ახალი კომუნალური სისტემით ხალხს საბოლოოდ დაახრჩობენ

ახალი კომუნალური სისტემით ხალხს საბოლოოდ დაახრჩობენ

პარლამენტი პირობას დებს, მთავრობა სემეკს აბრალებს, სემეკი გაოცებულია - „გაუგებრობათა“ ამ ჯაჭვის ბოლო ის არის, რომ მოსახლეობას ახალი წლიდან ყველა კომუნალური გადასახადი ერთი ქვითრით მიუვა. ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, დანარჩენებიც შეუწყდება.

 

სწორედ ამას ითვალისწინებს უკვე ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ელექტროენერგეტიკისა დაბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ახალი ნორმა კი მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

 

პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელმოწერილი კანონის თანახმად კი ძალაში შედის საერთოდ ახალი მუხლი. განხორციელებული ცვლილებებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურება და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ეფუძნება ადმინისტრირების ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

 

კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს და ამ სისტემით მომსახურების გამწევ პირებს.

კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით ახორციელებს მომსახურების საფასურის თუ მოსაკრებლის ადმინისტრირებას.

 

ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ მინიმალური ღირებულების პრინციპით და ხელშეკრულება გააფორმონ არადისკრიმინაციულ და სამართლიან საფუძველზე.

 

მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს. ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან, არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა

კანონშივე არის გაწერილი, რომ „მომსახურების გამწევი პირები ვალდებული არიან 2011 წლის 1-ლი იანვრამდე უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან შესაბამისობა“.

 

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ახალი წლიდან ყველა ოჯახში კომუნალური გადასახადები გაერთიანებული ქვითრით მივა და ერთ-ერთის არგადახდის ან ვერგადახდის შემთხვევაში დანარჩენი მომსახურებაც შეუწყდებათ.

 

როდესაც ადამიანი რაღაც მიზეზებით რომელიმე კომუნალურ გადასახდს ვერ იხდის, გასაგებია, რომ მას ეს მომსახურება შეუწყდება. გაუგებარი ის არის, თუ ერთის გადაუხდელობისთვის ყველა დანარჩენის მომსახურება რატომ უნდა შეუჩერდეს.

ცხადია, ეს პრობლემას წარმოადგენს და როგორც კი იდეა გაჟღერდა, საზოგადოების მხრიდან მაშინვე წინააღმდეგობა მოჰყვა, რადგან ადამიანის უფლებების შელახვად ჩაითვალა.

 

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგივე ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ჩართვისთვის ცალკე ბანკი იღებს დამატებით მომსახურეობის გადასახადს და ცალკე „თელასი“. ცხადია, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მაგრამ, როდესაც ყველა გადასახადი ერთად ექცევა, ყველა საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მით უმეტეს საქართველოში არსებულ სოციალური ფონის გათვალისწინებით.

სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიცია ამ საკითხს თავიდანვე საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა. მათი პროტესტის შემდეგ კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კომუნალური გადასახადების გადახდის ამ პრინციპის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ამას არ დაუშვებდა.

 

როგორც აღმოჩნდა, ამ დაპირების მიუხედავად კანონპროექტი მაინც გააპარეს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი პრეზიდენტმაც მოაწერა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის მტკიცებით, კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა იქნება და პარლამენტი არაფერ შუაში არ არის.

 

როგორც ხუროშვილი განმარტავს, პარლამენტმა მარეგულირებულ კომისიას მიანიჭა უფლება, გადაწყვიტოს, როგორი იქნება გადახდის წესი და ეს გადაწყვეტილება პარლამენტზე არ იქნება დამოკიდებული. სემეკის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ცვლილების ინიციატორი სემეკი არ ყოფილა და კომისიას მხოლოდ ადმინისტრატორის არჩევა დაევალა. ამ დროისთვის კი სემეკი კომპანიებთან ერთად სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, რათა მოგვარდეს პროცედურული საკითხები.

 

საპარლამენტო ოპოზიცია კი საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს:

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისედაც შიმშილობენ, სულს საბოლოოდ ხდიან. წარმოიდგინეთ, რა მოხდება და ამ ყველაფერს რა მოჰყვება. შეიძლება კომპანიებისთვის კარგიც კი იყოს, რომ მათ დავალიანების ამოღება შეძლონ, მაგრამ რა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისედაც შიმშილობენ. დამიჯერეთ, ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა და ამას რა მოჰყვება, ამაზე პასუხი ხელისუფლებამ აგოს. მოსახლეობამ ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის და ერთიანი ქვითრები რომ მიუვათ და მერე ნაგვის გადასახადის გადაუხდელობის გამო ზამთარში დენის გარეშე რომ დატოვებენ, მერე ვნახოთ რა მოხდება“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია.

 

გია ცაგარეშვილი კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზს ასახელებდა სულ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი მელაძეც. მან ეს განცხადება ბიუროს სხდომაზე გააკეთა, რომლის სტენოგრამული ჩანაწერი ინახება და, წესით, ეს ჩანაწერი პარლამენტის არქივში უნდა არსებობდეს. მითუმეტეს, რომ ეს განცხადება სულ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.

 

ახლა საპარლამენტო უმრავლესობას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება აღარ სურს. სემეკის ხელმძღვანელი კი დარწმუნებულია, რომ ეს ნორმა ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის.

 

„კანონი არის კანონი და იქ არ შეიძლება ეწეროს ისეთი რამ, რაც კანონსაწინააღმდეგო იქნება. ამიტომ ეს წესი ნამდვილად არ არღვევს მომხმარებლების უფლებებს. ასევე ამ კანონით არ ხდება კერძო კომპანიების მუშაობაში უხეში ჩარევა“, - უდრტვინველად აცხადებს ჩალაგაშვილი.