უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა პეტრ პოროშენკომ ქართული ეკონომიკური რეფორმების “არქიტექტორად” ცნობილ კახა ბენდუქიძესთან შეხვედრა გამართა და მასთან ერთად უკრაინაში ბიზნესის კეთების გამარტივებაზე ისაუბრა. პოროშენკომ და ბენდუქიძემ ისაუბრეს უკრაინის ეკონომიკის შესახებ, იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს ეკონომიკური და სახელმწიფო მმართველობის რეფორმების განხორციელებისას პრიორიტეტული.
გარდა ამისა, პოროშენკომ ბენდუქიძეს გააცნო უკრაინის მთავრობის ბოლო ინიციატივები ბიზნესის კეთების გამარტივებასთან დაკავშირებით. დეტალურად განიხილეს საგადასახადო და საპენსიო სფეროებში განხორციელებული რეფორმები. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ითანამშრომლებენ, რათა უკრაინამ საქართველოს გამოცდილება გაიზიაროს.
უკრაინელებმა ეტყობა არ იციან, ბენდუქიძის ე.წ. ლიბრალურ რეოფრმებს საბოლოოდ რა შედეგები მოჰყვა საქართველოში თორემ ასე როგორ გარისკავდნენ. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაფერი ძალიანაც კარგად იცოდნენ და ტიგიპკო (უკრაინის პრემიერი) და პოროშენკო მიზანმიმართულად ატარებდნენ თავიანთ ქვეყანაში ფსევდოლიბერალურ რეფორმებს, დაახლოებით ისე როგორც ეს ჩვენმა მთავრობამ “მოახერხა”.
ასე თუ ისე, ჩვენმა ხელისუფლებამ უკრაინაში მძიმეწონიანი პედაგოგი მიავლინა. ამიტომ შედეგებიც შესაფერისი იქნება. ასეთი ცოდნა-გამოცდილების გაზიარება უსასყიდლოდ არც კი ეგების, ამიტომაც საქართველოს მთავრობამ მყისვე გაუშანშალა თხოვნა ტიგიპკოს კაბინეტს. საქმე ეხება ღრმა და ყოვლისმომცველი ქალაქ ლაზიკის აშენებაში უკრაინის სრულფასოვან წილს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე კიევში იმყოფება, სადაც საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ქართულმა მხარემ უკრაინის მთავრობას შესთავაზა: “განიხილონ საქართველოში მშენებარე ღრმა პორტისა და ქალაქ ლაზიკას, როგორც ევროპა-აზიის შემაერთებელი სატრანსპორტო დერეფნის სამომავლოდ მნიშვნელოვანი ელემენტის მშენებლობისა და განვითარების პროცესში ჩართვის საკითხი”.
საინტერესოა რას ფიქრობენ ამის თაობაზე კიევში? ეს ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, ჩვენი ექსპერტები დაახლოებით ხვდებიან უკრაინელი დიდმოხელეების პოზიციას.
ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის ლაზიკას მშენებლობაში მონაწილეობის შეთავაზება მხოლოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯია და რეალობისგან ძალიან შორს დგას.
როგორც ბარამიძის უკრაინაში ვიზიტის შეფასებისას ხუხაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ლაზიკასთან მიმართებაში საზოგადოების რეაქციით ისეა წამხდარი, ამ პროექტის რეალურობის დასამტკიცებლად კიდევ უფრო აბსურდულ პროპაგანდისტულ ნაბიჯებს დგამს.
“უკრაინისთვის ლაზიკას მშენებლობაში ინვესტიციების ჩადების თხოვნა სრული აბსურდია. არ გამიგია რომელიმე სახელმწიფო სხვა სახელმწიფოში ქალაქს აშენებდეს. რაც შეეხება კერძო ინვესტორებს, არცერთი საღად მოაზროვნე ინვესტორი საპნის ბუშტში ინვესტიციას არ დააბანდებს. ჭაობზე ქალაქის ასაშენებლად საკუთარ ქონებას არავინ გარისკავს.
ხელისუფლებამ თავისი თავის პროპაგანდისთვის, შესაძლოა, ინვესტიციების მოზიდვის იმიტაცია გააკეთოს. იმიტაციას კი, ქართველი ჩინოვნიკების მიერ უკრაინაში გატანილი ფულის რეინვესტირებით მოახდენს. ესეც მოსაჩვენებლად, თორემ რეალურად არავითარი ინვესტიცია არ შემოვა”, - განაცხადა ექსპერტმა.