მეწარმე გენური ინჟინერიის მეშვეობით ორაგულის წარმოებას აფინანსებს

მეწარმე გენური ინჟინერიის მეშვეობით ორაგულის წარმოებას აფინანსებს

სან დიეგო – თუ ამერიკლები გენური ინჟინერიით მიღებულ, სწრაფად მზარდ ორაგულს ოდესმე მიირთმევენ, ეს იმიტომ მოხდება, რომ საბჭოთა ბიოლოგი, ჯერ ოლიგარქად იქცა, მერე მინისტრად და ბოლოს თევზის მწარმოებლად.

ამ კაცის, კახა ბენდუქიძეს ხელთაა AquaBounty-ის ტექნოლოგიის გადარჩენისა და გაქრობის გასაღებიც. AquaBounty ამერიკული კომპანიაა, რომელიც იმედოვნებს, რომ მიიღებს ფედერალური ხელისუფლების თანხმობას თავის პროექტზე. პროექტის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ გენური ინჟინერიის მეშვეობით შეიქმნება ორაგული, რომელიც გახდება პირველი ამ ტიპის საკვები პროდუქტი ადამიანის რაციონში.

მაგრამ უკვე 20 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კვებისა და მედიკამენტების სამსახურმა ექსპერიმენტულად დაასკვნა, რომ ეს თევზი საკვებადაც გამოდგება და არც გარემოს მიაყენებს ზიანს, ხოლო ფედერალური თანხმობა არ ჩანს. AquaBounty-ის კი ფული ელევა.

კახა ბენდუქიძე, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და AquaBounty-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი ამბობს, რომ კომპანია კიდევ ცოტა ხანს გაძლებს. თუმცა მას ეეჭვება, რომ გენური ინჟინერიით მიღებული ორაგულის პროექტი შეერთებულ შტატებში დამტკიცდება საარჩევნო წელს, მით უფრო, რომ გარემოსა და მომხმარებელთა უფლებების დამცველი ჯგუფები ამ პროექტს წინააღმდეგობას უწევენ.

„მესმის, რომ პოლიტიკურად უფრო იოლია პროექტის უარყოფა, ვიდრე მისი დამტკიცება“ – განაცხდა ბენდუქიძემ სან დიეგოს ახლად შეძენილ ლაბორატორიაში მისი ბოლოდროინდელი ვიზიტისას, ლაბორატორიაში, სადაც თაროებზე შემოწყობილია ქილები ზებრისებრი თევზებით, რომელთაც ექსპერიმენტებისთვის იყენებენ. „იმ დროს, როდესაც ბევრი ადამიანი შეწუხდება ამ პროექტის დამტკიცების გამო, არა მგონია, რომ მისმა უარყოფამ რომელიმე მეცნიერი შეაშფოთოს.“

მართალია, კომპანიის გაჩერებას ბევრი ოპონენტი სიხარულით შეეგებება, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერისა და ბიოტექნოლოგიების დარგში მომუშავე ჩინოვნიკის აზრით, თუ ტრანსგენეტიკური ცხოველების პროექტები აშშ-ში შეჩერდება, ქვეყანა დაკარგავს თავის წამყვან როლს ცხოველთა ბიოტექნოლოგიების დარგში და სამუშაოები სადმე სხვაგან გადაინაცვლებს. მაგალითად, ჩინელი მეცნიერები ცდილობენ ისეთი საქონლის შექმნას, რომელიც უძლებს ძროხის ცოფს, თურქულს, ქმნიან ცხვრებს შალის მაღალი შემცველობით, ძროხებს და ღორებს, რომელთა ხორცი შეიცავს ჯანსაღ, ომეგა 3 – არაგაჯერებულ ცხიმოვან მჟავას.

„დეფიციტია დაფინანსების, დეფიციტია რეგულაციების, ეს დროში ძალიან გაწელილი პროცესია“, ამბობს ჯეიმს მურეი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი შექმნილია გენური ინჟინერიით თხები, რომელთა რძე შეიცავს ადამიანის პროტეინს და შესაბამისად შეუძლია დაეხმაროს ჩვილებს ინფექციებთან ბრძოლაში.

ახლა ის ცდილობს თავისი ფარა ბრაზილიაში გადაიყვანოს, სადაც დაფინანსება მიიღო.

ცხოველთა ბიოტექნოლოგიების ინდუსტრია სუსტ პოზიციაშია. AquaBounty ერთდაერთი ამერიკული კომპანიაა, რომელიც სერიოზულად ცდილობს ნებართვის მიღებას ტრანსგენური ცხოველების საკვებ პროდუქტებად გამოყენებისთვის. პროექტი, რომელიც კანადის უნივერსიტეტში მუშავდებოდა და რომლის მიზანი ნაკლებად დამაბინძურებელი ნაკელის მქონე ღორის მიღება იყო კომერციული ინტერესის დეფიციტის გამო გაჩერდა.

AquaBounty -ის ორაგული შეიცავს ჩინუკის ორაგულის ზრდის ჰორმონს. ისინი შეიცავენ აგრეთვე გველთევზას მსგავსი არსების გენურ კომპონენტს, რომელიც ჩვეულებრივი ორაგულისგან განსხვავებით, ცივ ამინდსაც უძლებს. ზრდის ჰორმონის წლიური გამომუშავების შედეგად, AquaBounty-ის ორაგული 30 თვის ნაცვლად, გასაყიდ ზომას 16-18 თვეში აღწევს.

კონგრესის ზოგიერთი წევრი, რომელთაც სათავეში ორაგულით მდიდარი ალასკელი კონგრესმენები უდგანან, მხარს უჭერენ პროექტის ამკრძალავ ან შემაფერხებელ კანონს. მათი მტკიცებით, AquaBounty-ის თევზები შეიძლება არ გამოდგეს საკვებად, ან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბუნებრივ მეთევზეობას, თუ ისინი ოკეანეში შეაღწევენ. მაგალითად, გიგანტურმა ორაგულმა შეიძლება დათრგუნოს ბუნებრივი ორაგული საკვებისა ან მეწყვილის მოძიების პროცესში.

„ჩვენ ვერევით იმაში, რაც დედა-ბუნებამ შექმნა“ – ამბობს ლიზა მურკოვსკი, რესპუბლიკელი სენატორი ალასკიდან – ის ითხოვდა ზემოხსენებულ ზომებს გასულ თვეში. კომპანიის მმართველები ამბობენ, რომ $500,000-იანი გრანტი საკითხის კვლევისთვის, რომელიც AquaBounty-ის გასულ წელს გამოუყო სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა, ხმაურის ატეხვის შემდეგ ანულირდა.

F.D.A-მ (საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის სამსახურმა) 2010 წელს განაცხადა, რომ ამ ორაგულის ველურ თევზთან შეჯვარების ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ის ხმელეთზე გაიზრდება და სტერილიზაცია ჩაუტარდება, თუმცა კი სტერილიზაციის სანდოობის შემოწმება ბოლომდე ვერ მოხერხდება. იმავე თვეს, გარე მრჩეველების კომიტეტმა, მიუხედავად იმისა, რომ F.D.A-ს ანალიზში ბევრი ხარვეზი იპოვეს, ასე თუ ისე მაინც დაადასტურა ძველი დასკვნა იმის თაობაზე, რომ თევზი მომხმარებლისთვისაც და გარემოსთვისაც უსაფრთხო იქნება.

მას შემდეგ ახალი არაფერი თქმულა და კომპანიაც, (რომლის ბაზაც მეინიარდში, მასაჩუსეტსშია,) აღმასრულებელი დირექტორის რონალდ ელ სტოტიშის თქმით, ბიუჯეტის შეკვეცას განიცდის – ცოტა ხნის წინ პერსონალი 27 კაციდან 12 კაცამდე შეამცირეს. „ჩვენ ჟურნალის გარეკანზე მოვხვდით იმ პროცესის გამო, რომლის ქმედუნარიანობაშიც ეჭვი გვეპარება,“ განაცხადა მან.

დოქტორი მარგარეტ ჰამბურგი, რომელიც საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისიას ხელმძღვანელობს, შეტანილ აპლიკაციაზე კომენტარს ხშირად არ აკეთებს, მაგრამ ერთხელ განაცხდა, რომ მის სააგენტოს ორაგულის ანალიზის დასამთავრებლად დროს სჭირდება.

„ეს გრძელვადიანი პოცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავის კატეგორიაში პირველ რეალურ პროდუქტთან გაქვს საქმე, რომელიც ბევრ სხვადასხვა განზომილებას ეხება,“ განაცხადა მან მოკლე ინტერვიუში. ასევე დასძინა, რომ დოკუმენტი, რომელიც გარემოზე ამ პროექტის მავნე ზემოქმედებას გაანალიზებს და რომელიც თანხმობის მისაღებად აუცილებელია, „ძალიან მალე“ იქნება მზად.

AquaBounty-ის არამდგრადი მდგომარეობის გამო, კომპანია ბენდუქიძეზე დამოკიდებული გახდა, რადგან ის აქციების 48 პროცენტს ფლობს. იმის გამო, რომ ახალი აქციების გამოსაცემად აქციონერის თანხმობაა საჭირო, მას ეფექტურად შეუძლია იმის კონტროლი, თუ რა თანხას იღებს კომპანია.

მარტში, AquaBounty-იმ 2 მილიონი დოლარი მიიღო. ლონდონში ამ კომპანიის აქციების ყიდვა-გაყიდვა ხდება და იქ გაკეთებული მარეგულირებელი ჩანაწერების თანახმად, ეს თანხა იმისთვის არის საკმარისი, რომ კომპანიამ დაახლოებით წლის ბოლომდე გააგრძელოს ფუნქციონირება. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი ბენდუქიძემ შემოიტანა. სანაცვლოდ კი AquaBounty-მ თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ გამოკვლევებისა და წინსვლების ოპერაციები მისთვის მიზერულ ფასად მიეყიდა.

„ეს გარიგება სასურველი სულაც არ იყო, მაგრამ სხვა გარიგებაზე ხელი არ მიგვიწვდებოდა“ განაცხადა სტოტშიმ.

აპრილის ბოლოს ბენდუქიძე სან-დიეგოში ლაბორატორიის მოსანახულებლად ჩავიდა. იქაური მეცნიერები ძირითადად ზებრისებრ თევზზე, აკვა სისტემის ლაბორატორიულ ვირთხაზე ატარებენ ცდებს, იმ მოდიფიკაციების შესამოწმებლად, რომლებიც შეიძლება ორგაულზე და ზღვის პროდუქტებზე იქნას გამოყენებული. ერთ-ერთი მიზანი სწრაფად მზარდი ტილაპიას შექმნაა, ამ თევზის ფერმები ხშირია და ის შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულალური ხდება.

56 წლის ბენდუქიძემ კარიერა მოსკოვთან, კველვით ინსტიტუტში, მოლეკულურ ბიოლოგად დაიწყო. იგი გენური იჟინერიით გამოყვანილ ვირუსებზე მუშაობდა, რომლებსაც ვაქცინებისთვის იყენებდნენ. მოგვიანებით შექმნა კომპანია, რომელიც ბიოლოგიური მომარაგების ერთეულებით ვაჭრობდა. საბჭოთა ეკონომიკის ნაწილის პრივატიზაციის დაწყების შემდეგ, ბენდუქიძემ მაღაროებისთვის განკუთვნილი დანაგარების, ნავთობის ბურღებისა და ენერგო გენერატორების მწარმოებელი ფირმის United Heavy Machinery-ის დანადგარების შეძენითა და მართვით კორპორატიული მაგნატის რეპუტაცია მოიპოვა.

2004 წელს, პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბენდუქიძე მშობლიურ საქართველოში დაბრუნდა, როგორც ეკონიმიკის მინისტრი. იმის გამო, რომ თავისუფალი ბაზრის ფილოსოფიას იზიარებდა, დერეგულაციასა და ეკონომიკის პრივატიზაციას უჭერდა მხარს და ყველას, ვინც მას არ დაეთანხმებოდა შეურაცხყოფას აყენებდა, ბენდუქიძემ მალე შეიძინა მტრები.

იგი ახლაც საქართველოში ცხოვრობს და მის მიერ დაფუძნებული, თბილისის თავისუფალი უნივერსტეტის ხელმძღვანელია. თავისი თანხების სამართავად მან შექმნა კომპანია სახელად Linnaeus Capital Partners. ეს კომპანია ფოკუსირებას აკვაკულტურაზე ახდენს და AquaBounty-ის გარდა კომპანიების აქციებს ფლობს საბერძნეთში, ისრაელში და დიდ ბრიტანეთში.

„აკვაკულტურაზე წარმოდგენაც არ მქონდა,“ განაცხადა ბენდუქიძემ. „უბრალოდ მრავალფეროვან ინვესტიციას ვეძებდი.“

2010 წლის დასაწყისიდან Linnaeus-მა AquaBounty-ში 8 მილიონი დოლარი ჩადო. მარტში სხვა აქციონერებმაც ჩადეს თანხები, რათა ბენდუქიძისთვის კომპანიაზე მაქსიმალური კონტროლის მოპოვების საშუალება არ მიეცათ.

ბენდუქიძემ თქვა, რომ ორაგულის ფერმის ბიზნესის განვითარება არ აინტერესებს. ის უფროა დაინტერესებული AquaBounty იმ ტექნოლოგიებით, რომლებიც, მისი აზრით, თანამედროვე აკვაკულტურაში იკვეთება.

პირველი ისაა, რომ ფერმაში გამოყვანილი თევზის გენეტიკური გამოუმჯობესებისათვის მეტი ძალისხმევა მიემართება – როგორც გენური ინჟნერიის მეშვეობით, ასევე გამრავლების თვალსაზრისითაც. დაახლოებით იმგავრად, როგორც ეს ახლა საქონლის გამრავლებისას ხდება.

მეორე კი ისაა, რომ თევზის გამრავლება ოკეანეებიდან ხმელეთის ინდუსტრიულ საწარმოებში გადმოინაცვლებს, სადაც მისი კონტროლისათვის შესაფერისი პირობები იქნება. თუკი მისი ხმელეთზე ამოყვანა რეალურად მოხდება, სწრაფად მზარდი ორაგულის წარმოება 20%-ით ნაკლებ ფასად შეიძლება, თქვა მან.

AquaBounty-ის ლაბორატორიის შეძენის შემდეგ, ბენდუქიძე მოგების მიღებას იმ შემთხვევაშიც კი გეგმავს, თუ ორაგულის პროექტს არ დაამტკიცებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ადრე თუ გვიან ამ პროდუქციის წარმოებაზე ნებართვას გასცემენ და მომხარებლებიც განაცხადებენ თანხმობას, რადგან მისი წარმოება ძალიან იაფი ჯდება.

„ორაგული ორაგულია“, ამბობს ის „საბოლოო ჯამში კი ეკონომიკა მოიგებს.“
foreignpress.ge