2009 წლის 26 აპრილს თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა... ამ დღეს კვირაცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა მართლმადიდებლური სამყარო, მაგრამ ეს დღე საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა «რუსთავი 2»-ისთვის. შენობა, რომელშიც «ვარსკვლავების აკადემიის» პროექტი მიმდინარეობდა, მიწასთან გასწორდა და ორი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ნანგრევებში ჩაიყოლა... მაშინ შემთხვევის ადგილზე ბოდრუმიდან დაბრუნებული სააკაშვილიც მივიდა და შესაბამის უწყებებს 10-დღიანი ვადა მისცა იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. მართალია, პრეზიდენტმა კატეგორიულად მოითხოვა მომხდარი ტრაგედიის გამოძიება და ექსპერტებს დასკვნის დასადებად კონკრეტული ვადაც მისცა, მაგრამ სააკაშვილისთვის ესეც მხოლოდ პიარი აღმოჩნდა, რადგან მას შემდეგ 3 წელიწადი გავიდა და ეს საქმე არც არავის გახსენებია და არც ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯიათ...
ერთ-ერთი გარდაცვლილის _ ნიკა გელაშვილის დედა და მეუღლე სამი წლის შემდეგაც იბრძვიან სიმართლის დასადგენად, მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში «ჩვეულებრივი მოკვდავები» მიშას თანაგუნდელების სამართლებრივ დასჯას რომ ვერასდროს შეძლებენ, ამის მაგალითად თუნდაც გირგვლიანის ოჯახის ტრაგედია კმარა...
«საქართველო და მსოფლიომ» ჯერ კიდევ სამი წლის წინ ივარაუდა, რომ მომხდარი ტრაგედიის გამოძიება ჩაიფარცხებოდა და ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას მკვლელები დაუსჯელები დარჩებოდნენ, რადგან მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილთა გვარები გიგა ბოკერიას, დავით კეზერაშვილსა და ხალხზე გამარჯვებულ ტელევიზიას _ «რუსთავი 2»-ს უკავშირდებოდა... ვიდრე, ზემოთქმულ ინფორმაციას დეტალურად მოგითხრობთ, შეგახსენებთ, რომ «რუსთავი 2»-მა სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული შენობა, 26 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, პრეზიდენტის 461-ე დადგენილებით, პირდაპირი მიყიდვის წესით მილიონ ლარად შეიძინა, მაშინ, როდესაც მისი საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს ითვლის...
თუმცა ეს ყველაზე უწყინარი დანაშაულია მომხდარ უბედურებაში... აღნიშნულ შენობაში «რუსთავი 2»-მა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც კომპანია «არტ-X»-ი ახორციელებდა, რომლის დამფუძნებელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის («მოგებული ომის» თავდაცვის მინისტრი) მეუღლე სოფიო ჩიქოვანია. კომპანია 2006 წელს დაარსდა და მისი ჩამოყალიბების მიზანი, როგორც სარეკლამო სლოგანიდან ირკვევა, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის არქიტექტურულ-დიზაინერული და სარემონტო სამუშაოების კომპლექსური მომსახურება ყოფილა (კომპანიის «მაღალხარისხიანი» მომსახურების შედეგი ორმა ოჯახმა საკუთარ თავზე იწვნია... _ ავტ.). მაგრამ ეს ტრაგედია ერთადერთი არ არის, რაც კეზერაშვილის სახელს უკავშირდება, 2006 წლის 6 ივნისს სოფელ იანეთთან ავტოკატასტროფა მოხდა. ერთ-ერთ ავტომობილში მაშინდელი ფინანსური პოლიციის შეფი დავით კეზერაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთ-ერთი მათგანი სამი წლის გოგონა იყო, არც ამისთვის მოუთხოვია კეზერაშვილისთვის პასუხი ვინმეს...
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია «არტ X»-ს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ პროექტი ქალაქის მერიაში არ წარუდგენია, მაშინ, როდესაც სარკმელსაც ვერ შეცვლი ადამიანი სახლში, თუ ეს მერიასთან არ შეათანხმე, მაგრამ კეზერაშვილის მეუღლეს და გიგა ბოკერიას ცოლის დას ვინ შეჰკადრებდა და მოსთხოვდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს? მაშინ ისიც ითქვა, რომ ნგრევა, შენობის სიძველემ გამოიწვია, რაც კატეგორიულად გამორიცხეს ექსპერტებმა.
«საქართველო და მსოფლიომ» სამი წლის წინ «თბილზნიეპის» დირექტორ რამაზ ქაცარავას ექსკლუზიური ინტერვიუც გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს: «ეს 40 წლის შენობაა, მაგრამ ეს დრო არც ისე ბევრია, რომ შენობა დაძველებულიყო, მითუმეტეს, არ იყო ბზარები და ჯდენები. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ რემონტის დროს მზიდ კონსტრუქციებს შეეხნენ, თორემ ტიხრების გადაადგილება ნგრევას არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევდა. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენთვის კონსულტაციისთვისაც არავის მოუმართავს. მშენებლები ჩვენთან არ მოსულან, თუმცა უნდა მოსულიყვნენ და ეკითხათ. არც პროექტი მოუთხოვიათ ჩვენგან და ვერც ვერაფერს გეტყვით, რას აკეთებდნენ იქ. უდავოა, რომ მზიდ კონსტრუქციებს შეეხნენ, სხვაგვარად ასეთი რამ გამორიცხულია. ნანგრევებში ნათლად ჩანს, რომ ხელყოფილია ზოგიერთი მზიდი კონსტრუქცია.» არადა, «არტ-X»-ის სამუშაოების მწარმოებელმა დავით გვასალიამ ჯერ კიდევ სამი წლის წინ განგვიცხადა, რომ «რუსთავი 2»-ის კუთვნილ შენობაში კომპანია მხოლოდ სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა...
«საქართველო და მსოფლიომ» მომხდარი ტრაგედიის შესახებ რამდენიმე შეკითხვა გარდაცლილი გიგა გელაშვილის დედას _ ნუცა თოფჩიშვილს დაუსვა:
_ თქვენი ოჯახი დღემდე ითხოვს საქმის გამოძიებას, რატომ?
_ 2009 წლის 26 აპრილს მომხდარი ფაქტის შემდეგ ვითხოვთ ხელახალი გამოძიების დაწყებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მომხდარი ტრაგედია დღემდე არ არის სათანადოდ გამოძიებული. წინასწარი გამოძიების დროს უგულებელყოფილი იქნა მთავარი, კერძოდ ის, რომ სამუშაოთა დამკვეთს _ «რუსთავი 2»–სა და შემსრულებელს _ «არტ X»-ს არ გააჩნდა შესასრულებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტი და მისი წარმოების ნებართვა მერიის შესაბამისი სტრუქტურებისგან. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მიუკერძოებელ გამოძიებას და სასამართლოს წინაშე დამკვეთის, შემსრულებლისა და მაკონტროლებელი ორგანოს (ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურის) პასუხისმგებლობის დაყენებას.
_ როგორც ცნობილია, «არტ X» კეზერაშვილისა და ბოკერიას ოჯახური კომპანიაა... თუ გაქვთ ინფორმაცია, დღემდე ამ ადამიანებს ეკუთვნით აღნიშნული კომპანია?
_ 2010 წლის 7 აპრილს შედგა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, ჩვენ მიერ შეტანილ ადმინისტრაციულ სარჩელზე (სარჩელი მოამზადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ლალი პეტრიაშვილმა). როგორც ვიცით, ამ დროისათვის «არტ X»-ის დირექტორი რუსუდან ჩერგოლეიშვილი ბრძანდებოდა, თუმცა ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან, როდესაც დანაშაული მოხდა, ანუ 2009 წლის 26 აპრილს, როდესაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლეს, კეზერაშვილის ცოლი – სოფიო ჩიქოვანი იყო ამ ფირმის კომერციული დირექტორი, ხოლო ბოკერიას ცოლის და _ რუსუდან ჩერგოლეიშვილი _ «არტ X»-ის დირექტორი. კანონის თანახმად, იურიდიული პირის _ «არტ X»-ის წარმომადგენლობითი უფლება, ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება მის დირექტორს, ამ შემთხვევაში _ ბოკერიას ცოლისდას რუსუდან ჩერგოლეიშვილს.
_ ხომ არ ყოფილა ოჯახზე ზეწოლის მცდელობა?
_ არა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კახა ნინუა – რუსუდან ჩერგოლეიშვილის ქმარი დაძრწოდა ჩვენს ნათესავებში და მეგობრებში და შუამავლების გამოძებნას ცდილობდა შერიგების მიზნით. ვითომ ვიჩხუბეთ ოდესმე და ახლა შერიგებაზე მიდგა საქმე(?!).
_ რას აპირებთ მომავალში?
_ რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ! არ გავჩერდებით, მოთმინებით დაველოდებით იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კანონი იკანონებს და დამნაშავეები და მკვლელები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე სიმართლე გაიმარჯვებს! ჩემს შვილს არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი...
როგორც ცნობილია, ნიკა გელაშვილის ოჯახმა სიმართლის დასადგენად სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, მანამდე კი, 2009 წლის 18 დეკემბერს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატებმა (გარდაცვლილ ნიკა გელაშვილის დედის ადვოკატებმა) განცხადებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორ მურთაზ ზოდელავას და გამოძიების ხელახლა დაწყება ითხოვეს. განცხადების თანახმად, საქმეში არსებული უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, მხოლოდ დავით გვასალია აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე (შეგახსენებთ, რომ გვასალიას ორწლიანი პირობითი სასაჯელი შეეფარდა და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა...). მის გარდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. კერძოდ, შპს «არტX»-ის, «ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენის» მიერ ალბათობის მაღალი ხარისხით ჩადენილია სისხლის სამართლის 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და ისინი, როგორც იურიდიული პირები, მიცემულ უნდა იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ასევე სამაუწყებლო კომპანია «რუსთავი 2»-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა _ ირაკლი ჩიქოვანმა «ვარსკვლავების აკადემიის» მონაწილეები და ტექპერსონალი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა. აქედან გამომდინარე, დაზარალებულის ადვოკატები ითხოვენ ხელახალი გამოძიების ჩატარებას, თუმცა გამოსაძიებელი, ალბათ, ბევრი არაფერია, რადგან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, «ქ. თბილისში სანდრო ეულის ქ. #5ა-ში მდებარე შენობის ნგრევა გამოწვეულია მშენებლობის დროს დაშვებული კონსტრუქციული ხასიათის ხარვეზებისა და შემდგომ მასზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების არაკვალიფიციურად წარმოების ერთობლიობით. სამუშაოთა ხელმძღვანელის მიერ დარღვეულია სამშენებლო ნორმებისა და წესების 2-4-80წ-ის («უსაფრთხოების წესები მშენელობაში») პუნქტი 2.49-ის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც დაშლის სამუშაოების დაწყების წინ უნდა შემუშავდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას».
აქვე შემოგთავაზებთ მცირედ ფრაგმენტებს დაკითხვების ოქმებიდან, რაც კიდევ უფრო თვალნათლივ დაგანახებთ, როგორ იკერებოდა «ვარსკვლავების აკადემიის» საქმე...
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2009 წლის 30 მაისს მოწმის სტატუსით დაიკითხა შპს «არტ X»-ის არქიტექტორ-დიზაინერი ხათუნა თენგიზის ასული ბერიძე. მოწმის ჩვენების თანახმად, 2008 წელს «არტ X»-ის დირექტორმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა უთხრა, რომ უნდა შეხვედროდა «რუსთავი 2»-ის ხელმძღვანელებს, რადგან, მათ შორის არსებული შეთანხმების თანახმად, მის კომპანიას უნდა ეწარმოებია სარემონტო სამუშაოები «რუსთავი 2»-ის კუთვნილ შენობაში. ჩვენების მიხედვით, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას მოხსნეს ტიხრები, რომლებიც პროექტით იყო გათვალისწინებული.2009 წლიდან «რუსთავი 2»-ის ხელმძღვანელობამ სთხოვა «არტ X»-ს, დაეჩქარებია პირველი ფლიგელის გარემონტება პირველ და მეორე სართულებზე, ამიტომ ძირითადი სამუშაოები სწორედ იქ ტარდებოდა.
ჩვენებაში ასევე აღნიშნულია, რომ არ ჰქონდათ კონსტრუქციული ნახაზი, რადგან სამუშაოები არ ეხებოდა მზიდ კარკასს. შენობა დაათვალიერა კონსტრუქტორმა გიორგი დელიბაშვილმა და გასცა ზეპირი მითითებები. მოწმე აღნიშნავს, რომ მან შეადგინა მხოლოდ შენობის არქიტექტურული პროექტი და ამაში იგულისხმება ოთახებისა და სხვა სათავსოების განლაგება. ჩვენებაში ასევე აღნიშნულია, რომ დავით გვასალია, სამუშაოთა მწარმოებელი, აგებდა პასუხს სამუშაოების ხარისხსა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ასევე შენობის სიხისტის დიაფრაგმის დემონტაჟის შემთხვევაში სამუშაოთა მწარმოებელ გვასალიას უნდა ჩაეტარებია სათანადო საკომპენსაციო სამუშაოები, რის შესახებაც იგი გაფრთხილებული იყო და აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო კონსულტაცია მიიღო კონსტრუქტორისაგან. ჩვენების თანახმად, შპს «არტ X»-ს სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე «რუსთავი 2»-ის შენობაში სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის დამტკიცებული პროექტი და შესაბამისი ნებართვა არ ჰქონია, ვინაიდან სამუშაოები არ იყო დაკავშირებული შენობის კონსტრუქციის შეცვლასთან, მიშენებასა და დაშენებასთან.
ცხადია, მოწმის სტატუსით დაიკითხა, აგრეთვე, შპს «არტ X»-ის სამუშაოთა მწარმოებელი დავით ოთარის ძე გვასალია. მისი ჩვენების თანახმად, 2007 წლიდან ის მუშაობს «არტ X»-ში სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის სარემონტო სამუშაოების ტექნიკური უზრუნველყოფა, კერძოდ, ის ასრულებს არქიტექტორის მიერ შესრულებულ ნახაზში მითითებულ სარემონტო სამუშაოებს, უშუალოდ ხელმძღვანელობს მუშა პროცესს. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს შპს «არტ X»-ის დირექციამ დაავალა, ეწარმოებია სამუშაოები «რუსთავი 2»-ის კუთვნილ შენობაში. შენობა შედგებოდა რამდენიმე ავტონომიური ნაგებობისგან და მათ დაიწყეს ყველა ნაგებობაში არსებული ტიხრების დემონტაჟი და სამშენებლო ნაგვის გატანა, შემდეგ უკვე ყველა სართულზე მოჭიმვების მოწყობა. სამუშაოების შესრულებისას ის ხელმძღვანელობდა ნახაზებით, რომლებიც გადასცა არქიტექტორმა.
აპრილის დასაწყისში თითქმის ყველა სანგრევი სამუშაო, სამშენებლო ნაგვის გატანა დასრულებული იყო. დირექციის დავალებით, მათ სამუშაოების ჩატარება განაგრძეს პირველი ფლიგელის პირველ და მეორე სართულებზე. სარემონტო სამუშაოების დროს დემონტაჟი გაუკეთეს აღნიშნული შენობის პირველ სართულზე ყველა ტიხარს და მეექვსე რიგში არსებულ დიაფრაგმას, რის სანაცვლოდაც ჩაატარეს დამატებითი გასამაგრებელი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები შენობის პირველ ფლიგელში შენობის მეოთხე და მეხუთე სართულებს არ შეხებია, არ ამოუღიათ არც ტიხრები და არ ჩაუტარებიათ სარემონტო სამუშაოები.
მოწმე ასევე აღნიშნავს, რომ ის ასრულებს ყველა იმ სარემონტო სამუშაოს, რომელსაც უთითებს ან შეუკვეთავს დირექცია და რაც გათვალისწინებულია პროექტით. ის არ ამოწმებს, რა დოკუმენტაცია არსებობს აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად. ამიტომ მისთვის უცნობია, არსებობდა თუ არა კონსტრუქციული ნახაზი. მოწმის ჩვენების მიხედვით, მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება გამოეწვია აღნიშნული შენობის ნგრევა. მათ მოხსნეს დიაფრაგმა, მაგრამ, მისი აზრით, ამას არ უნდა გამოეწვია შენობის ნგრევა, რადგან შენობის მდგრადობას უზრუნველყოფდა არა მხოლოდ აღნიშნული დიაფრაგმა, არამედ ორი კიბის უჯრედის დიაფრაგმა და კარკასი. ჩატარდა ასევე დამატებითი სარემონტო სამუშაოები და დარწმუნებულია, რომ ამას შენობის ნგრევა არ უნდა გამოეწვია...
მოწმის სტატუსით დაიკითხა სამაუწყებლო კომპანია «რუსთავი 2»-ის გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე. ჩვენების თანახმად, 2009 წლის 6 აპრილიდან ის მუშაობს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მისი მუშაობის დაწყებისას უკვე ფუნქციონირებდა პროექტი «ვარსკვლავების აკადემია», რომელიც მიმდინარეობდა «რუსთავი 2»-ის კუთვნილ შენობაში, ასევე ამ შენობაში უკვე დაწყებული იყო სარემონტო სამუშაოები. მოწმე ამბობს, რომ «რუსთავი 2»-ს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია არც სამშენებლო კომპანია «არტ X»-თან, არც «ჯორჯიან ბილდინგთან». ჩვენების თანახმად, ის რამდენიმეჯერ შეხვდა პროექტის ხელმძღვანელებს, რომელთაც მასთან არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, მისთვის უცნობია, როგორ მიმდინარეობდა და ზუსტად რა სამუშაოებს ასრულებდნენ მუშები, რადგან მათ ყველაფერი მითითებული ჰქონდათ ხელშეკრულებაში. მოწმისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აღნიშნული შენობის ნგრევა...
«ტელევიზიის ახალ შენობას მე ვაკეთებ და ბედნიერი ვარ. ერთი პერიოდი ამერიკულ ფირმაში ამერიკელებთან ერთად მომიხდა მუშაობა. ალჯაზირას სტუდია მაქვს გაკეთებული. რუმინეთის ორ წამყვან არხზე მიმუშავია, «ნიუსრუმი» გამიკეთებია, მაგრამ ისეთი ტელევიზია, როგორსაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, არსად მინახავს. ჩვენი ნიუსის სტუდია იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ახალი «კურიერის» გასაშვებად უნდა იყოს მზად. ის, რაც გაკეთდა, ამიერკავკასიაში ნომერ პირველი ტელევიზიაა. ათი წლით გავუსწარით ამიერკავკასიის ტელევიზიებს. «თაჩსქრინი» _ ხელის შეხებით სამართი ეკრანი, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. «საბავშვო ამბებში» ვიღაცამ დიდი აიფონი მოიტანა. იდეა წამოვიდა და ტექნიკურმა პერსონალმა თვითონ გააკეთა ის «თაჩსქრინი», რომლითაც ახლა თავი მოგვწონს. ასეთი მიდგომაა საქმის მიმართ და მიხარია. ამ ტელევიზიის რემონტი რომ დამთავრდება, ვიტყვი: ცხოვრებაში რაღაც გამიკეთებია-მეთქი.
მე პრეტენზია მაქვს, «რუსთავი 2» ფინანსურად ძალიან წარმატებული პროექტი იყოს. კაცმა რა უნდა ქნას? _ ხე დარგოს, ცოლი მოიყვანოს, სახლი ააშენოს. ამ სიას დავამატე ტელევიაზიაც. ანუ ვალი მოხდილი მაქვს».
ეს სიტყვები «რუსთავი 2»-ის ყოფილ დირექტორს _ გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის. საინტერესოა, რას ეძახის იგი ვალის მოხდას? ორი ადამიანის სიცოცხლე რომ აწევს კისერზე «რუსთავი 2»-ს, ესაა ქვეყნის და ერის წინაშე ვალის მოხდა?! ეს არის ამონარიდი გეგეშიძის ინტერვიუდან, რომელიც მან «პრაიმ ტაიმს» 2010 წლის დეკემბერში მისცა და არც გახსენებია იმ ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების ტრაგედია, რომლებიც «რუსთავი 2»-მა ნანგრევებში ჩაიყოლა... როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში «ვალის მოხდად» სისხლში ხელის გასვრა ითვლება... აქვე შეგახსენებთ, რომ «რუსთავი 2»-ისა და «მზის» 10-10%-იანი წილების მესაკუთრე გიორგი გეგეშიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის _ ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს-პარტნიორია. ისინი ერთობლივად ფლობენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: «მაგი სტილი», «მაგი სტილი მედია», «ბედეგი» და სხვ.
რაც შეეხება, «ჯორჯიან ბილდინგს», მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, რა შუაშია ამ ყველაფერთან «ჯორჯიან ბილდინგი», აღნიშნული კომპანიის დირექტორის _ გიორგი კურცხალიას ჩვენების მცირედ მონაკვეთსაც გაგაცნობთ, რომლის თანახმადაც «არტ X»-სა და «ჯორჯიან ბილდინგს» გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ უნდა ეწარმოებიათ სარემონტო სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა მათი კომპანია შენობის ნაწილში სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ყველა საჭირო მოვალეობა და პასუხიმგებლობა გადადიოდა კომპანია «არტ X»-ზე. აქედან გამომდინარე, შენობის ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმის განცხადებით, მის კომპანიას არანაირი კავშირი არ გააჩნია, მათ ასევე არანაირი პრეტენზია არ აქვთ არავის მიმართ.
მოწმეების სტატუსით დაიკითხნენ, აგრეთვე, «ვარსკვლავების აკადემიის» მონაწილეები, თანამშრომლები, ასევე მუშები და ყველანი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არავისთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.
დაიკითხა, აგრეთვე, მემონტაჟე ნიკოლოზ ჩადუნელი. მისი ჩვენების თანახმად, 26 აპრილს ის ჩვეულებისამებრ ღამის პირველ საათზე მივიდა სამსახურში და სამი მემონტაჟე, თვითონ ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას სამონტაჟო ოთახში, რომელიც მდებარეოდა ადმინისტრაციული შენობის მეოთხე სართულზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტები: გვანცა მამაცაშვილი და თათუკა ნატროშვილი და დაცვის თანამშრომლები. დაახლოებით 4 საათსა და 20 წუთზე იგრძნო რყევა, რაც მიწისძვრა ეგონა, მაგრამ რამდენიმე წამში დაიწყო ნგრევა. ამ დროს მან მოახერხა ფანჯრის რაფაზე დაკიდება, რადგან იატაკი უკვე ჩანგრეული იყო და ოთახში მყოფი ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია ნანგრევებში მოყვნენ. მოწმის თქმით, მას ჰქონდა ჯიბეში მობილური და მოახერხა პოლიციის განყოფილებაში დარეკვა. რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახური, მათი დახმარებით ჩამოვიდა ძირს და გადარჩა დაზიანებისგან. მოწმე აცხადებს, რომ მას არავის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია.
სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში პრეტენზიას მაშინაც არ (უფრო სწორად, ვერ) გამოხატავენ ადამიანები, როდესაც საქმე საკუთარ სიცოცხლეს ეხება. პრეტენზია და სათანადო პროტესტი საზოგადოებამ არც მაშინ გამოხატა, როდესაც ხელისუფლების წამომადგენლებმა სანდრო გირგვლიანი ოქროყანაში აწამეს, არც მაშინ, როდესაც ვაზაგაშვილი კორტებთან ჩაცხრილეს, არც მაშინ, როდესაც ხელებაწეული ბუტა რობაქიძე დახვრიტეს, არც მაშინ, როდესაც რელიგია შეურაცხყვეს და ეკლესიის კარი «ურალით» შეანგრიეს, არც მაშინ, როდესაც შუაგულ თბილისში გეიაღლუმი მოაწყვეს... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროტესტი არც მაშინ გამოხატა საზოგადოებამ, როდესაც სააკაშვილმა თავის თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილთან ერთად საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი საბოლოოდ გაასხვისა და მუცლით იხოხა... მაშინაც საზოგადოება რუსთაველზე შეიკრიბა და წაგებული ომის მთავარსარდალს ტაში დაუკრა, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი მოეთხოვა...
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც თურმე «ვარსკვლავების აკადემიის» მონაწილეებსა და თანამშრომლებს პრეტენზია არავის მიმართ არ გააჩნიათ, ნაცვლად იმისა, რომ გვერდით დაუდგნენ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს და მათთან ერთად იბრძოლონ სიმართლის დასადგენად... ქალბატონმა ნუცამ საუბრის დროს ერთი საგულისხმო ფრაზა თქვა: საცოდავი ირინა ენუქიძე რომ გაჰკიოდა, გვერდით დამიდექით, დედებო, თორემ თქვენს შვილებსაც დახოცავენო, მაშინ ჩემი შვილი ცოცხალი იყო... მაშინ რომ გამოფხიზლებულიყო ერი, ბევრ უბედურებას გადავრჩებოდითო...
ბრძოლას და გამოფხიზლებას ყოველთვის აქვს აზრი!