კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" ანგარიში ბიძინა გიორგობიანის მიერ ჩარიცხული 90 ათასი ევროს გამო დააყადაღა. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემული განმარტებით, გიორგობიანი "კონსერვატიული პარტიის" წევრია და, კანონის თანახმად, მის მიერ გადარიცხული თანხა პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.
ამის პასუხად, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ინტერპოლით ძებნილი, გერმანიაში მცხოვრები ბიძინა გიორგობიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კონტროლის პალატა ტყუის. ჯერ ერთი, რომ ის "კონსერვატიული პარტიის" წევრი გასული წლის აგვისტოს შემდეგ აღარ არის და არც კოალიცია "ქართულ ოცნებაშია" გაწევრიანებული; მეორე - შემოწირულობა არა კონკრეტულად მისი, არამედ გერმანული ფონდის "ოსტეუროპა - მედიენ უნდ გეზელშაფტ"-ის მიერ განხორციელდა. ფონდი "ქომაგის" ხელმძღვანელი ია მეტრეველი ამბობს, რომ გიორგობიანი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი და ფონდმა ეს იცოდა. მეორეც, მათ ჯერ ფინანსური დახმარება არ გაუციათ და რაც მთავარია, მათთვის კონტროლის პალატას ოფიციალურად არ მოუმართავს და შესაბამისად, სრულყოფილად კომენტარებსაც შემდეგ გააკეთებენ. ია მეტრეველი: "დღეისათვის რეპრესირუბელი ადამიანების საქმეებს ვსწავლობთ. უამრავი ადამიანი მოდის და როგორც კი საქმეებს შევისწავლით, თანხების გაცემას აუცილებლად დავიწყებთ. მაგრამ ჯერ თანხა არ გაგვიცია და წინსწრებით ქონების დაყდაღება საკვირველია. "თანაც, ჩვენ მხოლოდ მედიიდან და კონტროლის პალატის საიტიდან შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი ქონება დაყადაღებულია, თავად კონტროლის პალატას კი ოფიციალურად არ მოუმართავს. მათი მხრიდან ოფიციალურად გამოხმაურებას ველოდებით და ამის შემდეგ რას დავაპირებთ, სწორედ მას შემდეგ ვიტყვით, რაც ამას ოფიციალური სახე ექნება". კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული ცნობით კი, "2012 წლის 17 მაისს, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან "კონსერვატიული პარტიის" საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ, რომელიც ამავდროულად არის პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი და მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდაა დაკავშირებული "ქართული ოცნების" გეგმებთან, განხორციელდა 90 000 ევროს ოდენობის ტრანზაქცია. აღნიშნული ტრანზაქცია, ისევე როგორც ფონდის საქმიანობა, სუბიექტების, ფორმით, შინაარსითა და სხვა ნიშნებით პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული და წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. "პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დააყადაღოს აიპ "ფონდი ქომაგის" ანგარიშები. აგრეთვე, განახორციელოს ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები". კონტროლის პალატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გამოქვეყნებულ ბიძინა გიორგობიანის ინტერვიუებში აღნიშნულია, რომ ის არის "კონსერვატიული პარტიის" წევრი და სხვა დეტალურ კომენტარს უწყება უახლოეს ხანებში გააკეთებს. მათივე ინფორმაციით, ანგარიშის დაყადაღების შესახებ ოფიციალური უწყება გუშინ მიიტანეს "ქომაგის" ოფისში, მაგრამ ოფისი დაკეტილი დახვდათ. ბიძინა გიორგობიანი ამბობს, რომ "შემოწირულობა განახორციელა გერმანულმა ფონდმა "ოსტეუროპა - მედიენ უნდ გეზელშაფტ"-მა. ის ამ ფონდის თანამშრომელია, მაგრამ გერმანიაში არსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას ერთპიროვნულად არ განსაზღვრავს. ბიძინა გიორგობიანი: "ჩემი გვარი ფიგურირებს მხოლოდ როგორც ამ ფონდის თანამშრომლის გვარი, რომელმაც შეასრულა ფონდის დავალება. "რაც შეეხება პარტიის წევრობას, შარშან აგვისტოში ესპანეთში ჩემი დაპატიმრების შემდეგ, იმ მიზეზით, რომ ვერ ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილება შევიჩერე. პარტიის წევრობის შეჩერების თხოვნით მე 2011 წლის სექტემბერში მივმართე ეროვნულ კომიტეტს და ამის წერილობითი დოკუმენტიც არსებობს. "ასევე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ კოალიციას პარტიები ადგენენ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, კონსერვატიული მრწამსის და შეხედულებების და, შესაბამისად, არ ვარ კოალიციაში". მისივე თქმით, გერმანული ფონდის ძირითადი დანიშნულებაა აღმოსავლეთ ევროპაში დიქტატორული რეჟიმების პირობებში მყოფი საზოგადოებისა და საინფორმაცო საშუალებების დახმარება. ფონდს გააჩნია საკუთარი წესდება, რომელიც გერმანიის ფინანსურ უწყებაში და იურიდიულ რეესტრშია გატარებული და მოქმედებს ამ წესდების საფუძველზე და მომავალშიც აუცილებლად დაეხმარებიან საქართველოს იმ არასამთვრობო ორგანიზაციებს, მასმედიას და საქველმოქმედო ფონდებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების შექმნას და გაძლიერებას უწყობენ ხელს. "კონტროლის პალატის ქმედება დიდი ხანია პოლიტიკური რეპრესიის სახეს ატარებს. კონტროლის პალატას არ აქვს უფლება შეზღუდოს გერმანული საქველმოქმედო ფონდის მიერ ქართული საქველმოქმედო ფონდისადმი დახმარება. მსგავს უკანონობას ჩვენ აუცილებლად დავუპირისპირებთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აქტიურ ზეწოლას საქართველოს გადაგვარებულ მთავრობაზე", - აცხადებს გოორგობიანი. რამდენად კანონიერია, როცა კონტროლის პალატა სუბიექტებს მხოლოდ პრესიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აჯარიმებს და ამ დროს არ ხდება პარტიების ოფიციალური დოკუმენტების გადამოწმება? "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურიც ადასტურებს, რომ ბიძინა გიორგობიანი არა თუ მათი პარტიის წევრი, საქართველოს მოქალაქეც აღარ არის და წესით, კონტროლის პალატამ ეს უნდა იცოდეს. ზვიად ძიძიგური: "გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა და არა საქართველოს. 2011 წლის სექტემბერში ჩვენ მას პარტიის წევრობაც შევუჩერეთ. ხელისუფლება რომ ფონდი "ქომაგის" დაარსების წინააღმდეგი იყო, ამას პირველი დღიდან არ მალავდა და ახლა კონტროლის პალატამ ძალიან ცუდი მიზეზი მოიგონა, იმიტომ, რომ გერმანული ფონდის მიერ გადმორიცხული თანხის გამო ფონდის ანგარიშის დაყადაღება სრული უკანონობაა. "ამ ფონდში მუშაობს გიორგობიანი, მაგრამ ის არა თუ პარტიის წევრი, საქართველოს მოქალაქე რომ აღარ არის, არ უნდა იცოდეს კონტროლის პალატამ?! ამის შემდეგ რა უნდა ილაპარაკო?! ეს სრული უკანონობაა. უბრალოდ, გიორგობიანი ძალიან აქტიური ადამიანია და სურს საქართველოს რაღაც კარგი გაუკეთოს". ცნობისათვის, 2012 წლის 30 აპრილს დაარსდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქომაგი". ფონდის შექმნისა და საქმიანობის მიზნად განისაზღვრა პოლიტიკური ნიშნით დაზარალებული პირების ფინანსური და იურიდიული დახმარება. გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, "ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე, გამოუყოფს ყოველთვიურ დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე". კონტროლის პალატა აცხადებს, რომ ფონდის დაფუძნებისთანავე პოლიტიკური კოალიციის "ქართული ოცნების" ლიდერები ახდენდნენ ასოცირებას ფონდის მიზნებთან და ამოცანებთან, საჯარო გამოსვლებში საუბრობდნენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, საქმიანობის ფორმებზე, რაც საზოგადოებაში ქმნიდა მიზნების განხორციელების დამაჯერებლობას, იწვევდა საზოგადოების მხრიდან ფონდის საქმიანობის პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობასთან. "ყოველივე აღნიშნული ქმნიდა ფონდის მიზნების, ამოცანების კავშირს და პირდაპირ მიმართებას პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან. რაც ასევე გამოიხატება ფონდის ხელმძღვანელის საჯარო ქმედებებში, მოახდინოს "კოალიციის" პოლიტიკური მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, პარტიის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციას შეუწყოს ხელი. აღნიშნულის შესახებ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2012 წლის 14 მაისს გააკეთა შესაბამისი განცხადება და მოუწოდა შესაბამის სუბიექტებს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებისკენ", - აცხადებდნენ კონტროლის პალატაში. როგორც "ქართული ოცნების" იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, "კონტროლის პალატა" უკანონოდ იქცევა, რადგან იმისათვის, რომ კონტროლის პალატამ ფონდი "ქომაგის" მიმართ რაიმე მოქმედება განახორციელოს, სახეზე უნდა იყოს ამ სუბიექტის მეშვეობით რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ან ამომრჩევლის მოსყიდვა. ფონდი "ქომაგის" მეშვეობით კი არც პოლიტიკური პარტია დაფინანსებულა და არც ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა ყოფილა. "გინახავთ, ზეპირი განცხადების გარდა ფულის გადაცემის ფაქტი?! იყო ზეპირი საუბარი იმის თაობაზე, რომ "ქომაგი" დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონოდ არის რეპრესირებული. აქიდან გამომდინარე, კონტროლის პალატა წინსწრებით აყადაღებს სიკეთეს, რომ ამით მათ ბოროტებას აზრი არ დაეკარგოს. ხელისუფლებამ ადამიანები სამსახურებიდან გაათავისუფლა და საარსებო სახსრების გარეშე დატოვა. ამიტომ, თუკი ამ ადამიანებს რაღაც ფონდი დახმარებას აღმოუჩენს, მათი ბოროტება მარცხდება", - ამბობს ქუცნაშვილი. მისივე განმარტებით, "ქომაგის" დახმარება ვერ იქნება ამომრჩეველთა მოსყიდვა, რადგან ეს ფონდი არ წარმოადგენს პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას. ზაქარია ქუცნაშვილი: "ერთი უკანონობაა, რომ ამ ფონდს ჯერ არ განუხორციელებია ვინმეს დახმარება და განცხადება მხოლოდ ვერბალურ დონეზე გაკეთდა. მეორეც, რომც განეხორციელებინა, ეს კანონის დარღვევა არ იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ფონდს არ აქვს პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ის არის საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანია ადამიანებს დაეხმაროს და მიზნად არ ისახავს არჩევნების გზით ხელისუფლებში მოსვლას. "მე ამ შემთხვევაში კომენტარს ვაკეთებ როგორც იურისტი, პოლიტიკური გაერთინების შესახებ კანონმდებლობის მცოდნე და კონტროლის პალატასთან უკანონო ბარიერების გავმლელი პირი. ფონდი "ქომაგი" ჩვენთან არც ფორმალურად და არც იურიდიულად კავშირში არ არის. აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით რა ნაბიჯებს მიმართავს ორგანიზაცია". |