აღსანიშნავია ისიც, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-დან 15%-მდე აღარ შემცირდება. ამის ნაცვლად, 2013 წლიდან ამოქმედდება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს შეეძლება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 18% გადაიხადოს ბიუჯეტში, ხოლო 2% ნებაყოფლობით საფუძველზე მიმართოს ინდივიდუალური დაგროვებით ანგარიშზე.
საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ შემუშავებულ ამ ცვლილილებას პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე უყარა კენჭი.
საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირებას 2011 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა. კერძოდ, კანონით განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, 2013 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 20%, 2014 წლამდე - 18%, ხოლო შემდგომ 15% უნდა გამხდარიყო.
თუმცა მთავრობის ახალი შემოთავაზებით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი კვლავ 20%-იან ნიშნულზე დარჩება.
სიახლეა ინდივიდუალური დაგროვების ახალი სისტემის შემოღება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ დაქირავებულს შეუძლია საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადაიხადოს 18%, ხოლო 2% ნებაყოფლობით მიმართოს დაზოგვის ანგარიშზე. თუ პირი არ მოინდომებს 2%-ის დაზოგვას, მისი საშემოსავლო გადასახადის 20% ბიუჯეტში მიიმართება.
ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვების წესსა და პირობებს სპეციალური კანონი ადგენს, რომელიც ასევე პირველი მოსმენით იქნა მიღებული.
ამ კანონპროექტის თანახმად, სააქციო საზოგადოების ფორმით შეიქმნება აქტივების მმართველი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკური პირების შენატანის მართვას ამ პირების მიერ არჩეული სქემის შესაბამისად. მმართველი კომპანიების საქმიანობის ლიცენზირებას და ზედამხედველობას ეროვნული ბანკი განახორციელებს. დაზოგილი თანხის მიღება, კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეებს არანაკლებ 15 წლის შემდეგ შეეძლებათ.
ასეთი გრძელვადიანი დაგროვების სისტემა ძალიან არ მოეწონა ოპოზიციას, რომელმაც მყისვე გააკრიტიკა მთავრობის შემოთავაზება. იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მუდმივად დაძაბულია, რა მოხდება 15 ან თუნდაც 2-3 წლის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია. თანაც სამთავრობო კურსის რადიკალურად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა, “დაზოგილი” თანხა საერთოდაც აორთქლდეს.
დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიას აზრით, მთავრობა ცდილობს “მოატყუოს” ხალხი, რადგან მათ საშემოსავლო გადასახადის სახით რეალურად ისევ 20%-ის გადახდა მოუწევთ. 2%-იან შეღავათს ვერც ერთი დაქირავებული ვერ მიიღებს.
მთავრობის წევრთა განცხადებით კი, ინდივიდუალური დაგროვების სისტემის შექმნის მიზანია გრძელვადიანი კრედიტისთვის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.