არსებობს დიდი რისკი, რომ აჭარის სპეციალურ ფინანსურ ზონაში ფული გათეთრდეს. გარდა ამისა, არავინ იცის საქართველოში რამდენად რეალიზებადია ეს ინიციატივები. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი ჯიუტად ქმნის ახალი ტიპის ზონებს.
ექსპერტთა აზრით, ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც დღევანდელი საქართველოა, სპეციალური ფინანსური ზონა ვერ შეიძენს საერთაშორისო დატვირთვას და უფრო ფულის გასარეცხი შავი ხვრელი იქნება. ასეთი ზონები სარგებელს ვერ მოუტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, აქ ვერ მოხერხდება იმ საინვესტიციო რესურსების თავმოყრა, რომელიც შემდგომ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ეკონომიკის აღორძინებას უნდა მოხმარდეს.
“თავისუფალი ეკონომიკური ზონა უფრო ფართო ხასიათის ტერიტორიული ზონაა; საერთოდ კი, ქვეყნის მთელი ტერიტორია უნდა იყოს მიმზიდველი ინვესტიციებისთვის, თავისუფალი ბიზნესისთვის. ჩვენში კი ისეთი გარემოა, რომ წარმოუდგენელია, სოლიდურმა ფირმებმა, ცნობილმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა დააბანდონ კაპიტალი. უცხოური კაპიტალის სახით დღეს წარმოდგენილია საეჭვო წარმოშობის ოფშორული კაპიტალი, რომლის უკან, უმეტესწილად, ქართველები დგანან, და ეს კაპიტალი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.
ეს ახალი ეკონომიკური ზონაც - “სპეციალური ფინანსური ზონა” ხელისუფლებას საკუთარი მიზნებისთვის სჭირდება. როგორი საგადასახადო შეღავათებიც უნდა დაწესდეს, არც ერთი ჭკუათმყოფელი ბიზნესმენი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სერიოზულ აქტივებს არ ჩადებს”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
მას არც აჭარის ტურისტული პოტენციალსა სჯერა და მთავრობის მრავალწლიან “შემოქმედებას” ეჭვის თვალით უყურებს. “სამწუხაროდ, აჭარას გამორჩეულ კურორტად ქცევის პოტენციალი არ აქვს: მას საამისო არც ინფრასტრუქტურა აქვს, არც ფართობი. რაც შეეხება ბათუმს, კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო, მთელი მისი სანაპირო, უვარგისია აქტიური დასვენებისთვის. ან როგორ შეიძლება საპორტო ქალაქი საკურორტო ცენტრი იყოს? შესაძლოა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, აქ აშენდეს სამორინეები, სასტუმროები მაღალი ხარისხის სექსმომსახურებით, და ამ გზით განვითარდეს რეგიონი, თუკი ამას განვითარება ჰქვია”, - ამბობს გიორხელიძე.
არადა, თითქმის გადაწვეტილია, რომ აჭარაში, კერძოდ, გონიოს ტერიტორიაზე სპეციალური ფინანსური ზონა შეიქმნება, სადაც განსხვავებული იურიდიული კანონები იმოქმედებს და ფინანსური ტრანზაქციები სრულიად თავისუფალი იქნება.
“აქ განთავსდება უმსხვილესი კომპანიების ოფისები და 40, 50 და 60-სართულიანი კორპუსები. ჩვენ ახლა ვამუშავებთ კანონპროექტს, რომელიც წლის ბოლომდე ამოქმედდება. მე ვფიქრობ, 10 წელი იქნება საჭირო, რომ ფინანსური ზონა სრული დატვირთვით ამუშავდეს”, - აღნიშნა იდეის ავტორმა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, “ფინანსური ცენტრის” შექმნის იდეა რუსეთ-საქართველოს ომამდე მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს ჰქონდა. არსებობდა ხუთწლიანი განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც 12 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა და 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო გათვალისწინებული. პარლამენტის მიერ “ფინანსური სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის” დოკუმენტიც იქნა მიღებული, თუმცა ომის შემდეგ მან ძალა დაკარგა.
ექსპერტების თვალსაზრისით, ასეთი ზონების შემქნას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. შოთა მურღულიას აზრით, არსებობს რისკი, რომ ამგვარ ზონაში ფული გათეთრდეს, მეორე საკითხია ის, რამდენად რეალიზებადია ეს ინიციატივები.
სხვათა შორის, ფინანსური ზონა არის ოფშორის ერთ-ერთი მიმართულება. ოფშორული ბიზნესი კი სულ უფრო მზარდ როლს თამაშობს, როგორც საკრედიტო, ასევე საწარმოო ინვესტიციების მოძრაობაში. ოფშორულ ზონებში საკმაოდ ბევრი კომპანია რეგისტრირდება. ასეთი ზონების აქტიური მომხმარებლები უკვე არიან ქართული კომპანიებიც.