ის, რომ Facebook-ის IPO ძალიან წარმატებული იქნებოდა, მის განხორციელებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, როცა გამოცხადდა, რომ კომპანიის 1 აქცია 38 დოლარი ეღირებოდა. ეს ნიშნავდა, რომ Facebook-ის აქციებს ბევრი მსურველი გამოუჩნდა და კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არჩევანი მაღალ საფასო დიაპაზონზე შეეჩერებინა.
თუმცა, ძალიან ბევრი ეკონომისტი Facebook-ის ზედმეტად შეფასებაზეც საუბრობდა. კაცმა რომ თქვას, ამის გარკვეული საფუძველი არსებობდა, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, ამერიკული Citigroup ბაზრის მიერ 76 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, McDonald's 91 მილიარდ დოლარად, Google კი 201 მილიარდად.
გარდა ამისა, ინვესტორთა განწყობაზე არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა საერთო ეკონომიკურ სიტუაციას. უკანასკნელი 12 სავაჭრო სესიის განმავლობაში Dow Jones-ის ინდექსი 11-ჯერ დაეცა, ინვესტორები სახსრების აქციებში დაბანდებას ერიდებოდნენ, რისი მიზეზიც, უპირველეს ყოვლისა, ევროს ზონაში არსებული კრიზისი გახლდათ.
ამიტომაც ელოდნენ Facebook-ის აქციებით ვაჭრობის დაწყებას ეგზომ მოუთმენლად. ყველას აინტერესებდა, ვისი პროგნოზი აღმოჩნდებოდა სწორი, წარმატების წინასწარმეტყველთა თუ წარუმეტებლობის მომლოდინეთა. მაგრამ როცა ვაჭრობის დაწყება დაგვიანდა და ეს Nasdaq-ის ბირჟის ხელმძღვანელობამ კომპანიის აქციების შეძენის მსურველთა მეტისმეტი სიჭარბით ახსნა, აშკარა გახდა, რომ Facebook-ის IPO ძალზე წარმატებული იქნებოდა. ასეც მოხდა, ერთი აქციის ფასმა უმალ 12 პროცენტით, 43 დოლარამდე მოიმატა, დღის ბოლოს კი ვაჭრობა უკვე 50 პროცენტიანი ზრდით მიმდინარეობდა.
ამ, ისტორიად ქცეული IPO-სათვის Facebook რამდენიმე წელი ემზადებოდა, რომელთა განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაციამ გვარიანად მოიმატა. მოზიდულ იქნა სერიოზული ინვესტიციები, შეისწავლეს ბირჟაზე სხვა ინტერნეტ-კომპანიების “თავგადასავლები” და მოქმედება მხოლოდ შემდეგ დაიწყეს.
როცა გასული წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook ბირჟაზე გასვლას აპირებდა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა მას დიდ წარმატებას იქედან მოყოლებული უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ამგვარ ფურორს მაშინ არავინ ელოდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სოციალურმა ქსელმა საფონდო ბაზრის ისტორიაში სიდიდით მესამე IPO განახორციელა. რეკორდი კვლავ Visa-ს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს 17,86 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო, მეორეზე 16,45 მილიარდით იტალიური Enel გახლავთ. მესამე კი 16 მილიარდით უკვე Facebook გახლავთ. სოციალურმა ქსელმა უკან ჩამოიტოვა General Motors (15,77 მილიარდი დოლარი) და გერმანული ჰოლდინგი Deutsche Telekom (13 მილიარდი დოლარი).
როგორც ხედავთ, Facebook ინტერნეტ-სექტორის უდავო ლიდერი და რეკორდსმენია. შედარებისათვის უნდა ითქვას, რომ 2004 წელს თვით Google-მა სულ რაღაც 1,7 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო.
აქვე უნდა ითვას, რომ Facebook-ის თავკაცმა მარკ ცუკერბერგმა 30,2 მილიონი აქცია გაყიდა და 1,15 მილიარდი დოლარი ჩაიჯიბა. შედეგად, იგი განთქმული Forbes-ის რეიტინგში 29-ე ადგილზე აღზევდა და Google-ის დამაარსებელი სერგეი ბრინი უკან ჩამოიტოვა.
თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს IPO ერთდროულად წარმატებულიც აღმოჩნდა და წარუმატებელიც. როგორც აღვნიშნეთ, Facebook-ის აქციების ფასმა უმალ კლება დაიწყო და მეორე დღესვე 11 პროცენტით, 34 დოლარამდე გაიაფდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ზოგიერთმა ინვესტორმა, რომლებმაც ბლომად აქციები შეიძინა, გადაწყვიტა ნაწილის გაყიდვა. როგორც წესი, ასეთ დროს ინვესტორები შეძენილი აქციების 20 პროცენტს ყიდიან, ამ შემთხვევაში კი 25 პროცენტი გაასხვისეს. ამის შემდეგ, ანალიტიკოსებმა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ Facebook ბირჟაზე ორჯერ ნაკლებ აქციებს გაიტანდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთ ქაღალდს 45 დოლარად შეაფასებდა.
კომპანიის აქციების ფასის კლება შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. Facebook-ის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი დაიწერა, რომელთა მიხედვით კომპანიის ხელმძღვანელობას და IPO-ს განთავსებისას მის პარტნიორებს ბრალი ინვესტორთა დაბნევაში ედებათ. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სოციალურმა ქსელმა თავი ძალიან ძვირად შეიფასა, გარკვეული ინფორმაცია დამალეს და აქციებზე მარალი მოთხოვნილება უზრუნველყვეს.
ყველაფერი ამის მიუხედავად, Facebook-ის ბირჟაზე გასვლა მაინც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლების განმავლობაში 12 ინტერნეტ-კომპანია გავიდა ბირჟაზე. მათ მთლიანობაში 33 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლეს. Facebook-მა კი ამ თანხის თითქმის ნახევარი მარტომ მიიზიდა, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა. ანალიტიკოსთა აზრით, წარმატებული IPO შესანიშნავი ავანსია, რაც ნიშნავს, რომ Facebook-ს დიდებული მომავალი აქვს და მისგან მშვენიერ ფინანსურ შედეგებს ელიან.