ლაზიკა კოლხეთის დაცული ტერიტორიის სანაცვლოდ

ლაზიკა კოლხეთის დაცული ტერიტორიის სანაცვლოდ

"ლაზიკის მშენებლობა კოლხეთის დაცული ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს შეიწირავს. მთავრობამ სათანადო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად კოლხეთის დაცული ტერიტორიის ანაკლია-ჭურიის უბანს დაცული ტერიტორიის სტატუსი აღარ ექნება და აქ ნებისმიერი საქმიანობა ნებადართული გახდება. ეს კი გარემოსდამცველებისთვის კატეგორიულად მიურებელია, რადგან ამბობენ, რომ ამით განადგურდება უნიკალური ბუნება და ამასთან, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორსიო კონვენციებს, რაზეც მიერთებულია საქართველო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ლაზიკა კოლხეთის დაცული ტერიტორიის სანაცვლოდ.

"დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კოლხეთის ეროვნული პარკი იქმნება ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 44 313 ჰექტარს. აქედან ხმელეთის ფართობი შეადგენს 28571, ხოლო ზღვის აკვატორიის 14 742 ჰექტარს. კოლხეთის დაცული ტერიტორია იყოფა ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად: ანაკლია-ჭურიის უბანი - 13 713 ჰა, ნაბადას უბანი - 10 697 ჰა და იმნათის უბანი 19 903 ჰა. ანაკლია-ჭურიის უბანი მდებარეობს მდინარეების თიკორისა და ხობის შესართავებს შორის - უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრის ხაზი 27 კმ-ის მანძილზე გადის მდინარე ენგურის შესართავის მარცხენა ნაპირიდან დაჭაობებული და ჭარბტენიანი ტყეებისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების (ანაკლია, ორულუ, დღვაბა, ცაცხვი, საბუკიო, ლარჩვა) გამყოფი ზოლის გასწვრივ. აღმოსავლეთი საზღვრის ხაზი 10 კმ-ს მანძილზე გადის ტყით დაფარული ფართობის აღმოსავლეთი განაპირა კიდის გასწვრივ. სამხრეთი საზღვრის ხაზი - 18 კმ-ის მანძილზე მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ. დასავლეთიდან უბანი 12 კმ-ის მანძილზე შემოსაზღვრულია მდინარეების თიკორისა და ხობის შესართავებს შორის მდებარე 5 საზღვაო მილის სიგანე ზღვის აკვატორიით", - აღნიშნავს გამოცემა.

"ანაკლია-ჭურიის უბანი მოიცავს: ზუგდიდისა და ხობის რაიონების მიმდებარე ზღვის აკვატორიას - ფართობით 9 260 ჰა; ზუგდიდისა და ხობის რაიონების ნაწილს. აქედან დიუნებს, ტბებსა და პლაჟებს - ფართობით 49 ჰა.; ზუგდიდის კომპლექსური და ხობის სატყეო მეურნეობების გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს - ფართობით 4 404 ჰა - ეს არის ის ტერიტორია, საერთო ფართობით 13 713 ჰა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკური საქმიანობისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ამასთან, ამ კანონში ასევე არის მითითებული, რომ კანონმდებლობიდან ამოღებული უნდა იქნას ის მუხლი, სადაც განსაზღვრულია, თუ ვინ მართავს ამ ტერიტორიას. ამ მუხლის გაუქმება იმას ნიშნავს, რომ ტერიტორია სამართავად გადაეცემა სხვას, თუმცა ვის - ამაზე მთავრობა ჯერჯერობით არაფერს ამბობს", - განაგრძობს გამოცემა.

"ექსპერტთა აზრით, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მოხდება ლაზიკას ასაშენებლად, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ პრობლემაზე საუბარი მაშინვე დაიწყო, რაც სააკაშვილმა ლაზიკას აშენების იდეა გაახმოვანა. მაშინვე ცხადი იყო, რომ ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება კოლხეთის დაცულ ტერიტორიასაც შეიწირავდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებას კატეგორიულად ამბობდა, რომ ეს არ მოხდებოდა. ასეთი განცხადებები კეთდებოდა სამი დღის პარლამენტშიც იმ საკონსტიტუციო ცვლილების საზოგადოებრივი განხილვის კომისიის სხდომაზე, რომლის მიხედვით, ლაზიკამ განსაკუთრებული სტატუსი უნდა შეიძინოს... მთავრობა კი ირწმუნება, რომ ეს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის კეთდება - "პარკის ნაწილი, რომელსაც აქვს გარემოს დაცვითი ღირებულება და აქ არის ისეთი ლანდშაფტი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული დაცვა, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება ეროვნული პარკის სტატუსით, მაგრამ იქნება მეორე ნაწილი, რომლის გამოყენება შეიძლება უკვე ეკონომიკური საქმიანობისთვის", - ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, თუმცა განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ექსპერტსა და ორგანიზაციას - მათ შორის საერთაშორისოს და მათი მხრიდან "კანონპროექტის შეფასება არ მომხდარა", - დასძენს გამოცემა.

"თუმცა განმარტებით ბარათში ისიც არის ნათქვამი, რომ კანონპროექტი "არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს და ამის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაცებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები". მიუხედავად ამისა, გარემოსდამცველები ამ კანონპროექტს მიუღებლად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო ყურადრების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველოს საერტაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა", - წერს სტატიის ავტორი. 

"კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის შემცირება არის იმ გარკვეული ვალდებულებების დარღვევა, რაც საქართველოს აქვს აღებული. აქ პრობლემები ნამდვილად შეიქმნება. ცალსახად ვიტყვი, რომ ეროვნული პარკების შემცირება არ შეიძლება. ყოვლად დაუშვებელია, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკონომიკური პროექტები განხორციელდეს. როცა უცვლიან სტატუსს, რათა ეკონომიკური საქმიანობა გახდეს შესაძლებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეხები იმ ტერიტორიას, სადაც აქამდე არ იყო ნებადართული. ეს კი ძალიან სახიფათოა, რადგან კოლხეთის ეროვნული პარკი არის ეროვნული უნიკალური ტერიტორია და ეს მთელმა მსოფლიომ იცის - ეს არის ერთიანი ეკოსისტემა და ამის დაცვა არის აუცილებელი. ანაკლია-ჭურიის უბანი არის ერთ-ერთი უნიკალური უბანი და ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მოვა საერთაშორისო კონვენციებთან წინააღმდეგობაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.