26 მაისის სასტიკი დარბევიდან ერთი წელი სრულდება

26 მაისის სასტიკი დარბევიდან ერთი წელი სრულდება

2011 წლის 26 მაისის ღამეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა, განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს და დაშალეს მშვიდობიანი მიტინგი რუსთაველის გამზირზე. პოლიციელების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, სულ მცირე სამი მომიტინგე დაიღუპა და ათეულობით მათგანი მძიმედ დაშავდა. 

ორი ადამიანი მეტრო „თავისუფლების მოედანის“ მიმდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე იპოვეს გარდაცვლილი. ხელისუფლებამ ცინიკურად განაცხადა, თითქოს მათი გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან შეხება გახდა... კინოთეატრ „რუსთაველის“  ფოიეში შეყვანილი მომიტინგეების ნაწილს, რამდენიმე საათის განმავლობაში მხეცურად უსწორდებოდნენ და აწამებდნენ. განსაკუთრებით მძიმე და დამამცირებელი ტანჯვა-წამება გადაიტანეს სოსო ჯაჭვლიანმა, ლუკა კურტანიძემ და სხვებმა. ფაქტიურად, იგივე ხდებოდა უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტების თვალწინ. სხვათა შორის, არაერთი ჟურნალისტი თავადაც დაზარალდა პოლიციელთა ხელკეტებისგან. 

მაინც, რა იყო დამრბევი რაზმების ამგვარი გავეშების მიზეზები? აშკარაა, რომ პოლიციას მიღებული ჰქონდა  ბრძანება „ზემოდან“, რომ „სამაგალითო“ სისასტიკით ჩაეტარებინა მიტინგის დაშლის ოპერაცია. მათ ეს იმდენად „წარმატებულად“ შეასრულეს, რომ აშშ-ს ელჩი ჯონ ბასიც კი იძულებული გახდა, აღშფოთების მაგვარი რამ გამოეხატა. არადა, ეს ის ბასია, რომელმაც წინა დღეს, 25 მაისს, ფაქტიურად, მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებას, როცა განაცხადა, რომ თურმე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ კონფრონტაციას იწვევენ და ლახავენ სხვა მოქალაქეების უფლებებს. აშშ-ს ელჩი გულისხმობდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარებაში „ხელის შეშლას“.   

როგორც ჩანს, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების გამხეცების მიზეზი მართლაც ეს ყბადაღებული აღლუმი გახდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან 2008 წლის აგვისტოში გამოჩენილი სიმხდალის გამო, სააკაშვილს, ეტყობა, არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდა. მისთვის სამხედრო აღლუმის ჩატარება და მთავარსარდლის პოზაში, ტრიბუნაზე დგომა, ამ კომპლექსისგან განთავისუფლების „წამალი“ უნდა გამხდარიყო. ამიტომ, როგორც ბავშვი ვარდება ისტერიკაში, თუ მას სათამაშოს წაართმევენ, ასეთივე ისტერიკა დაემართა პრეზიდენტად წოდებულს, როცა მისთვის ნანატრ შოუს ჩაშლის საფრთხე დაემუქრა. 

მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიტინგის დარბევა და თანაც, საჩვენებელი სისასტიკით. როგორც ცნობილია, სააკაშვილი და მისი მომხრეები თავიანთ თავს რუსეთის წინააღმდეგ „მებრძოლ რაინდებად“ წარმოაჩენენ, და ვითომდა ბიბლიური მეფე დავითის სიმამაცით ებრძვიან „რუსულ გოლიათს“. სახალხო კრების მიერ ჩატარებული აქცია მათ „რუსეთის აგენტების“ მიერ მართულად, ხოლო ნინო ბურჯანაძე პუტინის დავალებების შემსრულებლად გამოაცხადეს, იმ საბაბით, რომ ბურჯანაძემ რამდენიმე ვიზიტი განახორციელა რუსეთში, მათ შორის 9 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში (სადაც სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ მიიწვიეს). „რუსეთის აგენტები“ კი, ხელისუფლების ლოგიკით, დანდობას არ იმსახურებენ. ამავე დროს, ძალზე ბევრი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ფარულად თანამშრომლობენ რუსეთის გარკვეულ ძალებთან (თუ კრემლთან არა) როგორც ეკონომიკის და სტრატეგიული ობიექტების გასხვისების საკითხში, ასევე სააკაშვილის რეჟიმის გადარჩენის კუთხით.

კიდევ ერთი მიზეზი მიტინგის სასტიკი დარბევისა იყო ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, შიშის სინდრომი დათესოს მოსახლეობაში. ჩვენი ქვეყანა ისედაც ლამის საპოლიციო სახელმწიფოდ არის გადაქცეული: 30 ათასამდე პატიმარი ციხეებში იმყოფება, ხოლო ასობით ათასი მოქალაქე საპროცესო გარიგებებით არის გამოშვებული და ე.წ. პრობაციონერის სტატუსს ატარებს. ყველა ეს ადამიანი წნეხის ქვეშ არის მოქცეული და იძულებულია, ხელისუფლების მორჩილ მასად იქცეს, მათ შორის არჩევნების დროს. სწორედ შიშის ატმოსფეროს შექმნას და გაძლიერებას ისახავდა მიზნად მშვიდობიანი მიტინგის უმოწყალოდ დარბევა და მისი მონაწილეების დაპატიმრება. 

სახალხო კრების ხალხმრავალი აქციები 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო და პიკს მიაღწია 2011 წლის მაისში. იმ დროისთვის ქვეყანაში გაუსაძლისი პოლიტიკური ვითარება იყო შექმნილი. როგორც ილიას ერთ ცნობილ პოემაშია ნათქვამი: „არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!“.. 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები ფარსად იქცა. „კონსტრუქციული“ ოპოზიციის უსუსურობამ ხელისუფლებას საშუალება მისცა უპრობლემოდ გაეყალბებინა არჩევნები, ხოლო ბევრი ადამიანი დაშინებით ან მოსყიდვით მიეყვანა საარჩევნო უბნებზე. ამ ოპოზიციის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ხალხს თავდაჯერებული ჰპირდებოდა ლელოს დადებას მერის კაბინეტში, პირველმა მიულოცა ნაციონალებს „გამარჯვება“. მთელი საზოგადოება ნელ-ნელა ნიჰილიზმში და პოლიტიკურ აპათიაში იძირებოდა. 

ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, სახალხო კრების ლიდერებმა ერთ-ერთ გამოსავლად საპროტესტო გამოსვლები მიიჩნიეს, რომლებსაც უნდა გამოეფხიზლებინა ხალხი. თუმცა, ოპოზიციად წოდებული ძალების დიდი ნაწილის განდგომის და ინდიფერენტულობის გამო, ამ მიზნის შესრულება ბოლომდე ვერ მოხერხდა, მაგრამ 21-დან 26 მაისის ჩათვლით მიმდინარე აქციებში ათასობით და ათეულათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით ბევრი ხალხი შეიკრიბა 21 მაისს თავისუფლების მოედანზე. სახალხო კრების ერთ-ერთი მთავარი „მესიჯი“ საზოგადოების მიმართ იყო ის, რომ „"ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნებისთვის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“. 2010 წლის ადგილობრივმა არჩევნებმაც დაადასტურა ამ მოსაზრების სისწორე. 

ზოგჯერ ისმის ხოლმე კრიტიკული შენიშვნები სახალხო კრების გადაწყვეტილების მიმართ, რომ 26 მაისამდე დარჩენილიყვნენ რუსთაველის გამზირზე და ამგვარად, არ მიეცათ ხელისუფლებისთვის საშუალება, ამ ადგილას ჩაეტარებინათ სამხედრო აღლუმი. შეიძლება ვინმეს ეს „არაპატრიოტულად“ მოეჩვენოს, მაგრამ სიმართლე ხშირად მწარეა და მძიმედ აღიქმება საზოგადოების მიერ. 

ხელისუფლებას არ ჰქონდა მორალური უფლება, 2008 წლის „ომში“ სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ, პომპეზური აღლუმი გაემართა ქალაქის მთავარ ქუჩაზე, კათოლიკოს-პატრიარქის მიწვევით და სხვადასხვა მხატვრული ნომრების დემონსტირებით. მით უმეტეს, იმის გამო, რომ ქართული ჯარი კვლავინდებურად მხოლოდ ხელისუფლების იარაღად რჩება და არ წარმოადგენს რეალურ საბრძოლო ძალას, ხელისუფლებისავე პოლიტიკის გამო. დღეისათვის, ერთადერთ სარგებელს ჩვენი ჯარისგან ღებულობს აშშ, რომლის ინტერესების დაცვას ავღანეთში უკვე 16 ქართველი ჯარისკაცი შეეწირა, ასამდე კი დაინვალიდდა ან მძიმედ დაიჭრა. უნდა ითქვას, რომ, მართალია, სახალხო კრების აქცია დარბეული იქნა და სამხედრო აღლუმი მეორე დღეს მაინც ჩატარდა, მაგრამ ამ აქციამ საზოგადოება ნაწილობრივ მაინც გამოაფხიზლა და დააფიქრა.   

ის, რომ მასობრივი საპროტესტო თუ სხვა სახის აქციები აუცილებელია იმ ხელისუფლებასთან ბრძოლაში, რომელიც არ აძლევს ხალხს საშუალებას, არჩევნებზე თავისი ნება თავისუფლად გამოხატოს, სულ ახლახან კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ბ. ივანიშვილის კოალიციამ 27 მაისს მიტინგის გამართვა გადაწყვიტა. და ეს მაშინ, როცა მთელი თვეების მანძილზე ეს ძალა ამტკიცებდა, რომ „ქუჩაში არ გავიდოდა“ და მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლიდა ხელისუფლებას. თუმცა დღეისათვის, ისევე როგორც 2010 წელს, ოდნავ მაინც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გამართვის შანსი საქართველოში მიზერული რჩება, და მეტ-ნაკლებად რეალურ ოპოზიციურ ძალებს აშკარად არათანაბარ პირობებში მოუწევთ ბრძოლა.