ცვლილები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შევიდა. 20-ლარიანი ჯარიმის კატეგორიებში შემდეგი დარღვევები გაერთიანდა: საქვეითო გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის, ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში, ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების, ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა; აგრეთვე მოძრაობის წესების დარღვევები მოტოციკლით, ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას, ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების, ან მანევრირების წესების დარღვევა კი 50-ლარიანი დაჯარიმების კატეგორიაშია. სწორედ ეს არის ყველაზე საკამათო, ბუნდოვანი და იმავდროულად ხშირი დარღვევების კატეგორია. ასე რომ, მძღოლები ყველაზე მეტად ასეთი ტიპის დარღვევებს უნდა მოერიდონ.
მძღოლებისათვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ანდაც დაწესებული ჯარიმების ოდენობის გაზრდას საავტომობილო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე 2 მიზეზით ხსნის: “ხელისუფლების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მძღოლები მოძრაობის წესებს არღვევენ, განპირობებულია იმით, რომ მართვის მოწმობის აღება გამარტივდა. რაც შეეხება ჯარიმების გაზრდას, ეს პირდაპირ ბიუჯეტის შევსებასთანაა დაკავშირებული”.
უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ავტომფლობელებს პირველი სიურპრიზი მაშინ შესთავაზა, როდესაც მათ ღვედების გაკეთება დაავალდებულა. 2010 წლის პირველი დეკემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოები ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას იწვევს. აქედან მოყოლებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯარიმები მუდმივად იზრდება.
საგზაო წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებსა და ჯარიმების პერმანენტულად გამკაცრებას მთავრობა პრევენციის აუცილებლობით ხსნის და ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი მოძრაობის მოწესრიგებას და უსაფრთხოებას ემსახურება.
ამ არგუმენტს არ იზიარებს შალვა ოგბაიძე. მისი თქმით, საჯარიმო სანქციების გამკაცრების მიზეზად ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდაზე საუბარი თითიდან გამოწოვილია. ეს მხოლოდ ადამიანების დათრგუნვისა და ბიუჯეტის შევსების მიზნით კეთდება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების განაკვეთის ზრდას, ორი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი ისაა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება დაინერგოს, მეორე და მნიშვნელოვანი კი პოლიტიკური ფაქტორია, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ადამიანების დათრგუნვას ემსახურება”, - აღნიშნავს ოგბაიძე