახადის გადამხდელმა უნდა გადაიხადოს ან 20%, ან 18%+2%. ეს 2% კი გადაირიცხება ფონდში, რომელსაც მართავს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი სტრუქტურული ერთეული. ასე რომ, ესეც გადასახადია და, ფაქტობრივად, არანაირი ნებაყოფლობითი არჩევანი არ არსებობს. რეალობა ასეთია, რომ შემოსავლის 20%-ს ყოველთვიურად ვკარგავთ და გინდა ამას ანაბარი დაარქვით და გინდ ნებაყოფლობითი შენატანი. 

მე თუ მკითხავთ, საშემოსავლო გადასახადი საერთოდ ნულის ტოლი უნდა იყოს. სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება ადამიანებს ჯიბეში ჩაუყოს ხელი. ხშირად მომყავს მაგალითად ამერიკის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, მიტ რომნის საარჩევნო ლოზუნგი, რომელიც საშემოსავლო გადასახადის სრულად გაუქმებას გულისხმობს, რადგან, მისი აზრით, ამერიკის კონსტიტუციიდან გამომდინარე ეს უკანონო გადასახადია. 

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ არის შემთხვევითი. მთავრობამ ბოლო პერიოდში აირჩია ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც ის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, მან შექმნა სამუშაო ადგილები და ა.შ. ანუ, მან მიზნად დაისახა რაც შეიძლება მეტი შემოსავლის მიღება და არა თავისი მოქალაქეების მომსახურება, მათთვის სამუშაო პირობების წახალისება. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტად დაბეგროს და მეტი ფული წაართვას კერძო სექტორს. შედეგად, ჩვენ ვიღებთ პროექტებს, რომლებიც სჭირდებათ პოლიტიკოსებს და არა მოსახლეობას. ისინი ართმევენ რესურსებს კერძო სექტორს, რომელიც მიმართულია ისეთი პოლიტიკური პროექტების განხორციელებისკენ, როგორიცაა ქალაქების, ხიდების მშენებლობა და ა.შ. ნაცვლად იმისა, ხელისუფლება იცავდეს კერძო საკუთრებასა და მოქალაქეების თავისუფლებას, მისი ინტერესი მიმართულია რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ჰქონდეს და გააკონტროლოს კერძო პირების ქონება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, – ის, რაც საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების ტყუილი და თაღლითობაა".