ჩიკაგოში ნატოს სამიტი მიმდინარეობს და დღეს ცნობილი ხდება, რომ სამიტის დეკლარაცია უკვე მიღებულია. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ორაზროვანი მინიშნებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სამიტზე „მაპზე უკეთესზე“ კიდევ უფრო უკეთესს მივიღებდით. თუმცა, ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ ამაზე მოსალოდნელი და წინასწარ ცნობილი დეკლარაცია ნატოს საქმიანობაში ძნელად თუ მოიპოვება.
სანამ დეკლარაციის შეფასებაზე გადავალთ, დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით ჩაწერილ მნიშვნელოვან საკითხებს გაგაცნობთ.
საქართველოს შესახებ დეკლარაციაში ნათქვამია: „ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება“. ამასთან, ამ დოკუმენტით ალიანსი მიესალმება იმ რეფორმებს, რომლებიც ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე საქართველომ უკვე განახორციელა და აცხადებს, რომ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას დემოკრატიული, საარჩევნო, სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, ისევე, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ნატო ხაზს უსვამს 2012 და 2013 წლების არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას.
ამის პარალელურად, ალიანსის წევრები საქათველოს ISAF –ის პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან. გარდა ამისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მიესალმება საქართველოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ხოლო რუსეთს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდებს.
დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ჩიკაგოს სამიტი ასპირანტი ქვეყნებისთვის სამომავლო გეგმებსა და პროგრესს ინდივიდუალურად განიხილავს და შეაფასებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლება ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციით აღფრთოვანებულია და ახლა ყველანაირად ეცდება მის ისე წარმოჩენას, რომ ეს დოკუმენტი ნატოს მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას ადასტურებს.
დეკლარაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უკვე გამოეხმაურა. მან დოკუმენტის კომენტირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა. როგორც მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს დეკლარაციით კმაყოფილია - „ახლა ნატოს კიდევ უფრო დავუახლოვდით“.
„პრაქტიკულად ყველა საკითხში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დოკუმენტი არის ძალიან მკაფიო და ქართული მხარისთვის აბსოლუტურად მისაღები. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან დოკუმენტი მსოფლიოს თანამეგობრობის ყველაზე დემოკრატიული და განვითარებული ნაწილის პოზიციას გამოხატავს. იმის მიუხედავად, რომ ეს ნატო-ს გაფართოების სამიტი არ არის, საქართველო რეალურად ალიანსს ბევრად უფრო დაუახლოვდა. 2008 წელს, როდესაც ბუქარესტში წევრობის შესახებ ევროპისგან დაპირება მივიღეთ, ამ დაპირებას დროში განსაზღვრული და გაწერილი მექანიზმი არ მოჰყოლია. საქართველო და უკრაინა იყვნენ გარკვეულწილად ამოვარდნილები ზოგადი, პრაქტიკული მექანიზმებიდან. ის, რაც დღეს ჩიკაგოში ხდება არის ის, რომ საქართველო ამოვარდნილი კონტექსტიდან სრულიად კონკრეტულ გარემოში და კონკრეტულ კონტექსტში გადავიდა. დღეს თუ რომელიმე ქვეყანას აქვს შანსი ნატო-ს წევრი პირველივე გაფართოების ტალღის დროს გახდეს, არის ბალკანეთის ის სამი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც დაჯგუფებულია საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
არადა 2008 წელს ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ მაპ–ზე უკეთესი მივიღეთ. დღეს კი აღმოჩნდა, რომ თურმე მაშინ ზოგადი პრაქტიკული მექანიზმებიდან ამოვარდნილები ვიყავით და ნატოს ახლა დავუახლოვდით. საინტერესოა, როდის ტყუის ხელისუფლება, 2008–ში, როცა მაპზე უკეთესი მივიღეთ, თუ ახლა, როდესაც ნატოს კივდე უფრო დავუახლოვდით?
როგორც აღვნიშნეთ, ქართველი ექსპერტები ამ დეკლარაციაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავენ. პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დოკუმენტში ასახულია ყველა ის მოლოდინი, რომელიც სუბიექტური იმპულსებისგან თავისუფალ საექსპერტო წრეებში იყო. მისი თქმით, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ნატოს ოფიციალური პირები უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ამ სამიტიდან საქართველო განსაკუთრებულს არაფერს უნდა ელოდოს.
ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ობამასთან შეხვედრიდან მოყოლებული, ევროპისა და ამერიკის პოლიტიკას წითელ ზოლად გასდევს საქართველოში 2012 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან მიბმა.
„ამ ეტაპზე საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზაზე მთავარ პირობად იქცა. ახლა, უკვე, საქართველოზეა დამოკიდებული, დემოკრატიული არჩევნები ნატოსკენ მიმავალ გზაზე ბარიერად იქცევა, თუ მოხდება ამ პირობის დაკმაყოფილება. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ქალბატონი საქართველოში ბრძანდებოდა, ქართველ სამხედროებთან შეხვედრაზე, მან ღიად გაუსვა ხაზი იმას, რომ შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ. ამდენად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება საქართველოსადმი ამერიკის კეთილგანწყობის შენარჩუნების და შემდგომში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების ერთ–ერთი მთავარი პირობა იქნება“, – აცხადებს ექპერტი presage.tv–სთან საუბარში.
ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ამ სამიტზე რაიმე სერიოზული სიახლეების მოლოდინი არ ყოფილა, მაგრამ ექსპერტი ფიქრობდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაქირავებული ამერიკული ლობისტური კომპანიების ზემოქმედების შედეგად, ნატოს რომელიმე მაღალჩინოსნის მხრიდან პიარისთვის განკუთვნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა მაინც იქნებოდა ნათქვამი, მაგრამ ასე არ მოხდა.
„იმ ტონიდან გამომდინარე, რომლითაც ნატოს მაღალჩინოსნები უკანასკნელი თვეების მანძილზე საუბრობდნენ საქართველოზე, ამ სამიტზე ჩვენთვის მაპ–ის მონიჭება საქართველოს ხელისუფლებისთვის 2012 წლის შემდეგ, კვლავ, ქვეყნის სათავეში დასარჩენად ინდულგენციის მიცემა იქნებოდა. ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ჩიკაგოს სამიტზე მაპ–თან არავინ მიგვაახლოვებდა. ამდენად, დღეს მივიღეთ ის შედეგი, რასაც ყველა ელოდა“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია ცხადყოფს, რომ ნატო ყველა მიმართულებით თავის პოზიციებზე რჩება, დაწყებული ნატოს ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის მადლიერებით და შემოდგომაზე დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნით დამთავრებული.
„ყველა ის პუნქტი, რაც ამ დეკლარაციაში აისახა, ნატოს წარმომადგენლების მიერ, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში უკვე ნათქვამი გახლავთ. ახლა კი, ამ ყველაფერმა დოკუმენტის სახე მიიღო, ეს არის და ეს. ამდენად, ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რადგან თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს არ იქნებოდა გაფართოების სამიტი“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამაზე უფრო მოსალოდნელი დოკუმენტი, ალბათ, ნატოს თავად არ გაახსენდება, რადგან პრაქტიკულად, ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლებოდა გამოცხადებულიყო, და რეალურად ასეც მოხდა.
ცისკარიშვილის თქმით, ასევე მოსალოდნელი იყო ტექსტის ის ორი აბზაცი, სადაც საქართველოსადმი ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისთვის მხარდაჭერა არის გამოხატული. ასევე ექსპერტის თქმით, იმაზე აპელირება, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება, იმაზე მიანიშნებს, რომ სტატუსთან დაკავშირებით, ამის შემდეგ რაიმე რეალური წინსვლა არ მომხდარა.
„აქაც ვაწყდებით ნატოს მხრიდან იმ საარჩევნო პროცესისადმი მოლოდინს, რომელიც საქართველოში წელს უნდა გაიმართოს. არ მგონია, ეს ჩვენს ხელისუფლებაში კმაყოფილების განცდას იწვევდეს, რადგან ისინი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მხოლოდ სიტყვიერად არიან მზად, ხოლო ყოველი მათი ნაბიჯი საწინააღმდეგოს მეტყველებს. ფაქტია, რომ ნატო არ გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელიც რომელიმე პოლიტიკური მოხელის ფანტაზიის საფუძველზე იღებდეს გადაყვეტილებებს. ამიტომ, რასაკვირველია, კარგია, რომ ნატო საქართველოს მიმართ ინტერესს არ კარგავს. მთავარია, თავად ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაკარგოს ნატოსკენ სვლის სურვილი, რადგან ეს გზა გადის რეალურ და არა ავადმყოფურ დემოკრატიაზე. სწორედ რეალური დემოკრატიის შიში გახლავთ იმის მიზეზი, რომ უკანასკნელი 4–5 წლის განმავლობაში ვერ მივუახლოვდით ნატოს კარებს, რომელიც თურმე კვლავ ღიაა ჩვენთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი presage.tv–სთან საუბარში.
აქვე იგი აღნიშნავს, რომ სწორედ საქათველოს ხელისუფლების დემოკრატიისადმი დამოკიდებულება არის ის მყარი კედელი ჩვენს ქვეყანასა და ნატოს შორის, რომელიც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მომავალში შეიძლება კიდევ უფრო მაღალი და მყარი გახდეს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავისთავად იმ ფაქტს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს საკითხს ასეთი ყურადღება ეთმობა. პეტრიაშვილი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და გლობალური უსაფრთხოების პროექტებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს სამიტზე აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ხაზი გაესვა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. ეს ადრეც იყო აღნიშნული და ახლაც ამ ფაქტს ნატოს სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დაფიქსირება და მათი მოწოდება, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში ყველა მხარემ კონტრუქციული პოზიცია დაიკავოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავ რჩებოდეს აქტუალურ თემად საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ისეთში, როგორიც არის ჟენევის დიალოგი“, – ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.