ბოლო დღეებში ჭორი "აგორდა", თითქოს ბიძინა ივანიშვილმა "თელასის" აქციები შეიძინა, უფრო სწორად - ბანკ "რასიისკი კრედიტში" გადაცვალა. იმასაც ამბობენ, რომ თუ ეს მართლა ასეა, ერთი კილოვატი ელექტროენერგია 6 თეთრი ეღირებაო.
ჟურნალისტებმა ინფორმაციის დასაზუსტებლად "ქართული ოცნების" პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს მიმართეს: "ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ეს კერძო ბიზნესის საქმეა. შესაბამისად, მე ამ თემაზე ლაპარაკის უფლებამოსილება არ მაქვს. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და ინფორმაცია არ გამაჩნია. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს ასე არ არის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ბიძინა ივანიშვილისთვის აქციათა მიყიდვას უარყოფს კომპანია "ინტერ რაო ეესის" პრესმდივანი ნოკოლაი გორელოვი, რომელიც აცხადებს: "შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ "თელასის" აქციების 75%-ის მფლობელი კვლავ ჩვენი კომპანიაა. ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის არ გვიწარმოებია. "თელასის" აქციათა დანარჩენი 25% სახელმწიფოს საკუთრებაშია".
თავად "რაოში" კი წილები ასეა გადანაწილებული:
”ინტერ რაოს” ძირითად აქციონერად კვლავ სახელმწიფო რჩება. სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს კამპანიაში საკუთარი წილის პრივატიზებას.
2011 წლის 22 ივლისის მონაცემებით, ”ინტერ რაოს” უდიდესი აქციონერები არიან:
• "ФСК ЕЭС" - 19,95 %
• Росимущество - 14,79 %
• "Норильский Никель" - 14,2 %
• "Росатом" - 13,4 %
• ЗАО "Интер РАО Капитал" - 12,7 % акций
• "РусГидро" - 5,3 %
მმართველთა საბჭოს თავჯდომარეა ბორის კოვალჩუკი.
"თელასთან" დაკავშირებით ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს, ერთადერთი, რაც დადასტურებულია, ეს ბანკ "რასიისკი კრედიტის" გაყიდვაა - 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა ბანკი 352 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდა. მის მყიდველებად დამოუკიდებელი ბიზნესჯგუფები დასახელდნენ. კერძოდ, კომპანია "ლანიტის" მფლობელი გეორგი გენსი, სადაზღვევო კომპანია "Спасские ворота"-ს ყოფილი მფლობელი ბორის ჰაიტი, კომპანია "გლობესკის" ყოფილი მეპატრონე ანატოლი მოტილევი, ასევე, კერძო პირები: ვიქტორ ლუკიანოვი, ბორის პოსტუხოვი და ვლადიმირ ფაეროვიჩი.
აქვთ თუ არა ამ ბიზნესჯგუფებსა და კერძო პირებს კავშირი "რაოსთან" და მათ პატრონ ჩუბაისთან, ესეც არავინ იცის. არ არის იოლი გასარკვევი, სად ვისი ბიზნეს-ინტერესები იკვეთება.
ერთი სიტყვით, ინფორმაცია "თელასის" შესახებ არ დასტურდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისიც ითქვა, რომ ივანიშვილი, "თელასის" გარდა, "ყაზტრანსგაზთბილისსაც" ყიდულობსო. როგორც ჩანს, "გაზის გაიაფებასაც" უნდა ველოდოთ.
რუსეთში ქონების გაყიდვის პროცესი ივანიშვილმა ბოლო დროს დაიწყო. "რასიისკი კრედიტამდე" ქართველმა მილიარდერმა 60-70 მილიონ დოლარად გაყიდა სააფთიაქო ქსელი "დოქტორ სტოლეტოვი", რომელიც 400-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს. ქსელი სანკტ-პეტერბურგულმა საბითუმო ფარმაცევტულმა კომპანია "იმპერია-ფარმამ" შეიძინა.
ივანიშვილს ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთში მისი აქტივების გაყიდვა მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.