კვირას, 6 მაისს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგა, რომელშიც მონაწილეობას საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი იღებდნენ. 7 მაისს, ღამით საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ფრანსუა ოლანდს ამომრჩეველთა 51.6%-მა (18 მლნ. ამომრჩეველი) მისცა ხმა, კოსერვატორული პარტიის - „კავშირი სახალხო მოძრაობისთვის“ - ლიდერს, ნიკოლა სარკოზის კი მხოლოდ 48.33% (16.8 მლნ. ამომრჩეველი.) 2.1 მილიონი ბიულეტენი ან გაუქმებულად სცნეს, ან ამომრჩეველმა უბრალოდ თავი შეიკავა არჩევანის გაკეთებისგან. არჩევნ არჩევნებიების მეორე ტურში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 70%-მა მიიღო მონაწილეობა. სარკოზიმ ხმების დათვლის საწყის ეტაპზევე აღიარა დამარცხება და ოლანდს გამარჯვება მიულოცა
ეს არჩევნები რესპუბლიკისთვის რიგით მეათე იყო. ფრანგებმა ქვეყნის მმართველობა 5 წლის ვადით ფრანსუა ოლანდს ჩააბარეს. პირველად უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში არჩევნებში სოციალისტმა გაიმარჯვა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, რომ სარკოზიმ თავის ოპონენტთან სხვაობა 10%-დან 3%-მდე შეამცირა მეორე ტურისთვის. თუმცა მაინც მემარცხენემ, სოციალისტმა გაიმარჯვა და ახლა, ევროპაში არსებული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე მისმა პოზიციამ შესაძლოა მთელი ევროკავშირის განვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს.ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში ეს არჩევნები გახდა მეორე, როდესაც საფრანგეთს სოციალისტი ჩაუდგა სათავეში და ასევე რიგით მეორე, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი დამარცხდა და ვერ მოახერხა მეორე ვადით პოსტის შენარჩუნება.
შედეგების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი, ფრანსუა ოლანდი გახდება, რომელმაც ხმათა 51.6% დააგროვა. ფრანსუა ოლანდი 51.64% 18 000 668, ნიკოლა სარკოზი 48.36% 16 860 685
ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა - შეეძლო კი სარკოზის ამ არჩევნების მოგება? საინტერსო აქ წინასაარჩევნო კამპანიის საკითხია. შეეძლო თუ არა უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაეკეთებინა რაიმე ისეთი უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რომ ხელმეორედ არჩეულიყო პოსტზე? შედეგებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, სარკოზის ასეთი შანსი მართლაც ჰქონდა.
მიუხედავად ოლანდის მინიმალური სხვაობით გამარჯვებისა, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საფრანგეთი იდეოლოგიური პრინციპით მკვეთრად პოლარიზებულია. ერთის მხრივ, არიან მემარცხენეები, რომელთაც ყოფიერების სოციალურ-ეკონომიკური საკითხები აწუხებთ, მეორეს მხრივ კი - მემარჯვენეები, რომელთაც ერთი შეხედვით კი აღელვებთ სოციალური საკითხები, თუმცა უფრო მეტი აქცენტები მიგრაციაზე და ზოგადად, ეთნოცენტრიზმზე კეთდება.
არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 80.46% შეადგინა, რაც 3%-ით ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით. პირველი ტურის შედეგების მიხედვით ლიდერობდა ფრანსუა ოლანდი, რომელმაც 22 აპრილს ხმათა 28.63% დააგროვა. მეორე ადგილზე კი ნიკოლა სარკოზი გავიდა ხმათა 27.18%-ით. სწორედ ისინი გადავიდნენ არჩევნების მეორე ტურში. მესამე ადგილზე ნაციონალური ფრონტის ლიდერი, მარინ ლე პენი აღმჩნდა 17.9%-ით, შემდეგი - „მემარცხენეთა ფრონტის“ ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონია, რომელსაც ამომრჩეველთა 11.1%-მა დაუჭირა მხარი.
არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ოლანდმა შეძლო თავისი წინამორბედის, ასევე სოციალისტი სეგოლენრუაიალის შედეგის გაუმჯობესება 3%-ით. რაც შეეხება სარკოზის, 2007 წლის არჩევნებთან შედარებით მისი მხარდაჭერა 4%-ით შემცირდა.
საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის შედეგი. 17.9% საუკეთესო შედეგია ნაციონალური ფრონტის ისტორიაში, მაგრამ არჩევნების მეორე ტურში, ისევე როგორც ჟან-მარი ლე პენი 2002 წელს (16.86%-იანი მაჩვენებლით) ვერ მოხვდა. არჩევნების პირველ ტურში, მთლიანობაში, მემარცხენე კანდიდატებმა ხმათა 43.75% დააგროვეს, მემარჯვენეებმა - 47.12%, ხოლო ცენტრისტებმა - 9.13.
არჩევნების მეორე ტურისთვის ოლანდს მხარდაჭერა ოფიციალურად ჟოლიმ, მელნშონმა, ბაირუმ და პუტუმ გამოუცხადეს. სარკოზისთვის მხარი ოფიციალურად არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერია. მართალია, სარკოზის მარინ ლე პენის მომხრეთა იმედი ჰქონდა, თუმცა 1 მაისს ნაციონალური ფრონტის ლიდერმა განაცხადა, რომ არ სთხოვს თავის მომხრეებს ვინმესთვის მხარდაჭერას და ურჩევს საკუთარი ნება-სურვილით გააკეთონ არჩევანი. ლე პენმა დასძინა, რომ იგი საარჩევნო ურნაში ცარიელი კონვერტის ჩაგდებას აპირებს. სოციოლოგიურმა კვლევებმა უკანასკნელ კვირაში სარკოზის რეიტინგის ზრდა და ოლანდის რეიტინგის მცირედ კლება აჩვენა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სარკოზიმ ღიად მაინც ვერ გაბედა ნაციონალისტებთან დაახლოება, და შესაბამისად, ლე პენის მხარდამჭერების გადაბირება, რის გამოც წააგო.
ამ პოლარიზებულ გარემოში სარკოზის მეორე ტურში მარი ლე პენის ნაციონალური ფრონტისა და მემარჯვენე ცენტრისტის ფრანსუა ბაირუს მხარდამჭერების იმედი უნდა ჰქონოდა. შეგახსენებთ, რომ ამ პარტიებმა პირველ ტურში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები, შესაბამისად - 17.9% და 9% აჩვენეს. თავის მხრივ, ოლანდს შეეძლო კიდევ ერთი მემარცხენე კანდიდატის, ჟან-ლუკ მელანშონის მხარდამჭერთა (11%) იმედი ჰქონოდა.
ოლანდს მსოფლიო ლიდერებმა მიულოცეს გამარჯვება. ერთ-ერთი პირველი, ამერიკის პრეზიდენტი, ასევე მემარცხენე ბარაკ ობამა გახლდათ. ასევე პოზიტიურად მიიღეს ოლანდის გამარჯვება ანგელა მერკელმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო მონტიმ. აღსანიშნავია, რომ მონტის, რომელიც ევროინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ოლანდს გამარჯვება ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა მიულოცა, რომელსაც მემარცხენეები დიდად გულზე არ ეხატება.
რაც შეეხება საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდი საქმიანობას სუფთა ფურცლიდან იწყებს. იგი არასდროს ყოფილა საჯარო სამსახურში, თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს, როდესაც ის გახლდათ კონტროლის პალატის მრჩეველი. იგი ძირითადად პარტიული ფუნქციონერის კარიერას მისდევდა.
ოლანდი 57 წლისაა. მას კარგი განათლება აქვს მიღებული. აქვს იურისტის, პოლიტოლოგის, ეკონომისტის და ელიტარული მართვის ნაციონალური სკოლის დიპლომები. საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო კარიერა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში. ოლანდი ოთხი შვილის მამაა.
ოლანდის წინასაარჩევნო კამპანია ე.წ „საფრანგეთის 60 ნაბიჯზე“ იყო დაფუძნებული და საკმაოდ ბუნდოვნად იყო ჩამოყალიბებული. უფრო კონკრეტულ დაპირებებს შორის იყო: 60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა მასწავლებლებისთვის, სარკოზის საპენსიო რეფორმის ნაწილობრივ გაუქმება და მილიონერებისათვის გადასახადის 75%-მდე გაზრდა.
ოლანდის მოსაზრებით, უმუშევრობის პრობლემა „თაობათა კონტრაქტის“ მეშვეობით შეიძლება მოგვარდეს. იდეა ასეთია: დამსაქმებელი, რომელიც შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილს ასაკოვან მუშაკს და ამავდროულად დაიქირავებს ახალგაზრდას, ნაკლებ სოციალურ გადასახადს გადაიხდის. მისი მოსაზრებით, სოციალური ხაზინის შესავსებად საჭირო ფინანსები ეკონომიკურმა ზრდამ უნდა მოიტანოს, თუმცაღა ექსპერტები ამას ნაკლებად ვარაუდობენ.
ოლანდის კიდევ ერთმა წინასაარჩევნო დაპირებამ საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ეს არის ე.წ „ფისკალური პაქტის“ გადახედვის გადაწყვეტილება, რომელიც 25-მა ქვეყანამ მიიღო და გულისხმობს სახელმწიფო დავალიანების ზრდის შეზღუდვას. თუმცა, ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ნაკლებად სავარაუდოა რეალურად მოხდეს ამ პაქტის გადახედვა. მათი მოსაზრებით პაქტს უბრალოდ დაემატება ეკონომიკური ზრდის პროგრამა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პირდაპირ გავლენას მოახდენს მთელი ევროკავშირის მომავალზე. ფრანსუა ოლანდს არაერთხელ განუცხადებია იმის შესახებ, რომ გეგმავს ანგელა მერკელის მიერ ინიცირებული, ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის მიერ მიღებული ფისკალური პაქტის გადახედვას. მისი მოსაზრებით პაქტი უნდა შეივსოს ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და მოდერნიზაციის პროგრამებით.
ანგელა მერკელმა საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს გამარჯვება 6 მაისის საღამოს მოულოცა. ცნობილია, რომ სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა ოლანდი ბერლინში მიიწვია. როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ორივე პოლიტიკოსი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია მჭიდრო გერმანულ-ფრანგული ურთიერთობები. მისი სიტყვებით საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბერლინში 15 მაისს არის დაგეგმილი.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გამარჯვება თავის ათასობით მხარდამჭერთან ერთად აღნიშნა, რომლებიც ბასტილიის მოედანზე შეიკრიბნენ, პარიზის ცენტრში. როგორც სააგენტო როიტერი აღნიშნავს, ზეიმის სცენები 1981 წელს ჰგავდა, როდესაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფრანსუა მიტერანმა გაიმარჯვა. ფრანსუა ოლანდი სწორედ მიტერანის გზის გამგრძელებლად მოიაზრება.
ოლანდმა თავის მხარდამჭერებთან მიმართვისას საკუთარ თავს ახალგაზრდების პრეზიდენტი უწოდა. მან განაცხადა, რომ კარგად ესმის, როგორ ცდილობს ახალი თაობა ფრაგი ერის განვითარებასა და მოწყობაში მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, ოლანდმა კიდევ ერთხელ ახსენა თავისი წინასაარჩევნო დაპირებები - გადახედოს, ან როგორც მინიმუმ, ცვლილებები შეიტანოს ევროპულ ფისკალურ პაქტში. „ყველა ქვეყანაში, გარდა მთავრობისა და ხელისუფლების ხელმძღვანელებისა, ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც ჩვენი წყალობით იმედი შეიძინეს, შემოგვცქერიან ჩვენ და სურთ ეკონომიის პოლიტიკის დასრულება“ - განაცხადა მან.
ფრანსუა ოლანდმა ასევე განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ფრანგებს ბევრი მუშაობა მოუწევთ. მან მოუწოდა თანამოაზრეებს, რომ ივნისის საპარლამენტო არჩევნებშიც სოციალისტებს დაუჭირონ მხარი. „ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობა. მთელს ევროპაში მომწიფდა ცვლილებები, ეკონომიის პოლიტიკა უნდა დასრულდეს“ - აღნიშნა საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.