ქართველი მილიარდერი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი თავის რუსულ აქტივებს ყიდის, რადგან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის დამარცხებას გეგმავს.
ერთ დროს კარჩაკეტილმა მაგნატმა, ივანიშვილმა, რომლის ქონებასაც ჟურნალი Forbes 6.4 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც საქართველოს ეკონომიკის მოცულობის დაახლოებით ნახევარია, შარშან პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა და სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.
ივანიშვილის ინიციატივამ, რომელმაც თავისი ბიზნეს იმპერია რუსეთში ააგო, სადაც მას ბორისის სახელით იცნობენ, ქართული პოლიტიკა შეძრა. ეს კავკასიური სახელმწიფო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს და 2008 წელს მის ჩრდილოელ მეზობელ რუსეთთან ხუთდღიან ომში დამარცხდა.
სააკაშვილმა ივანიშვილი კრემლის მარიონეტად გამოაცხადა, რასაც მაგნატმა იმით უპასუხა, რომ პირობა დადო, რომ რუსეთში ყველა ჰოლდინგს გაყიდდა, მათ შორის უძრავი ქონების ბიზნესს, ბანკს, აგრარულ ბიზნესს და აფთიაქების ქსელს.
„ყველაფერი შევწირე… პოლიტიკაში შემოსვლას. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჩემი მიზანი არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ყველაფერი“, განაცხადა ივანიშვილმა Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუში მისი მოძრაობის „ქართული ოცნების“ (ოპოზიციური პარტიების კოალიცია) ოფისში.
„გაოცებული ვარ, რა მშვიდად არიან სააკაშვილის მხარდამჭერები. ისინი განაგრძობენ თავიანთ იდეოლოგიას, მაგრამ ეს ყველაფერი ოქტომბერში დასრულდება“.
56 წლის ივანიშვილი, პრობლემას წარმოადგენს იმ პრო-დასავლური კურსისთვის, რომელიც სააკაშვილმა, როგორც საქართველოს ლიდერმა, მისი რვაწლიანი მმართველობის პერიოდში აირჩია. საქართველო, რომლის მოსახლეობაც 4.7 მილიონ ადამიანს შეადგენს, რუსეთის არასტაბილურ სამხრეთ ფლანგზე მდებარეობს, რომელიც ევროპაში კასპიის ნავთობის ექსპორტისთვის სტრატეგიული დერეფანია.
„მან საკუთარი თავის ირგვლივ შემოიკრიბა თითქმის მთელი საპროტესტო ელექტორატი და შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა საქართველოში“, უთხრა Reuters-ს ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.
ივანიშვილი თავისი პირველი ქუჩის აქციის გამართვას 27 მაისს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გეგმავს და ამბობს, რომ ამით ის ოფიციალურად გახსნის თავის საარჩევნო კამპანიას. „ჩვენ იმის დემონსტრირება გვსურს, რომ ჩვენს საზოგადოებაში შიში აღარ არსებობს“, თქვა მან.
დასავლური ინსტიტუტების და კომპანიების მიერ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, „ქართული ოცნება“, რომელსაც შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა, მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებლებს დაახლოებით 20 %-ით ჩამორჩება.
შარშან, მთავრობამ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რადგან ის იყო ასევე საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეც. ივანიშვილმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და განაცხადა, რომ ქართული პასპორტის მიღების შემდეგ საფრანგეთთანაც გაწყვეტს კავშირებს.
იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნაზე, თუმცა განაცხადა, რომ მას შეუძლია ამის ხელახლა გაკეთება, ოღონდ სხვა პროცედურის გზით. პარლამენტმა ცვლილებები მიიღო, რომლის თანამხადაც ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ხუთი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია – რაც ივანიშვილს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
ოპონენტები 44 წლის სააკაშვილს, ლიდერს, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ აირჩიეს, თავისუფლებების შეზღუდვასა და 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმაში ადანაშაულებენ. საქართველოს არმია ხუთ დღეში დამარცხდა და მოსკოვმა სეპარატისტული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
გაყიდვა
ივანიშვილმა გაყიდა მისი აქტივების უმრავლესობა რუსეთში და აცხადებს, რომ კმაყოფილია ამ პროცესით, რომელიც მისი აზრით მაისის ბოლოს დასრულდება.
„მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით (ბაზარზე), ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნორმალურ ფასად გავყიდე… ყველა გარიგებით კმაყოფილი ვარ“, – თქვა მან.
„ფასები არ იყო ძალიან მაღალი, რა თქმა უნდა, მიმდინარე გლობალური კრიზისის ფონზე და მით უფრო რუსეთში, ამიტომ მე ვჩქარობ გავყიდო რაც შეიძლება სწრაფად“.
ბიზნესმენმა მისი უძრავი ქონების აქტივები რუსულ Bin Group-ს 980 მილიონ დოლარად მიჰყიდა, ბანკი „როსიისკი კრედიტი“ კი კერძო ინვესტორების ჯგუფს – 350 მილიონ დოლარად.
გარიგება, რომელიც მისი წამგებიანი ბიზნესის, აფთიაქების ქსელის „დოქტორ სტოლეტოვი“-ს 60 მილიონ დოლარად გაყიდვასთან არის დაკავშირებული, მალე დასრულდება.
აგრარული კომპანია „სტოილენსკაია ნივა“ ერთადერთი დარჩენილი აქტივია, რომლის გაყიდვასაც ბიზნესმენი, საკუთარი გათვლებით, 250-300 მილიონ დოლარად ვარაუდობს, ან „დაახლოებით, ჩემს მიერ განხორციელებული ინვესტიციის“ ფასად.
ივანიშვილის თქმით, რუსეთში მისი ჰოლდინგები მისი მთლიანი აქტივების მესამედს შეადგენდა, დანარჩენი – უცხოურ ბანკებსა და აქციებშია.
„რუსეთში ბიზნესი ჩემთვის ძალიან საინტერესო და რთული პროცესი იყო“, – თქვა მან. „მაგრამ არასდროს დამირღვევია კანონი, ჩემი ბიზნესი ამ ქვეყანაში ყოველთვის გამჭვირვალე იყო და ყოველთვის ღიად და პატიოსნად ვმუშაობდი“.
foreignpress.ge