შემოწირულებისთვის დაჯარიმებულები უსახლკაროდ რჩებიან

შემოწირულებისთვის დაჯარიმებულები უსახლკაროდ რჩებიან

 

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 9 თებერვალს ”ქართული ოცნებისთვის” გადარიცხული შემოწირულების გამო თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმებულმა 4-მა პირმა პრესკონფერენცია გამართა. მარიამ მეტრეველს, ვახტანგ ედიშერაშვილს და ბესიკ მუმლაურს 100 ათასი ლარის, ხოლო თამაშა ჩიტაიას 50 ათასი ლარის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, სასამართლო აღსრულების ბიურო ქონების დაყადაღებით და ჯარიმის იძულებით გადახდით ემუქრება. თავად შემომწირველები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში საქმის გასაჩივრებას აპირებენ, მანამდე კი უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. 

მარიამ მეტრეველმა 9 თებერვალს, მაშინ ჯერ კიდევ საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებას”, როგორც თავად ამბობს, პირადი დანაზოგიდან 10 ათასი ლარი შესწირა, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კი 6 აპრილს მარიამ მეტრეველთან ერთად კიდევ სამი შემომწირველი დაკითხა, მათ შორის - ვახტანგ ედიშერაშვილი, ბესიკ მუმლაური და თამაშა ჩიტაია. დაკითხვის საფუძველზე კონტროლის პალატამ გამოიტანა დასკვნა, რომ პირებმა კანონის გვერდის ავლით განახორციელეს შემოწირულება და, ამავე დროს, ვერ დაადასტურეს შეწირული თანხის წარმომავლობა. ამის გამო მათ გადარიცხული თანხის ათმაგი ოდნობით ჯარიმა დაეკისრათ.

 როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამ პირების ადვოკატმა ალა კახნიაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს კანონი არ დაურღვევიათ, რადგან მათ თანხის შესაწირავად საკმარისი შემოსავალი ჰქონდათ. ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია სასამართლოსაც წარუდგინეს, სადაც კონტროლის პალატის დადგენილებას ასაჩივრებდნენ, მაგრამ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დადგენილება, რაც, ალა კახნიაურის განცხადებით, წინასწარვე იყო სავარაუდო:

”ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ეს დადგენილება შესულიყო კანონიერ ძალაში და აღნიშნული პირები სამაგალითოდ დასჯილიყვნენ, გადაეხადათ ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობით თანხები და ეს ყოფილიყო სხვებისთვის ჭკუის მასწავლებელი, რათა არ გაებედათ და ”ქართული ოცნების” ანგარიშზე არ შეეტანათ თანხა.”

ამასთან, ადვოკატის თქმით, საგულისხმოა ისიც, რომ კონტროლის პალატამ მაშინ ”ქართულ ოცნებას” ამ პირებისთვის უკანონოდ გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა. იმისათვის, რომ ეს პირები გადაერჩინა, ”ქართულმა ოცნებამ” თანხა მათ ანგარიშზე დააბრუნა, მაგრამ, ადვოკატის განცხადებით, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და როცა ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა ამოიწურა, საქმეში სასამართლო აღსრულების ბიურო ჩაერთო.

”ქონების აღწერა ჯერ არ შემდგარა, მაგრამ მოვიდნენ და გამაფრთხილეს, ერთი კვირის ვადას გაძლევთ, თუ ამ ჯარიმას არ გადაიხდი, მოვალთ და დაგიყადაღებთ ქონებასო. არ ვიცი, ალბათ გვტოვებენ ღია ცის ქვეშ მე და ჩემს 21 წლის შვილს”,- ამბობს მარიამ მეტრეველი, რომლის სიტყვებითაც, მთელი მისი ქონება რუსთავში არსებული სამოთახიანი ბინაა, საოჯახო ნივთებით.
უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ ბესიკ მუმლაურს და მის მეუღლეს, თამაშა ჩიტაიას, რომლებიც უნივერსიტეტში ბიძინა ივანიშვილის ჯგუფელები იყვნენ და ყოველთვიურად იღებდნენ ბიზნესმენისგან ფინანსურ შემწეობას. მათ ”ქართულ ოცნებას”, ჯამში, 15 ათასი ლარი შესწირეს.

” 61 წლის ასაკში რაც მქონდა დაგროვილი და შეძენილი, ესაა ოროთახიანი ბინა ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე. ამ ბინას ვკარგავ. ყველანაირი ფინანსური ანგარიში, რომელზეც შეიძლებოდა ახლობლებს თანხა ჩაერიცხათ, დაყადაღებულია. ავტოფარეხი, რომელშიც დროებით შემეძლო მეცხოვრა, იმასაც ყადაღა დაედო, ესე იგი არავითარ საშუალებას არ მაძლევენ, ვრჩები გარეთ. ერთი ის დამრჩენია, რომ დავიხალო შუბლში ტყვია და მოვიკლა თავი, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, ვიბრძოლებ ბოლომდე. თანხას არ გადავიხდი არავითარ შემთხვევაში”, - ამბობს ბესიკ მუმლაური.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის ნინო ლომჯარიას სიტყვებით, ამ პირების დაჯარიმება სწორედ მაშინ მოხდა, როცა კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახალი შექმნილი იყო და თავად კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ხელმძღვანელობდა, იყო ძალიან მკაცრი და ბუნდოვანი. ამის გამო ხშირად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღებოდა:

”ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყო გაუგებრობა და ბუნდოვანება. ახლა სიტუაცია ალბათ შედარებით დალაგდება, როცა ახალი კანონი ძალაში შევა, მაგრამ მაგ პერიოდში განსაკუთრებით რთული იყო გარკვევა, თუ როდის იქცეოდა სწორად კონტროლის პალატა და როდის არა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობასაც პრობლემები ჰქონდა - გადაწყვეტილებების დასაბუთება ხშირად ვერ ხდებოდა სათანადოდ.”

ნინო ლომჯარია გულისხმობს ცვლილებებს, რომლებიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში არასამთავრობოთა კოალიციის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა. გავიხსენოთ, რომ არასამთავრობოები ჯარიმის სახით ათმაგი ოდენობის ნაცვლად სამმაგი ოდენობის თანხის დაწესებას ითხოვდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ჯარიმა ძალიან მკაცრი იყო. თუმცა პარლამენტმა ეს ვარიანტი ბოლომდე არ გაითვალისწინა და ხუთმაგ ოდენობაზე შეჩერდა და კანონში ეს ცვლილება დაამტკიცა კიდეც. კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტი ხელს მოაწერს, თუმცა ეს ცვლილება ამ კონკრეტული 4 ადამიანის სასარგებლოდ ვეღარაფერს შეცვლის. მათი იმედი ახლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უკავშირდება, სადაც სარჩელის შეტანას გეგმავენ.