საბერძნეთის ტრაგედია დასკვნით აქტს უახლოვდება. ახალი მთავრობა, რომელიც ყოვლად უსუსურ პოლიტიკას (ეკონომია და სტრუქტურული რეფორმები) ატარებს, ვერ შეძლებს ზრდისა და კონკურენტუნარიანობის აღდგენას. საბერძნეთი უსახსრობის, კონკურენტუნარიანობის არქონის, შიდა დეფიციტისა და ღრმა დეპრესიის ლაბირინთში ჩაიკარგა. ყოველივე ამის შეჩერების ერთადერთი და სწორი გზა მართვადი დეფოლტი და ევროს ზონიდან გასვლაა.
პროცესი კოორდინირებული და დაფინანსუბული უნდა იყოს ევროპის ცენტრალური ბანკის, ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ამგვარად შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზარალის მინიმუმამდე დაყვანა.
ამ სამეულის მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ მხოლოდ ოდნავ შეამსუბუქა საბერძნეთის მდგომარეობა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი დაფინანსების შემთხვევაშიც საბერძნეთი ვერ შეძლებს კონკურენტუნარიანობის აღდგენის გარეშე ზრდას დაუბრუნდეს. ეკონომიკური ზრდის გარეშე კი საბერძნეთის მდგომარეობა კვლავ ურთულესი იქნება.
რუბინის აზრით, ყველა ვარიანტი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის აღდგენა, ვალუტის რეალურ გაუფასურებას ითხოვს. პირველი ვარიანტი – ევროს მკვეთრი დასუსტება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ძლიერი გერმანია და ევროპის ცენტრალური ბანკი, რომლისთვისაც უჩვეულოა აგრესიული ნაბიჯების გადადგმა, ამას არ დაუშვებს. სტრუქტურული რეფორმების ხარჯზე შრომის დანახარჯების სწრაფი დაქვეითება, რასაც მოჰყვება შრომის ნაყოფიერების გაზრდა, აგრეთვე ნაკლებად სავარაუდოა. ამ გზით რომ კონკურენტუნარიანობა აემაღლებინა, გერმანიას ათი წელი დასჭირდა, საბერძნეთს კი უბრალოდ არ შეუძლია ასე დიდ ხანს დეპრესიაში იყოს. ხოლო ფასების და ხელფასის სწრაფ დეფლიაციას, მეთოდს, რომელსაც “ხელოვნურ დეფლიაციას” უწოდებენ, ხუთწლიანი დეპრესია მოჰყვება. ანუ, ესეც არ არის გამოსავალი.
რუბინის აზრით, რჩება ერთადერთი გზა – ევროს ზონის დატოვება, საკუთარი ვალუტის მიმოქცევაში დაბრუნება და მისი სწრაფად გაუფასურება. მხოლოდ ამგვარად შეიძლება კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის აღდგენა.
ცხადია, ეს გზაც მტკივნეული იქნება, თანაც არა მარტო საბერძნეთისათვის. მთავარი პრობლემა იქნება ევროს ზონის მთავარი ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალის დაკარგვა. მაგრამ, რუბინის აზრით, სხვა გზა საბერძნეთს უბრალოდ არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ეკონომიკური კრახი და სოციალური აფეთქება ელის.
დანაკარგები, რომლებიც ელის ევროპულ ბანკებს, ასე თუ ისე, მისაღები გახდება, თუ ისინი სწორ და აგრესიულ რეკაპიტალიზაციას განახორციელებენ. მაგრამ ბერძნული საბანკო სისტემის აფეთქების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, საჭირო გახდეს დროებითი ზომების გატარება. მაგალითად, კაპიტალის მიმოქცევაზე კონტროლის დაწესება. გარდა ამისა, საბერძნეთს აუცილებლად მოუწევს თავისი სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაცია და შემცირება.
რუბინი აღნიშნავს, რომ ზოგიერთები ამბობენ, რომ საბერძნეთის შიდა პროდუქტის მოცულობა ევროს ზონიდან გამოსვლის შემთხვევაში გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე მძიმე და ხანგრძლივი დეფლიაციისას. მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან დეფლიაციისას რეალური მსყიდველობითუნარიანობა დაეცემა, ვალის რეალური ღირებულება კი გაიზრდება. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გასვლის შემთხვევაში შესაძლებელია ზრდის მიღწევა ნომინალური და რეალური ვალუტის კურსით და ათწლიანი დეპრესიის თავიდან აცილებით. სავაჭრო დანაკარგებიც, რომელიც შეიძლება განიცადოს ევროს ზონამ დრახმის გაუფასურებით, მისაღები იქნება, რადგან საბერძნეთის შიდა პროდუქრის მოცულობა ევროს ზონის შიდა პროდუქტის მხოლოდ 2 პროცენტია.
რუბინის აზრით, ძალიან სახიფათოა დრახმის განმეორებითი გაუფასურების რისკი, რასაც შესაძლოა დიდი ინფლაცია მოჰყვეს. ამის თავიდან ასაცილებლად დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს საბერძნეთს აფინანსებენ, სახსრები გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევის შეზღუდვისაკენ უნდა მიმართონ.
რუბინი თვლის, რომ ასევე არასწორია მოსაზრება, თითქოს საბერძნეთის ევროს ზონიდან გასვლა გადამდები მაგალითი იქნება და მას სხვა ქვეყნები მიბაძავენ. ცხადია, ბევრ ქვეყანას აწუხებს მსგავსი პრობლემა და ზოგიერთს, მაგალითად პორტუგალიას, შეიძლება აწყობდეს კიდეც ევროს ზონიდან გასვლა და ვალების რესტრუქტურიზაცია, სამაგიეროდ, არალიკვიდურ, მაგრამ გადამხდელუნარიან ეკონომიკებს, როგორებიცაა ესპანეთი და იტალია, ევროპის დახმარება სჭირდებათ და ევროს ზონის დატოვებას არ მოისურვებენ.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ისლანდიისა და სხვა ბაზრების მაგალითი ცხადყოფს, რომ ნომინალურ დევალვაციას და რესტრუქტურიზაციას გარე ვალის შემცირებასთან ერთად შეუძლია აღადგინოს დავალიანების მისაღები დონე, კონკურენტუნარიანობა და ზრდა. დიახ, საბერძნეთის ევროს ზონიდან გასვლას მნიშვნელოვანი გვერდითი ზარალი მოჰყვება, მაგრამ მისი შეზღუდვაც შეიძლება, - აღნიშნავს დასასრულს რუბინი, - თანაც საბერძნეთის ეკონომიკის და საზოგადოების უმართავი აფეთქება ბევრად უარესი იქნება.