გასულ წელს პრეზიდენტის დანაზოგი, დაახლოებით, 45 ათასი ლარით შემცირდა. თუმცა, მაინც მოახერხა, რომ ყვარელში მიწა ეყიდა და იქ სახლი აეშენებინა, დაახლოებით, 80 ათას ლარად. ამის შესახებ პრეზიდენტის 2012 წლის დეკლარაციაშია საუბარი, სადაც, როგორც წესი, საჯარო თანამდებობის პირების წინა წლის ფინანსური ანგარიშგება ფასდება.
პრეზიდენტის 2012 წლის დეკლარაციის თანახმად, სადაც მოცემულია მის მიერ მიღებული და გაცემული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, ნათქვამია, რომ ყვარელში მიწის ნაკვეთი 33 000 ლარად შეიძინა, 97 კვ.მ ფართობის სახლის მშენებლობაზე კომპანია "არტესთან" გაფორმებული შეთანხმებაში კი 45 738 ლარი გადაიხადა.
დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა, სახლის მშენებლობაზე კი თანხა, 15 ივლისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით გადაიხადა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ სახლის მშენებლობა, დაახლოებით, 80 ათასი ლარი დაუჯდა და აშენებას ერთი წელიც არ დასჭირდა.
საინტერესო ის არის, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც პრეზიდენტმა სტუმრები ამ სახლში მიიღო და გაცხადდა, რომ ის სააკაშვილის საკუთრებას წარმოადგენდა, მისმა პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა ეს სახლი საკუთარი დანაზოგით შეიძინა.
დეკლარაციის მიხედვით სახლი 80 ათას ლარამდე დაჯდა და ეს ფული პრეზიდენტის პრესსპიკერის ოფიციალური განცხადებით, მისი დანაზოგიდან იქნა გადახდილი, გამოდის, რომ თანხა მის ანგარიშებს უნდა მოკლებოდა. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ სააკაშვილის დანაზოგი გაცილებით ნაკლებით შემცირდა.
სააკაშვილის ანგარიშების საერთო ოდენობა 2010 წელთან შედარებით, დაახლოებით 45 ათასი ლარით შემცირდა. კერძოდ, პრეზიდენტს 2010 წელს სახელფასო ანგარიშზე, რომელიც "საქართველოს ბანკში" აქვს, 62 993.68 ლარი ჰქონდა, გასულ წელს კი ეს თანხა 42 328.72 ლარამდე შეუმცირდა.
ამასთან, პრეზიდენტს 2010 წელს ამავე ბანკში 52 019.15 დოლარი ჰქონდა, რაც 2011 წლისთვის 23 000.04 დოლარამდე შეუმცირდა, 2010 წელს პრეზიდენტს ანგარიშზე 1 573.88 ევრო ჰქონდა, 2011 წელს კი ეს თანხა 7 080.61 ევრომდე გაიზარდა.
ამასთან, 2010 წელს პრეზიდენტს თანხა ჰქონდა საფრანგეთის ბანკ "სოსიეტე ჟენერალ" -შიც 30 000 ევროს ოდენობით. გასულ წელს კი ამ თანხას 9 ათასი ევრო დაემატა და 39 ათასი ევრო გახდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააკაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით 2011 წელსაც, როგორც 2010 წელს, 56 640 ათასი ლარი მიიღო, რაც, დაახლოებით, 25 ათასი ევროს ტოლია და გამოდის, რომ ხელფასიდან პრეზიდენტს მთელი წლის განმავლობაში საკუთარი თავის და ოჯახის სარჩენად 14 ათასი ევრო დარჩა. ამ თანხით კი მას, ოჯახის რჩენის გარდა, ყვარლის სახლის აშენებაც უნდა მოეხერხებინა.
თუმცა, სააკაშვილმა ეს როგორ შეძლო, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. საინტერესო კი ის არის, რომ სააკაშვილის სახლი ყვარელში კომპანია "არტესმა" ააშენა, 2012 წლის 17 მაისს კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს "თეთრ სიაში" მოხვდა, სადაც ის ჯერჯერობით ერთადერთი კომპანიაა.
ცნობისთვის, "თეთრი სია" არის პრივილეგირებულთა სია, სადაც მოხვედრილ კომპანიას ენიჭება ყველანაირი უპირატესობა, როგორც არშემოწმების, ასევე ტენდერებში მონაწილეობის თვალსაზრისით.
საინტერესოა ისიც, რომ პრეზიდენტის დეკლარაციაში კვლავ არის 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დაბა გუდაურში, რომელიც მის 2011 წლის დეკლარაციაში გაჩნდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. 2012 წლის დეკლარაციაშიც არ არის მითითებული, თუ როდის და რამდენად ჰქონდა შეძენილი ან რა ფორმით მიღებული.
ამ თემაზე "რეზონანსი" შარშანაც წერდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ითხოვდა პასუხს, თუ რატომ არის ამდენი უზუსტობა და შეუსაბამობა ქვეყნის პირველი პირის დეკლარაციაში, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
ამასთან, 2012 წლის დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტის და მისი ოჯახის საკუთრებაში არ არის ისეთი მოძრავი ქონება, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. ასევე, პრეზიდენტის ოჯახს გასულ წელს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღია.