ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ევრობანკის დასკვნით, საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე წარმატებული ეკონომიკა აქვს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ზრდაც ყველაზე შთამბეჭდავი ექნება.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამ შეფასებებს მთავრობის წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გურამ ჩახვაძის განცხადებით კი, ეკონომიკის ზრდის სწრაფ ტემპებს არავინ უარყოფს. თუმცა, მისი თქმით, ილუზიაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან უმუშევრობის მაჩვენებელიც რეგიონში ყველაზე მაღალია.
ჩახვაძის განცხადებით, ეკონომიკის ზრდას სამუშაო ადგილების შექმნა არ მოჰყვება, რადგან შემოსავლები არასამართლიანად ნაწილდება და უფსკრული მდიდრებს და ღარიბებს შორის უფრო და უფრო იზრდება.
“ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელ ლევან კალანდაძეს კი მიაჩნია, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ არ ვითარდება. ლევან კალანდაძის თქმით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ბიუჯეტიდან გაღებული დანახარჯების ხარჯზე ხდება და არა ბიზნესის ზრდის თუ განვითარების ხარჯზე.
კიდევ უფრო საინტერესო პარალელებს ავლებს ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ კაპანაძე. საქმე ისაა, რომ საქართველოში ეკონომიკის ზრდის პარალელურად სიღარიბეც იზრდება. ბოლო წლებში ვერაფრით ხერხდება დასაქმების პრობლემის გადაჭრაც. პირიქით,უმუშევრობის მაჩვენებული მუდმივად მატულობს. ეს ყველაფერი კი ეწინააღმდეგება მოსაზრებას თითქოსდა საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მზარდი და განვითარებულია.
როგორც ნოდარ კაპანაძე აღნიშნავს, როდესაც ეკონომიკაც იზრდება და სიღარიბეც, ასეთი ასიმეტრიულობის მიზეზი ერთადერთი რამ შეიძლება იყოს - ეკონომიკური ზრდის შედეგებზე ხელი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მიუწვდება, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკური ზრდის პროცესიდან თამაშგარე იმყოფება.
“ამის გაგება საკმაოდ ადვილია თუ განვიხილავთ ეკონომიკის,ანუ მშპ-ს ზრდას დარგების მიხედვით და დასაქმების სტრუქტურას ანალოგიურ ჭრილში. სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმებულების უდიდესი ნაწილია თავმოყრილი, ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელოა ან საერთოდაც უარყოფითია. სიღარიბის ზრდის ძირითადი “წყარო” კი დღესღდეობით სოფელია.
საქართველოში სახელმწიფო და კერძო სექტორში საშუალო ხელფასის მონაცემებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასები უფრო მაღალია, რაც განვითარებულ ქვეყნებში არ ფიქსირდება. მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 24 მილიარდია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი - 8 მილიარდი; ანუ 24-მილიარდიანი ეკონომიკიდან 8 მილიარდს ბიუჯეტში აბრუნებ - ეს იმას ნიშნავს,რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკის მასშტაბებთან შედარებით უსაშველოდ ჰიპერტროფირებულია.
სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ სახელმწიფო სექტორი გაცილებით უფრო ძლიერია კერძო სექტორზე, რაც, თავისთავად, სხვა თანაბარ პირობებში, კერძო სექტორის განვითარების უმნიშვნელო პერსპექტივის ნიშანია”, - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.