ერთმანეთის საყრდენები

ერთმანეთის საყრდენები

ამერიკული გამოცემა „Front Page Magazine“ საქართველოზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ ემზადება რუსეთი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის. ამის შესახებ ანალიტიკოსი რაიან მაურო სტატიაში „ისწრაფვის თუ არა რუსეთი საქართველოსთან ომისკენ“? საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობს.

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება იმ არგუმენტებს, თუ რატომ სურს ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილის დამხობა.

სტატიის ავტორი  წერს, რომ  რუსეთი სააკაშვილის მთავრობის დამხობას 2008 წლის ომის პერიოდიდან მოყოლებული ცდილობს და შემდგომი ნაბიჯების გასამართლებლად, მუდმივად საქართველოს მიერ ტერორისტების დახმარებაზე საუბრობს. მაგალითად მოჰყავს ის, რომ 2009 წელს რუსეთმა თბილისი იმ სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, რომელიც საქართველოს მიერ ნატო-სთვის საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნების ნების დართვას შეიძლება მოჰყოლოდა. აპრილში კი რუსეთის შეიარაღებული ძალები თბილისს 40 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვნენ.

მომდევნო თვეს დედაქალაქის ახლოს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობას ჰქონდა ადგილი და სტატიის ავტორს მუხროვანის ამბოხი მოჰყავს მაგალითად, როდესაც ერთ-ერთმა დაკავებულმა, ყოფილმა მაიორმა განაცხადა, რომ ამბოხის მზადება რუსეთიდან მიმდინარეობდა. 2009 წელს კი რუსეთმა საქართველო დაადანაშაულა „ალ ქაიდას“ ტერორისტ-თვითმკვლელის მომზადებაში, რომელმაც ინგუშეთში აფეთქება მოაწყო.

სტატიის ავტორი ამბობს, რომ რუსეთმა ნელ-ნელა დაიწყო საქართველოს ეჭვმიტანილად დასახელება 2010 წლის 29 მარტს მოსკოვის მეტროში აფეთქებების გამოც, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „სააკაშვილი არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, დარტყმა განახორციელოს“.

სტატიის ავტორი ასკვნის, რომ ეს  თვალთმაქცობაა, ვინაიდან სწორედ რუსეთია ფარული თავდასხმების სპონსორი. მაგალითად მოჰყავს 2007 წლის ამერიკელი სპეცსამსახურების მოხსენება, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის განყოფილება (ГРУ) დგას საქართველოში განხორციელებული „სასტიკი ქმედებების“ უკან, რომელიც 2004 წლიდან დაიწყო. მათ შორის არის ქართველი პოლიციელების მკვლელობა, 2005 წელს ავტომობილის აფეთქება, 2006 წელს ორი თავდასხმა რუსეთ-საქართველოს შორის გამავალ მილსადენზე, მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი ხაზის საბოტაჟი და ბოევიკების შეიარაღება. გარდა ამისა, სტატიის ავტორი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასევე პასუხისმგებელია აფეთქებაზე თბილისში ამერიკის საელჩოსთან, რომელიც 2010 წლის 22 სექტემბერს მოხდა.

სტატიის ავტორს სააკაშვილის სიძულვილის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტიც, რომ 2011 წლის თებერვალში სააკაშვილმა აშშ-ს საქართველოში რადიოლოკაციური თავდაცვის სისტემის განთავსება სთხოვა, რითაც რუსეთი ძალიან გააბრაზა.

რუსეთი არ მალავას თავის სურვილს, სააკაშვილისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს და ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას 20-ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. სწორედ ასეთ მენტალიტეტთან გვაქვს საქმე.

მოკლედ, სტატიაში ქრონოლოგიური სიზუსტით არის აღწერილი, ის გაუგებარი ტერაქტები, რომელიც თავის დროზე საქართველოში ვანო მერაბიშვილის დადგმულ სპექტაკლებად და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერის მცდელობად აღიქვა საზოგადოების დიდმა ნაწილმა. სხვა თუ არაფერი, ამ სტატიიდან ის მაინც გამოიკვეთა, ვისთვის იყო განკუთვნილი და რაზე გათვლილი ხან ჯაშუშური ქსელების, ხან ნაღმების, ხან კი შეშინებული ტერორისტების ჩვენება ტელეეკრანით.

ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა არა, მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთმა ჩვენმა უცხოელმა კოლეგამ ეს ყველაფერი დაიჯერა, როგორც ჩანს, ვერ წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი, უბრალოდ, „ნაციონალური“ პიარი ყოფილიყო, ან უბრალოდ საჭიროდ არ ჩათვალა იმაზე მეტი ინფორმაცია მიეღო, ვიდრე მიაწოდეს.

რაც მთავარია, სტატიაში სრული სერიოზულობითაა საუბარი ომის განახლების საფრთხეზე:

„არავინ ელოდა, რომ რუსეთი აშშ-ში საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა მაშინ, როცა 2008 წელს მან საქართველოსთან ომი დაიწყო და მისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა უზრუნველყო. ახლა ჩნდება ნიშნები იმისა, რომ რუსეთს მატჩ-რევანშის სურვილი გაუჩნდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პროამერიკულ რეჟიმს დაამთავრებდა“, - ნათქვამია სტატიაში.

რამდენად რეალურია რუსეთ-საქართველოს ომის განახლების საფრთხე, ამაზე ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტები ცალსახად აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ომის წინაპირობა აშკარად გამოკვეთილი არ არის. ამის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს მოსალოდნელ ომსა თუ შესაძლო საფრთხეებზე, დროდადრო საქართველოს ხელისუფლებაც ლაპარაკობს და დასავლეთის თუ რუსულ პრესაშიც გამოჩნდება ხოლმე მსგავსი შინაარსის სტატიები.

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, აშკარად ჩანს, რომ რუსეთს სააკაშვილზე უკეთესი ვერავინ ვერ წარმოუდგენია საქართველოში.

„შესაბამისად, რასაც უნდა იმას აკეთებს საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასე რომ, რატომ უნდა მოიცილოს, რაში უშლის სააკაშვილი რუსეთს ხელს, წარმოუდგენელია. ასეთი სტატიების არ მჯერა და მიმაჩნია, რომ ამ ტიპის სტატიები არის ან დაკვეთილი, ან ძალზე მიამიტი ავტორის მოსაზრებები, რომელსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი არ აქვს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის სტატიები ძირითადად, დაკვეთით იწერება და გარკვეულ მიზნებს ემსახურება.

„რაში უნდა რუსეთს სააკაშვილის მოშორება, მოტივი გაუგებარია. იმიტომ, რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტების დიდ ნაწილთან რუსულ ბიზნესს გზა გახსნილი აქვს. ასე რომ, თავისთავად, ეს მოტივი ან დაუფიქრებელი კომენტატორის მიერ მოტანილი მგონია, ან კომენტატორისა, რომელიც დაკვეთილ სტატიებს აკეთებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

სტატიის ავტორს იმაში დასარწმუნებლად, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის განახლების საფრთხე რეალურია, რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს“:„ცოტა ხნის წინ რუსეთმა საქართველო დაადანაშაულა იმაში, რომ 5-6 მაისს აფხაზეთში 10 იარაღის სამალავი აღმოაჩინეს, რომელიც სოჭში ტერაქტის მოსაწყობად იყო განკუთვნილი. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაგეგმილ ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებელი დოკუ უმაროვია, რომელსაც ქართული სპეცსამსახურები თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით იარაღის გადატანაში დაეხმარნენ. საქართველო უარყოფს ბრალდებას, რომელიც  სააკაშვილის დამხობის საბაბს ქმნის“, - ნათქვამია სტატიაში.

ომის დაწყების საფრთხე გამყარებულია სამხედრო წვრთნების თემითაც:

„2008 წელს კავკასიაში სამხედრო წვრთნები გამოყენებულ იქნა იმისთვის, რათა იმ სამხედროების განლაგება და მომზადება შეენიღბათ, რომლებიც შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ამ წელს წვრთნები სექტემბერში უნდა გაიმართოს. რუსეთმა განაცხადა, რომ სპეცრაზმელთა ჯგუფები ჩრდილოეთ კავკასიაში წვრთნებისთვის უკვე გაგზავნილია.

სადესანტო ჯარები და სამხედრო ვერტმფრენები სომხეთში გიუმრის 102-ე ბაზაზე განლაგდებიან. სავსებით შესაძლებელა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი ირანს დახმარებას სომხეთის ტერიტორიიდან აღმოუჩენს.

საქართველოში შესაძლო შეჭრა რუსეთს და ირანსაც სტრატეგიულ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ვინაიდან ევროპა, ახლა, დაახლოებით, დღეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან იღებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომელიც რუსეთისა და ირანის ტერიტორიას გვერდს უვლის.

2008 წლის ომის დროს რუსულმა გამანადგურებლებმა დარტყმა სწორედ ამ ნავთობსადენზე განახორციელეს. საქართველოში შეჭრით რუსეთი ამ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტზე კონტროლს დაამყარებს“, - წერს „Front Page Magazine“.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ 4 წლის წინანდელ და დღევანდელ სიტუაციას შორის არსებითი სხვაობაა და რაც დღეს ხდება, არ შეიძლება, ომის წინაპირობად ჩაითვალოს.

პაატა ზაქარეიშვილი„არანაირი პარალელების გავლება არ შეიძლება დღევანდელ დღესა და 2008 წლის წინა პერიოდს შორის, როცა პროვოკაციებით იყო სავსე ქართულ-რუსული ურთიეთობები. თვითმფრინავებით დაბომბვები, რაღაც საეჭვო ტერაქტები, ადამიანების დაკარგვები. აშკარად მოვლენათა ესკალაციას ჰქონდა ადგილი. 2006 წლიდან მოყოლებული, როდესაც კოდორში შევიდა საქართველოს ხელისუფლების ჯარები, მერე კი სანაკოევის პროექტი შეიქმნა სამხრეთ ოსეთში, მანამდე მშვიდობა იყო. 2006 წლიდან იწყება დაძაბულობა და ეს გაგრძელდა 2008 წლამდე. რუსეთს სჭირდებოდა ეს, პროვოკაციას უწყობდა საქართველოს და ჩაითრია კიდეც საომარ მოქმედებებში.

ამისი არანაირი ნიშნები არ ჩანს დღეს, ამიტომ ვამბობ, ვინც ცდილობს, პარალელები გაავლოს, სიმართლე გითხრათ, არც კი მაინტერესებს, მგონია, მთვარეზე ან სხვა პლანეტაზე ცხოვრობს, იმდენად შორს არის რეალობისგან. მე აქ ვცხოვრობ, კონფლიქტები ჩემი სპეციალობაა და იმ ნიშნების მეათედიც კი არ არის, რაც იყო 2008 წლამდე.

რაც შეეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაპოვნ შეიარაღებას, არ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსული პროვოკაცია იყოს, იმიტომ, რომ პუტინის ხელისუფლებაც ისეთივე მანკიერია, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლება. სააკშვილი შორს არ წასულა პუტინისაგან, ორივეს პოსტსაბჭოთა მანკიერი აზროვნება აქვთ და როგორც სააკაშვილი იგონებს ტერაქტებს და აბრალებს პუტინს, ასევე იგონებს პუტინი ტერაქტებს და აბრალებს სააკაშვილს. ეს არის საპასუხო რეაქცია რუსეთის ხელისუფლებისაგან და დარწმუნებული ვარ, არაფერი მსგავსი არ აღმოუჩენიათ, მაგრამ როგორც სააკაშვილი ყიდის არარსებულ ტერაქტებს, არავინ ყიდულობს და ყველას ეცინება, ასევე პუტინი ყიდის არარსებულ ტერაქტებს და მისი არავის არ სჯერა.

ეს არის ჰაერში გასროლების პრიმიტული ფორმები. აშკარად ვგრძნობ, რომ შეკვეთილი სტატიაა, იმიტომ, რომ არგუმენტები საკმაოდ უსუსურია. მაშინ ავტორმა უნდა მოიყვანოს ის არგუმენტებიც, სააკაშვილიც რომ პოულობს ვიღაცეებს და ალაპარაკებს, რომ ტერაქტებს აწყობენ, მტკიცებულებები კი მხოლოდ აღიარებაზეა დაფუძნებული და არაფერი აქვს საერთო გამოძიებასა და ობიექტურ კვლევასთან“.

რამაზ საყვარელიძე კი ვარაუდობს, რომ რაკი სტატიას დაკვეთილის სუნი უდის, ანალოგიური მოტივით არის წარმოჩინებული ომის თემაც, რადგან 2008 წლის ომს სულ სხვა მოტივი ჰქონდა

რამაზ საყვარელიძე„2008 წელს პუტინმა შეასრულა თავისი მუქარა, რომ „თუ აღიარებთ კოსოვოს, მე აფხაზეთსა და ოსეთს ვაღიარებ“, ამ დროს პუტინის ინტერესში იყო, დაეშინებინა დასავლეთი და ამით გაეზარდა პატივისცემა რუსეთისადმი. ასეთი მოტივებიც არ ჩანს ახლა და არც კოსოვოს ანალოგიური პრეცედენტია, რომელიც რუსეთისგან ასეთ ნაბიჯებს მოითხოვდეს. ამიტომაც, ის მოტივი, რომ თურმე აფხაზეთში იარაღი იპოვეს და ამას ქართველებს აბრალებენ, ან დაუფიქრებელი ანალიტიკოსის ნათქვამია ამ ანალიტიკოსის, რომელსაც სურს, დაძაბოს რუსული თემა არა იმდენად საქართველოში, რამდენადაც ამერიკაში. რა თქმა უნდა, ამერიკაშიც არიან წრეები, რომლებსაც აწყობთ დაძაბულობა, ვინაიდან მოდის არჩევნები“.

როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რასაკვირველია გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები რუსეთისა, რომელიც დაგეგმილია შემოდგომისათვის, ჩატარდება უკვე საქართველოს ტერიტორიაზეც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც.

„არსებობს მწარე გამოცდილება, რამდენიმე წლის წინაც სამხრეთ რუსეთში წვრთნები იყო, შემდეგ კი აგრესია. ასეთი რეალობაა და ამაზე არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ რუსებიც წერენ. რამდენიმე დღის წინ ანდრეი პიანტკოვსკის სტატია დაიბეჭდა, სადაც ნათვამია, რომ თუ ბუქარესტის სამიტის შედეგზე პასუხი იყო რუსეთის 2008 წლის აგრესია, ახლა რა იქნება რუსეთის პასუხი ჩიკაგოს სამიტზე, მითუმეტეს, რომ პუტინი დემონსტრაციულად არ ჩავიდა ამ სამიტზე, უფრო მეტიც, არ მიიღო დიდი რვიანის მუშაობაში მონაწილეობა და დაიტოვა თავისუფალი სივრცე კონფრონტაციისათვის - ასეთია რეალობა“,- აცხადებს ცინცაძე.

სტატიის ავტორს ერთ-ერთ ძლიერ არგუმენტად მოჰყავს ირანთან შესაძლო ომი: „ამასთან ერთად, რუსეთი დასავლეთის მიერ ირანზე შესაძლო დარტყმისთვის ემზადება. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა: „ირანი ჩვენი მეზობელია და მასზე თავდასხმა ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“. ცნობილია, რომ რუსეთმა სომხეთში ჯარების გაგზავნის გეგმა შეიმუშავა იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ზემოაღნიშნული სცენარით განვითარდება, ეს კი საქართველოს ტერიტორიის გამოყენებასა და პარალელურად, სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას არ გამორიცხავს“, - ნათქვამია სტატიაში.

„არ ვიცი ვინ არის ავტორი, მაგრამ აშკარად ბოდვებითაა შეპყრობილი, დიდი რვიანის შეხვედრა შედგა ახლა აშშ-ში, იქ იმყოფებოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევი, იქ იმყოფებოდა ობამა, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ ირანზე თავდასხმის არანაირი გეგმები არ არსებობს. მთელი მსოფლიო ელოდება ახმადინეჯადის წასვლას, რომელსაც ცოტა დრო დარჩა და ვიდრე არ მოხდება მისი გადარჩევა, არ შეიძლება, რაიმე საომარ მოქმედებებზე დაიწყოს ლაპარაკი, ეს ერთი, მეორე - ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთთან შეთანხმებით. გამორიცხულია, რუსეთს არ შეუთანხმონ, რადგან ეს იქნებოდა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო, რადგან ირანი ითვლება რუსეთის მოკავშირედ. ასეთ ბოდვით იდეებზე სასაუბროდ დროც კი მენანება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

სოსო ცინცაძე ამბობს, რომ თუ ირანთან ომი მართლაც დაიწყო, შესაძლოა, რუსეთმა ისარგებლოს შემთხვევით და სააკაშვილიც ზედ მიაყოლოს, მაგრამ როგორც პოლიტოლოგი ამბობს, დღეს სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შანსი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ იყო.

სოსო ცინცაძე: „სიახლით არ გამოირჩევა ასეთი ინფორმაცია, ამაზე დღეს უკვე ღიად წერენ რუსი პოლიტოლოგებიც, რომ არაფერი ვთქვათ ევროპელებსა და ამერიკელებზე. მითუმეტეს, ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გახშირდა ასეთი ინფორმაციები. გამორიცხული არ არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ სპარსეთის ყურეში ომი დაიწყო. აი, მაშინ უკვე, რუსეთი ისარგებლებს, იმიტომ, რომ ევროპისა და შტატების ინტერესი და რესურსები მთლიანად დაკავებული იქნება სპარსეთის ყურეში. ამ ფრონტზე, კავკასიის მიმართულებით რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნება, ვინაიდან დასავლეთი ვერ შეძლებს ერდროულად გაუმკლავდეს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას (დასავლეთი რუსეთთან არავითარ შემთხვევაში ომს არ დაიწყებს თუნდაც თავს დაესხას საქართველოს, მაგრამ დასავლეთს გააჩნია ძალზე მძლავრი დილომატიური და ეკონომიკური ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ).

თუ სპარსეთის ყურეში მონასტერი აირია, რუსეთი ისარგებლებს ამ შემთხვევით, ჯარს შეიყვანს სომხეთში, სადაც თავისი სამხედრო ბაზა გააჩნია და გზად რასაკვირველია, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს სააკაშვილის, უფრო სწორად, საქართველოს პრობლემასაც, რათა საბოლოოდ დაუსვას წერტილი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ასე ვარაუდობენ ექსპერტები, ეს არ არის ფაქტი, ეს მხოლოდ ვარაუდია“.

რამაზ საყვარელიძე: „რაც შეეხეხება ირანის თემას, საქართველო რომ კომფორტში არ იქნება და სწორედ რუსეთის მიზეზით, ამას ყველა ამბობს, მაგრამ ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ირანის პრობლემას არ მიუღია ისეთი კონტურები, რომ ამ საფრთხეს რაიმე რეალური საფუძველი ჰქონდეს. მანამ, სანამ ასეთ კონტურებს მიიღებს, სავარაუდოა, რომ რუსეთის დღევანდელი და აშშ-ს ის ადმინისტრაცია, რომელიც ჩამოყალიბდება, ერთმანეთს საფუძვლიანად დაელაპარაკებიან ყველა საკითხზე. ასეთი მასშტაბის მოვლენები არ ხდება ხოლმე იმის გარკვევის გარეშე, ერთმანეთის პარტნიორები არიან წამყვანი მხარეები თუ მეტოქეები“.

როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველო ორიოდე წელიწადში მხოლოდ „მაპის“ მფლობელი კი არა, ნატოს წევრიც კი გახდეს.

„რუსეთისათვის ძალიან  მიუღებელ ფორმებს იღებს ეს პერსპექტივები, იმიტომ, რომ უკვე ორ წელიწადში ახალი სამიტი ჩატარდება და საქართველოს უკვე რეალური შანსი აქვს, მიიღოს „მაპი“, ვინაიდან ეს უკვე იქნება გაფართოების სამიტი. არ არის გამორიცხული, ნატოში გაწევრიანებაც.

ამიტომ, თუ სპარსეთის ყურეში ასეთი სიტუაცია შეიქმნა, რუსეთი ისარგებლებს, თუმცა ეს დამოკიდებულია ბევრ წინაპირობაზე. ირანმა დაიწყო მოლაპარაკებები და დღეს უფრო ნაკლები შანსია საომარი მოქმედებების დაწყებისა, ვიდრე იყო ერთი თვის წინ.

ირანზე უკვე იმოქმედა იმ ეკონომიკურმა სანქციებმა, რომელიც მას დაუწესეს, ლაპარაკია ირანის ცენტრალურ ბანკზე. ამის გამო ირანი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამის გარდა, კიდევ ერთხელ გადაიდო ბუშერის ატომური ელექტროსადგურის 100%-ით დატვირთვა, მაისის ბოლოსთვის უკვე მეოთხედ გადაიდო და არ არის გამორიცხული, კიდევ გადაიდოს, ამასაც პოლიტიკური სარჩული აქვს.

ასე რომ, საფრთხე არსებობს, მაგრამ რეალურად ძალზე სერიოზული წინაპირობები უნდა ახლდეს თან ამ საფრთხის მატერიალიზაციას“, - აცხადებს ცინცაძე.

სტატია დაკვეთილია თუ ავტორმა რაც მოისმინა, უბრალოდ, დაიჯერა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საინტერესოა, ვის სჭირდება და რაში ასეთი პროპაგანდა.

პაატა ზაქარეიშვილი„სააკაშვილი სტატიებს იმიტომ უკვეთავს, რომ მერე მას დაეყრდნოს, იტყვის, ხომ ხედავთ, რომელიღაც ამერიკულ გაზეთში წერენ, თითქოსდა ჩემი შეცვლა უნდა პუტინს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მან რამდენიმეჯერ შეუკვეთა მსგავსი რამ. რეკლამებიც კი სათავისოდ გამოიყენა. რეკლამა, რომელიც საქართველოს წარმოსაჩენად გაკეთდა, ამისათვის საქართველომ ფული გადაიხადა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე იყო საუბარი, სააკაშვილმა ეს დასაყრდენად გამოიყენა. სააკაშვილი აცხადებდა, ნახეთ „ნიუ იორკ თაიმსი“ ჩვენზე რას წერსო.

სააკაშვილს სჭირდება ასეთი სტატიები იმიტომ, რომ შემდეგ თქვას, რუსეთი მე მებრძვისო, ამ დროს რუსეთი ოცნებობს, რომ სააკაშვილი დიდხანს არ წავიდეს ხელისუფლებიდან. იმიტომ კი არა, რომ უყვარს, ასეთი უუნარო და ასეთი ჩამოუყალიბებელი, არაპრინციპული პოლიტიკოსი საქართველოში სხვა არ იქნება არავინ. ამიტომ, მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება დიდხანს იყოს სააკაშვილი, რადგან ძალიან დიდხანს ჰქონდეთ მითვისებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ნებისმიერ სხვა მთავრობას, რომელიც შეიძლება მოვიდეს სააკაშვილის შემდეგ, ექნება მორალური უფლება პუტინს უთხრას, გაჩერდი, შენ ხომ ამბობდი, სააკაშვილს არ დაველაპარაკები, ახლა დამელაპარაკე მე და გააჩერე ყველა პროცესი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიო. ნებისმიერ მთავრობასთან იძულებული იქნება პუტინი, შეცვალოს თავისი პოლიტიკა. პუტინს არ აწყობს ეს, რადგან როგორც ქურდი შესულია ბინაში და იცის თუ პატრონი დიდხანს არ მოვა, რასაც უნდა იმას წაიღებს, ასევეა პუტინი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა და ისე ჯიჯგნის, როგორც უნდა, რადგან იცის, სააკაშვილი ვერაფერს ვერ გაუბედავს“.

რამაზ საყვარელიძე მსგავს სტატიებში დასავლეთის კვალსაც ხედავს:

„ასეთი პროპაგანდა შეიძლება ნაწილობრივ აწყობდეს სააკაშვილს, ნაწილობრივ არა. დასავლეთის თვალში მას ეს აწყობს. მოგეხსენებათ, დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან რუსული თემის გამწვავებით, როგორც  წესი, ასეთი ძალები არიან ხოლმე რესპუბლიკელებში. რესპუბლიკელებისთვის სააკაშვილის თემა აგრეთვე მომგებიანია, ის მათი ფავორიტია, ისევე, როგორც 2008 წელი, ფაქტობრივად, რესპუბლიკელებმა თავიანთი საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენეს. არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის რესპუბლიკელებსა და მათთან დაკავშირებულ წრეებს აწყობდეთ, როგორც ამ თემის გამწვავება, ასევე საკაშვილის ფიგურის შეუცვლელობის არდაშვების წინ წამოწევა ამ შემთხვევაში“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.