“საქართველოში სამედიცინო სექტორი საგრძნობლად ვითარდება. საქართველოს მასშტაბით ახლა 150 პატარა და დიდი კლინიკა იხსნება. მაქვს პრეტენზია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე თანამედროვე სამედიცინო სისტემას ვქმნით. თბილისში რამდენიმე დიდი საავადმყოფო უკვე გვაქვს და კორეელები ახლა კიდევ ერთი 200-საწოლიანი დიდი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას იწყებენ, რაც დაახლოებით, 250-300 მილიონი დოლარი დაჯდება.
ვფიქრობ, ახლადშექმნილ ცენტრებს შორის ის აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი იქნება. საქართველოში იქმნება სამედიცინო სექტორი, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ 5-მილიონიანი პატარა ქვეყნისთვის - საქართველო მთელი რეგიონისთვის სამედიცინო ცენტრი ხდება. ეს ტურიზმის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკას დიდ შემოსავალს მოუტანს”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სარეაბილიტაციო კურორტების განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყანას დიდი რესურსი აქვს.
“საქართველოში ბევრი რამ შეგიძლიათ, გაბედულად გააკეთოთ, ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები შექმნათ. თანაც ევროპასა და ამერიკაში ბევრად მეტი რეგულაციაა და უფრო დიდი ბიუროკრატიული პროცესია. ჩვენ ამას მაქსიმალურად ვამცირებთ, რათა სამხრეთ კორეის მსგავსად საქართველოშიც შევძლოთ ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოხვიდეთ და ჩვენ ექიმებს მსოფლიოს თანამედროვე გამოცდილება გაუზიაროთ. საქართველოში დასანერგია ახალი მეთოდები. ჩვენები ყველაფერს ძალიან სწრაფად ისწავლიან, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მათ ვინმემ ასწავლოს. აქამდე არც პაციენტები იყვნენ და არც აპარატურა გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მთავარი ექიმია და არა - აპარატურა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საინტერესოა სად ეპატიჟება სააკაშვილი უცხოეთში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებს? იქ, სადაც ბოლო ერთი წელიწადია პროფესიონალ ექიმებს ქუჩაში ერეკებიან, ხელფასებს უნახევრებენ და იმასაც არ უხდიან? იქ, სადაც ყველა მეტ-ნაკლებად დიდი საავადმყოფო დაანგრიეს და მათ ნაცვლად 15-20 საწოლიანი კლინიკები ააშენეს?
ამ ერთი თვის წინათ თავად მიხეილ სააკაშვილმა გახსნა გურჯაანში სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ აშენებული ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი და ყველას გასაგანოდ დაიქადნა, რომ საქართველოში ექიმებისთვის ბუზი არავის აეფრინა. მას მერე 5 კვირაც არ არის გასული და:
“ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნის შემდეგ ხელმძღვანელობა შეიცვალა, შტატები შეამცირეს. ოცზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი ოპტიმიზაციით ახსნეს და დაგვპირდნენ, რომ ხელფასებს დროულად ავიღებდით. აპრილის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიგვიღია”, - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა.
აპრილის თვის ხელფასი არ მიუღიათ არც საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს. უფრო მეტიც, რამდენიმე ექთანმა დაადასტურა, რომ ზოგიერთ მათგანს მარტის თვის ხელფასიც მისაღები აქვს. ორივე სამედიცინო ცენტრს შპს “ჯეოჰოსპიტალსი” ფლობს, რომელიც სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიაა.
“ისედაც მიზერული ხელფასები გვაქვს. 150-200 ლარს ვერ ვცდებით და იმასაც არ გვაძლევენ დროულად. მომართვიანობა მაღალია, მაგრამ იმ ავადმყოფებსაც კი, რომლებსაც სტაციონარში მოთავსება სჭირდებათ, ამბულატორიულ მკურნალობას უნიშნავენ, რომ სადაზღვევო კომპანიამ ხარჯები შეამციროს”, - აღნიშნეს ექთნებმა.
შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” რეგიონული მენეჯერი იოსებ მგალობლიშვილი ადასტურებს, რომ გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმებს აპრილის თვის ხელფასი არ მიუღიათ, თუმცა მისი თქმით, კომპანიას ხელფასების დაგვიანების სერიოზული მიზეზი აქვს.
“თუ ობიექტური მიზეზი არ არსებობს, მაშინ უნდა დაისაჯონ სადაზღვევო კომპანიები, მაგრამ მე როგორც ვიცი, ამ შემთხვევაში არსებობს ხელფასების დაგვიანების ობიექტური მიზეზი. რაც შეეხება დეტალებს, მე კომპეტენტური არ ვარ”, - აღნიშნა იოსებ მგალობლიშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორს დავით ჯორბენაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მოუცლელობის მიზეზით მან კომენტარი არ გააკეთა. კომენტარი არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გააკეთეს.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს საავადმყოფოები ამუშავდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსად, არცერთი დღით არ იყოს ხელფასის დაგვიანება. მინდა მკაცრად გავაფრთხილო სადაზღვევო კომპანიები, როგორც კი სადმე, ოდნავ მაინც იქნება ხელფასების დაგვიანება, მათ მიმართ გამოყენებული იქნება უმკაცრესი სანქციები”, - ასეთი სააკაშვილმა 2012 წლის 9 თებერვალს თეთრიწყაროში, საავადმყოფოს გახსნისას გააკეთა.
პრეზიდენტის გაფრთხილების მიუხედავად, ექიმები უხელფასოდ არიან დარჩენილები. სამსახურიდან გათავისუფლების შიშით ისინი ხმამაღლა საუბარსაც ვერ ბედავენ.
საქართველოში მალე ექიმი აღარ დარჩება და თუკი დარჩება ისინიც უხელფასო და ყოველგვარ უფლებას მოკლებულები იქნებიან. სწორედ ეს არის “100 საავადმყოფოს” საპრეზიდენტო პროგრამის რეალური შედეგი.