ნულოვანი კონკურენტულობა და კლანური ბაზარი

ნულოვანი კონკურენტულობა და კლანური ბაზარი

 

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება დაბალ დონეზეა, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა.  საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტმა ახალი დასკვნა წარმოადგინა, სადაც უამრავ პრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, საბანკო კრედიტებზე მაღალი განაკვეთები მნიშვნელოვნად აფერხებს ბიზნესის განვითარებას. ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და არამდგრადი საგადასახადო სისტემა ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს, ხშირი ცვლილებები კი მეწარმეთა უსაფუძვლო დაჯარიმებას იწვევს.

“ბაზარზე არსებობს მონოპოლიები და ოლიგოპოლიები, რაც ხელოვნურად დაწესებული მაღალი ფასების პირობებში მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსახლეობას. კანონი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” მრავალრიცხოვან შეუსაბამობას შეიცავს.  გლობალური კონკურენტუნარიანობის 2012 წლის ინდექსში საქართველო 142 ქვეყანას შორის ადგილობრივი ბაზრის კონკურენტული გარემოს კუთხით 128-ე ადგილზეა, ხოლო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობის კუთხით - 135-ზე; არ არსებობს საკუთრების დაცვის მინიმალური გარანტიებიც კი. საქართველო 142 ქვეყანას შორის საკუთრების უფლების დაცვის კუთხით 120-ე ადგილზეა”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ექსპერტების შეფასებით, კონკურენციული პოლიტიკის გაჯანსაღების გარეშე, საქართველოს ბაზარი, შესაძლოა, განვითარდეს კლანური პრინციპით და გადაიქცეს უკვე დამკვიდრებული ძალების ანტიკონკურენტული ქმედების ასპარეზად, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შედეგებზეც, საზოგადოების კეთილდღეობაზეც, საინვესტიციო იმიჯზეც და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზეც.

კვლევის ავტორი დავით ნარმანია ამბობს, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი იზდება, თუმცა მშპ-ს სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო სექტორს უჭირავს და მისი ზრდა უცხოური კრედიტებით და დახმარებებით არის წახალისებული. რეალური სექტორის - მრეწველობის, სოფლის მეურნეობის - წილი კი მშპ-ს მოცულობაში სტაბილურად მცირდება. მნიშვნელოვნად იკლებს კერძო სექტორის წილი მშპ-ში. 

“თუ ხელისუფლება ამბობს, რომ მშპ იზრდება, ეს უპირველეს ყოვლისა ორ რამეზე უნდა აისახოს - დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე, რომელიც ბოლო წლებში მცირდება კიდეც და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე, რასაც ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა ნარმანიამ.  მისი განმარტებით, ბიზნესსექტორის განვითარებას აფერხებს საბანკო კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა, გადასახადების რთული ადმინისტრირება და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არარსებობა.

ექსპერტი ქეთევან ლაფაჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონკურენციის პოლიტიკა არც საერთაშორისო სტანდარტებს და არც ქვეყნის შიდა საჭიროებებს შეესაბამება. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა უკანასკნელი წლების განმავლობაში გარკვეულწილად უკვე განხორციელდა. ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით, კონკურენციის სააგენტო შეიქმნა, თუმცა, ლაფაჩის შეფასებით, ეს მხოლოდ ფორმალური ნაბიჯებია, რომელიც რეალურად კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. 

“კონკურენციის სფეროში საერთაშორისო წესები და პრინციპები სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ, სრულყონ და განახორციელონ კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი კანონები, არ დაუშვან დისკრიმინაციული მიდგომები არსებული სუბიექტების მიმართ და სასაქონლო ბაზრებზე უზრუნველყონ მათი ეკონომიკური მეტოქეობისთვის შესაბამისი პირობები. რამდენად უზრუნველყოფს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა, კანონები და მისი აღმასრულებელი ინსტიტუტი ამ ყველაფერს, საზოგადოებამ გადაწყვიტოს”, - აღნიშნავს ქეთევან ლაფაჩი.

ექსპერტის განცხადებით, კონკურენციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც 2011 წლის სექტემბერში იყო ინიცირებული, სტრუქტურული ელემენტების თვალსაზრისით საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა, მისი დეტალური ანალიზის შემდეგ იკვეთება, რომ ის კონკურენციის ყოვლისმომცველ სტრატეგიასთანაც კი წინააღმდეგობაში მოდის. 

ქეთევან ლაფაჩის აზრით, კონკურენციის პირობების გაჯანსაღებისთვის აუცილებელია ცხადი და აღსრულების თვალსაზრისით გამჭვირვალე წესების არსებობა, რომელიც საქართველოს ბაზარზე კონკურენციის დაცვასა და განვითარებას უზრუნველყოფს. ასევე, საჭიროა შესაბამისი ინსტიტუტის შექმნა და განვითარება, რომელიც ყოველგავარი სამთავრობო ჩარევებისგან თავისუფალი იქნება.