საქართველოში ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი, დაახლოებით, 17%-ია, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ეს მონაცემი მკვეთრად გაიზარდოს. უმუშევართა რიგების გაზრდა კი არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.
იმ ფონზე, როდესაც წარმოება არ ვითარდება, ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, როდესაც ყველაფერი ძვირდება, იზრდება უმუშევართა რიგებიც. კერძოდ, უკვე საუბარია, რომ უახლოეს პერიოდში მერიაში კადრების 20%-ით შემცირება იგეგმება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემცირება იგეგმება „საქართველოს ბანკში“. ბანკიდან, ძირითადად, სესხებზე მომუშავე კადრები გაათავისუფლეს. თუმცა ამას ჯერჯერობით „საქართველოს ბანკში“ არ ადასტურებენ, მეტიც ბანკში ამბობენ, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველოს ბანკმა 894 ახალი თანამშრომელი დაასაქმა.
კადრების 15-20%-იან შემცირებას გეგმავს „საქართველოს ლატარიის კომპანიაც“, საიდანაც დასაქმებულების ნაწილი უკვე გამოუშვეს. თანამშრომლები შეამცირა უკვე მეტროპოლიტენმა, საიდანაც რამდენიმე ათეული მოლარე გაათავისუფლეს. ამის მიზეზი კი, როგორც გაირკვა, „მეტრომანი“-ს ამოქმედება გახდა. როგორც „მეტრომანი“-ს პროექტის რეალიზატორი კომპანიის - „მეტრო-სერვის+“-ის ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ფატი მდინარაძემ განაცხადა, 1-ლი ოქტომბრიდან „მეტრომანი“-ს სისტემაზე გადასვლამ მეტროს სადგურებში დასაქმებული მოლარეების ოპტიმიზაცია გამოიწვია.
მეტროს სადგურებში სულ 191 მოლარე მუშაობდა, მაგრამ „მეტრომანი“-ს სისტემაზე გადასვლის შედეგად კომპანიას თანამშრომელთა გარკვეული ოპტიმიზაციის განხორციელება მოუწია. კერძოდ, 62 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა, 4 კი სხვა პოზიციებზე გადანაწილდა. დღეისათვის მეტროს სადგურებში სულ 125 მოლარე მუშაობს“, - განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებიდან დაბალი რანგის ჩინოვნიკების დათხოვნა იგეგმება. ლეიბორისტი გიორგი გუგავას თქმით, მასობრივი დათხოვნები განსაკუთრებით ახალი წლის დღეებაში გააქტიურდება, რადგან ამ დროს ხალხს ქუჩაში გასასვლელად არ სცალია.
კადრების დათხოვნა მოხდა გენპროკურატურიდანაც, რასაც პროკურატურის პრესსამსახური სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსის ამუშავებას უკაშვირებს.
პრესსამსახურის განცხადებით, პროკურატურიდან ის 12 პროკურორი დაითხოვეს, რომლებმაც ტესტირება ვერ გაიარეს. პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ უახლოეს მომავალში სხვა ტიპის შემცირება არ იგეგმება.
„ქამრების შემოჭერის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც არა მიხეილ სააკაშვილზე და მის დამქაშებზე იმოქმედებს, რომელთა რჩენაც ბიუჯეტს მილიარდნახევარი უჯდება, არამედ უბრალო ჩინოვნიკებზე. სამსახურებიდან დათხოვნის ახალი ტალღა, ქამრების შემოჭერა კი არა ყულფის წაჭერა იქნება ხალხისთვის. ხელისუფლება ამ პროცესს დაბალი რანგის ჩინოვნიკების დათხოვნით დაიწყებს. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, კადრების განთავისუფლება იგიგმება თვითმმართველობის ორგანოებიდან.
თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობენ შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკები და სწორედ მათ დატოვებენ უმუშევარს“, - ამბობს გუგავა.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მასობრივი დათხოვნა მოსალოდნელი ამბავია. რაც შეეხება უმუშვერობის კუთხით ისედაც მძიმე სიტუაციას, თუკი არსებულ უმუშევართა რაოდენობას კიდევ რამდენიმე ასეული უმუშევარი დაემატება, ცისკარიშვილის განცახადებით, ბუნებრივია ეს ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს, მაგრამ საშველი მანამდე არ იქნება, ვიდრე ადამიანები ამაზე პროტესტს არ გამოთქვამენ.
„ვიდრე ქართული მოსახლეობა დუმილის უფლებას იყენებს იმასთან დაკავშირებით რაც ხდება, მანამდე სიტუაცია არ შეიცვლება. სახლემწიფოს დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დასაქმების პროგრამებით კმაყოფილია. ეს გაუგონარი ამბავია, ხოლო როდესაც ამაზე მოსახლეობას პროტესტი არ აქვს და დუმილით პასუხობს ამ ყველაფერს, ეს ხელისუფლებას სრული სიმშვიდის საფუძველს აძლევს და ისინი ამის ფონზე კიდევ უფრო თამამად გაათავისუფლებენ კადრებს“, - ამბობს ცისკარიშვილი.