ცვლილებათა პროექტის თანახმად, დამქირავებელს უფლება ეძლევა დასაქმებულის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება უვადოდ გადადოს. მოქმედი კანონით, დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა მხოლოდ 90 დღე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა კანონპროექტით ვადის ლიმიტი უქმდება. კანონმდებლობით, ე.წ. ლოკაუტი მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დავა არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში, დამსაქმებელი არ არის ვალდებული დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მისცეს.
რეალურად კი შრომის კოდექსის მოჩვენებითი შეცვლა არანაირად არ გააუმჯობესებს დასაქმებულთა მდგომარეობას, პირიქით, კიდევ უფრო გაართულებს. განსაკუთრებით კოდექსის 37-ე მუხლი, რომელიც მოქალაქეების სამსახურებიდან გათავისუფლებას გულისხმობს.
თავისუფალი პროფკავშირების - “სოლიდარობა 2”-ის აინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, შრომის კოდექსში ცვლილებები, რომლის გატარებასაც ხელისუფლება აპირებს, მიუღებელია და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
“შრომის კოდექსში ცვლილებები რეალურად არ ხდება, რადგან პრობლემები იგივე რჩება და ეს არანაირად არ არის დასაქმებულთა მდგომარეობის შემსუბუქებისკენ მიმართული. მეტიც, მათ უფლებებს უფრო მეტად ზღუდავს და ასეთი ცვლილებებით დასაქმებულების დისკრიმინაციას ახდენენ.
ცვლილებები, რომლის გატარებასაც ხელისუფლება აპირებს, მიუღებელია. ამიტომ შრომის ახალ კოდექსს ვამუშავებთ, სადაც 37-ე მუხლი ამოღებული იქნება. დასაქმებულებს გაფიცვის უფლება კანონით მიეცემათ. ვაპირებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ჩვენ მიერ შემუშავებული შრომის კოდექსის ინიცირება მოვახდინო. თუმცა, ის უფრო მაინტერესებს, ეს საკითხი რამდენად იქნება გათვალისწინებული ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში. ამ მიზნით პოლიტიკურ პარტიებთან მემორანდუმის გაფორმებას ვგეგმავთ, რადგანაც არსებულ ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია”, - აცხადებს შალამბერიძე.
ამ დროს ყველას რომ უმუშევრობა შემცირებული ეგონა, ხოლო ხელისუფლება დღე-დღეზე მის დამარცხებას ქადაგებდა, აღმოჩნდა, რომ ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელი პირიქით, გაიზარდა კიდეც. თუმცა, მისი ზრდა “საქსტატმა” კი არა, ევროკავშირმა გვამცნო. “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ” 2011 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების მიუხედავად, უმუშევრობის დონე რეგიონში ყველაზე მაღალია. დოკუმენტის მიხედვით, 2010 წელს ეს მონაცემი 16.3, ხოლო 2011წელს 16,5% იყო.
ამ დროს ბოლო რამდენიმე თვეა ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დღენიადაგ უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობენ. ნიკა გილაური ჯერ კიდევ მარტში ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების დინამიკა დადებითია და ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც მოხდება ადამიანების გადამზადება სხვადასხვა სპეციალობით. პრემიერის განცხადებით, 2011 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა 16,2-დან 15,2%-მდე შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, რა წყაროებზე დაყრდნობით განსაზღვრა ევროკავშირმა უმუშევრობის დონე საქართველოში. რაც შეეხება ქართული მხარის მიერ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებას, საზოგადოებისთვისის 2-3 დღეში გახდება ცნობილი.
“ამ ფაქტთან დაკავშირებით მივწერეთ ევროკავშირის წარმომადგენლობას და მოვითხოვეთ ინფორმაცია თუ რა წყაროები გამოიყენეს მათ. რაც შეეხება “საქსტატის” მიერ უმუშევრობის მონაცემების წარმოდგენას, ის 25 მაისს გამოქვეყნდება. არის თუ არა ცთომილება, ჯერჯერობით ამაზე ღიად არ ვსაუბრობთ”, - აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.