იჩქერიის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კავკასიის ემირი დოკუ უმაროვი თანამდებობიდან გადადგა. თუმცა პირად შემადგენლობაში მყოფ რამდენიმე ასეული მებრძოლთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ შეურიგებელ ჯიჰადს აგრძელებს. უმაროვის მემკვიდრედ და კავკასიის „ახალ ემირად“ ასლამბეგ ვადალოვი დასახელდა. მიაჩნიათ, რომ ფიცის დადების შემდეგ, „იმარატ კავკაზის“ ახალგაზრდა და ენერგიული ლიდერი „აქტიურად ამოქმედდება“ არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში.
– დოკუ უმაროვმა „კავკასიის ემირის“ უფლებამოსილება მოიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა კავკასიელ სეპარატისტთა ინტერნეტსაიტზე დაყრდნობით გაავრცელა.
კავკასიის „ახალ ემირად“ ასლამბეგ ვადალოვი დასახელდა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „დოკუ უმაროვი ჯიჰადს განაგრძობს და კავკასიის ემირატს ყოველმხრივ დაეხმარება“.
ამასთან, იმავე ინტერნეტგამოცემაზე დაყრდნობით „როიტერი“ იტყობინება, რომ დოკუ უმაროვმა უფლებემოსოლებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაცხადა უარი.
„კავკასიის ემირატის“ შექმნის შესახებ დოკუ უმაროვმა 2007 წლის 31 ოქტომბერს განაცხადა. ორგანიზაციამ არაერთხელ აიღო პასუხიმგებლობა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ტერაქტებზე. მათ შორის არის 2009 წელს ნევის ექსპრესსა და 2010 წელს მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტრაქტები.
2010 წლის თებერვალში რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე „კავკასიის ემირატის“ საქმიანობა შეაჩერა და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.
2010 წლის ივნისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დოკუ უმაროვი, როგორც „კავკასიის ემირატის“ ხელმძღვანელი, საერთაშორისო ტერორისტების სიაში შეიყვანა.
ჩეჩნეთის მარიონეტი პრეზიდენტი რამზან კადიროვი დოკუ უმაროვის განცხადებას გადადგომის შესახებ ფარსს უწოდებს. კადიროვი დარწმუნებულია, რომ მედიაში გაჩენილი ინფორმაცია დოკუ უმაროვის მიერ გაერთიანებული კავკასიის ემირობიდან გადადგომასთან დაკავშირებით პროპაგანდისტური ხასიათისაა და ამიტომაც მის დაკავებისკენ მიმართული სპეცოპერაცია გაგრძელდება.
„მედიაში გაჩენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთმა მაყურებელმა მეორე ჩაანაცვლა პროპაგანდისტული ხასიათისაა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას თუ რას უწოდებენ ისინი თავის თავს, ეს უბრალოდ არის მცდელობა მიაპყრონ ყურადღება ტერორისტის პერსონას, თითქოს რაღაც ძალების არსებობას რომელსაც რაღაც მმართველობის სტრუქტურა აქვს. ეს ყველაფერი ფარსია“, – განაცხადა კადიროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, „უმაროვისა და სხვა ბოევიკების დაპატიმრებისკენ მიმართული სპეცოპერაცია ამჟამად არსებული ინტენსივობით კვლავ გაგრძელდება“.
„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ უმაროვის უკან არ არის არავითარი ძალა და შენაერთი, რომელიც მის დაქვემდებარებაშია. იგი ავადაა და ვითარცა თაგვი ხვრელში ისე იმალება, კლავს ტილებს, უკბილოდაა დარჩენილი და სულაც არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს უხელმძღვანელოს“, – აცხადებს კადიროვი.
მისივე სიტყვებით, რაც არ უნდა უწოდოს უმაროვმა თავის თავს – იგი ბანდიტია.
„მას საერთოდ რომ არ აეღო იარაღი ხელში მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, იგი მხოლოდ იმის გამო უნდა გასამართლდეს, რომ გააკეთა განცხადება და საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგურის მოვლენები თავის ქმედებად გამოაცხადა, ისევე როგორც სხვა მრავალი ტრაგედია“, – აცხადებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობისათვის „უმაროვი უკვე კარგა ხანია ცოცხალი გვამია“.
„მას თითქმის არ იხსენებენ და ამ ბანდიტზე უფრო მეტად მედია საუბრობს, თან უცხოური. ჩეჩნეთში ათიდან ცხრა ადამიანს წარმოდგენა არა აქვთ რა „იმარატზე“ საუბრობს უმაროვი და ვინ არის უმაროვი. მაგრამ მედიას, შეგნებულად თუ შეუგნებლად ეს თემა უჭირავს“, – აცხადებს კადიროვი.
ამას გარდა, ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ უმაროვის ე.წ. მემკვიდრე ასლანბეკ ვადალოვს აქტიურად ეძებენ სამართალდამცავი ორგანოები.
„ოპერაციის მონაწილეებისათვის არა აქვს მნიშვნელობა ბანდიტური იერარქიის რა ჩინის მატარებელია ვადალოვი. დარწმუნებული ვარ შესაბამისი უწყებები შეძლებენ და მოძებნიან ორივე მეთაურს“, – აცხადებს რამზან კადიროვი და უმაროვსა და ვადალოვს, ორივეს ურჩევს – „აწეული ხელებით პირდაპირ სასამართლო დარბაზისაკენ გაემართონ“.
„მათ ამან შესაძლოა სიცოცხლე შეუნარჩუნოს, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის შემოღების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მათივე წინამორბედების – ხატაბის, ბასაევისა და სხვათა ბედის გაზიარება ელის“, – აცხადებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი.
ამასთან რამზან კადიროვმა 100 000 აშშ დოლარი ჯილდო დანიშნა იმ მეამბოხეთა მოძიებისათვის, რომლებმაც მის ძალოვნებზე იერიში მიიტანეს გროზნოში და რომლის დროსაც მოკლული იქნა ორი მილიციელი ამა წლის 31 ივლისს. არც თუ ისე ცოტა ფულია გათვალისწინებული თავდამსხმელთა პიროვნებებზე ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისთვისაც .
ჩეჩნეთის შსს მინისტრმა რუსლან ალხანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად ეს ინფორმაცია დაჰყავს მოსახლეობამდე. მისივე სიტყვებით, ტყის მასივების გაჩხრეკისას შეტაკების ადგილთან ახლოს სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილ იქნა სისხლის კვალი.
„ტყავიდან გამოძრომის“ მცდელობების მიუხედავად, მედიაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ კრემლმა კადიროვს შემცვლელი მოუძებნა. საინფორმაციო სააგენტოს „იჩქერია-ინფოს“ მთავარი რედაქტორის მუსა ტაიპოვის აზრით, ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვი ამ შემოდგომას ვერ გადაიტანს.
ტაიპოვის თქმით, რუსული სპეცსამსახურები კადიროვის შეცვლას ამზადებენ და ეს კავკასიის დამორჩილების მორიგი ეტაპი იქნება. ჩეჩენი ჟურნალისტის ცნობით, კადიროვის შემცვლელი ცნობილი პიროვნებაა და „მალე მას რუსები გამოწერენ იმ ადგილიდან, სადაც შენახული ჰყავთ“.
„კადიროვმა თავისი ამოცანა, შავი სამუშაო შეასრულა. მას სისხლს ვერ ჩამორეცხენ. ასეთებს როგორც ექცევიან, ეს ვიცით კადიროვ-უფროსის, ლაბაზანოვის, ბაისაროვისა და იამადაევის მაგალითებზე“, – აცხადებს ტაიპოვი.
და მაინც, რატომ გადადგა დოკუ უმაროვი და ვინ არის მისი მემკვიდრე ასლამბეგ ვადალოვი? საინფორმაციო საშუალებებმა უკვე გამოაქვეყნეს პირველი ცნობები „იმარატ კავკაზის“ ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის გადადგომის მიზეზებზე და ასლამბეგ ვადალოვის ვინაობაზე. როგორც ცნობილია დოკუ უმაროვმა 1 აგვისტოს გამოაცხადა თავის გადადგომის შესახებ და თხოვნით მიმართა დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდოს გაერთიანებული ვილაიეთის, ბალყარეთის და ყარაჩაის ამირებს ფიცი დადონ „იმარატ კავკაზის“ ახალი ლიდერის ასლამბეგ ვადალოვის წინაშე.
დოკუ უმაროვის გადადგომის მთავარ მიზეზად სახელდება მისი ჯანმრთელობის გაუარესება, რასაც უკავშირებენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მისი მოწამვლის მცდელობას 2009 წელს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო ხანებში რუსულმა სპეცსამსახურებმა მოწამლული საკვების შეგზავნის გზით გასულ წელს მოკლეს 17 ბოევიკი და მათი ლიდერი. ამ გზით რუსების პირველ წარმატებულ ოპერაციად ბოევიკთა ცნობილი არაბი საველე მეთაურის ხატაბის მოწამვლა სახელდება, რომელიც მისი სიკვდილით დასრულდა.
„იმარატ კავკაზის“ ახალი ხელმძღვანელი ასლამბეგ ილიმსულთანის ძე ვადალოვი დაბადებულია გუდერმესის რაიონის სოფ. იშხოი-იურთში. 2007 წლის თებერვალში ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოაცხადეს, რომ ვადალოვი მოკულულ იქნა ერთერთი სპეცოპერაციის დროს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია ყალბი იყო. 2008 წლის 12 ივნისს იგი ხელმძღვანელობდა სოფელ ბენოი-ვედენოში მილიციელების სახლებზე ცნობილ თავდასხმას, რომლის დროსაც მოკლეს მილიციის 3 თანამშრომელი და გადაწვეს რამდენიმე სახლი.
მიაჩნიათ, რომ რეგიონის ამირების ფიცის დადების შემდეგ, „იმარატ კავკაზის“ ახალგაზრდა და ენერგიული ლიდერი აქტიურად ამოქმედდება არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში.
რაც შეეხება გახმაურებულ ტერაქტებს, შეგახსენებთ, რომ დოკუ უმაროვმა მოსკოვის ბოლო ტერაქტებში სწორედ რუსული სპეცსამსახურები და „პირუტყვი“ პუტინი დაადანაშაულა. „მოსკოვის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჩეჩენ ბოევიკებს არ აუღიათ“ – ამის შესახებ ითქვა რუსულენოვანი ქართული ტელეარხ „პირველი კავკასიურის“ ეთერით გადაცემულ აუდიოჩანაწერში, რომელიც ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერის დოკუ უმაროვის სახელით გავრცელდა. აუდიოჩანაწერში მამაკაცის ხმა აცხადებდა, რომ „მოსკოვის მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია“.
„ჩეჩნები ამას ვერ გააკეთებდნენ. ყოველივე წარმოდგენილია ისე, თითქოს რუსული სპეცსამსახურებიდან არავინაა დამნაშავე. სინამდვილეში კი, ისინი არიან თანამონაწილენი. მოსკოვის აფეთქებებში დამნაშავეა უშიშროების ფედერალური სამსახური და პირადად რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი“ – ნათქვამია აუდიოჩანაწერში, რომლის ნამდვილობა უცნობია ისევე, როგორც ის, მონაწილეობდა თუ არა თავად უმაროვი ამ გზავნილის ჩაწერაში.
აუდიოჩანაწერის ავტორი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვიდან წასვლით, პუტინმა საფრთხე შეუქმნა თანამოქალაქეებს. მისივე თქმით, „რუსი ჩინოვნიკები მსგავს რაღაცეებს იმიტომ აწყობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ. „თქვენ ყველაფერს აკეთებთ საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად, რათა საზოგადოებამ ხმა მოგცეთ და ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოთ“ – განაცხადა მან. ჩანაწერის ავტორი პუტინს „მსოფლიოში ყველაზე დიდ პირუტყვს“ უწოდებს და ბოდიშს უხდის „ნორმალურ ხალხს“ და არა პრემიერს.
ასევე შეგახსენებთ, რომ ტერაქტებში რუსული უშიშროების მონაწილეობის თაობაზე 30 მარტს ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა დუკუვაჰ აბდურახმანოვმაც განაცხადა.
ცნობისთვის, დოკუ (დოკა) უმაროვი (Dokka Umarov) (დ. 13 აპრილი, 1964, ჩეჩნეთი). იჩქერიის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კავკასიის ემირი. იგი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დაწყების დღიდან იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ამ ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის უმაროვი დაჯილდოებულია ორი ორდენით („ერის პატივი“ და „ერის გმირი“). პირად სამხედრო შემადგენლობაში დღემდე ჰყავს რამდენიმე ასეული მებრძოლი.