ისინი მთელი ხუთი წელი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მათი პარტნიორობა დიდ წილად განასახიერებდა ევროპის ერთიანობას. მათი შეხვედრების ინტენსივობა მართლაც რომ რეკორდული იყო. მაგრამ არაფერია მუდმივი. სულ ცოტა ხნის წინ ტანდემს პრეზიდენტი სარკოზი გამოაკლდა. საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ის ფრანსუა ოლანდმა შეცვალა. გაგრძელდება თუ არა სარკოზის მემკვიდრესთან ძველებური მჭიდრო თანამშრომლობა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. გაურკვეველია რადგან ტანდემის მთავარ მოთამაშეს, გერმანიის კანცლერ ფრაუ ანგელა მერკელს მძიმე დღეები უდგას. კითხვის ნიშნის ქვეშ თვით მისი, რკინის კანცლერის პოლიტიკური მომავალი დგას.
როგორც წინა წერილებში ვწერდით გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წარუმატებლობები, რომლებმაც რეგიონალურ არჩევნებზე იჩინეს თავი, უკვე ლოგიკურ კანონზომიერებად იქცა. ბოლო ორი წელია ფრაუ მერკელის პარტია ერთიმეორეს მიყოლებით მარცხდება გერმანიის მიწების (Land) პარლამენტის არჩევნებში.
შლეზვიგ - ჰოლშტაინის ლანდტაგში სულ ცოტა ხნის წინ განცდილ წარუმატებლობას 13 მაისს ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის არჩევნებზე სრული კრახი მოყვა. მხარეში სადაც 13 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობს, გერმანიაში სულ 62 მილიონი ამომრჩეველია, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა ამომრჩეველთა მხოლოდ 26%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რითაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ანტირეკორდი „დაამხო“.
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ვესტფალის არჩევნები გარკვეულწილად საერთო ეროვნული არჩევნების გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია არა მარტო ის რომ ეს მხარე ამომრჩეველთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, არამედ იმითაც რომ ამ მიწაზე ოცდაათი წამყვანი კონცერნიდან 9 კონცერნის შტაბ-ბინაა განთავსებული. ამის გამო ადგილობრივ განწყობებზე გერმანიის საქმიანი წრეების გავლენა საკმაოდ დიდია. ეს განწყობები კი ფრაუ მერკელს 2013 წლის არჩევნებისთვის კარგს არაფერს უქადის.
მართალია ფრაუ კანცლერი ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მნიშვნელოვნად იმით არის განპირობებული, რომ ქვეყანას მსოფლიოში ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის ერთ-ერთი საკეთესო მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ვესტფალიაში წინა არჩევნებთან შედარებით შედეგების 9%-ით გაუარესება პრიორიტეტების გარკვეულ ცვლილებაზე მაინც მიუთითებს.
არადა ასეთ კატასტროფას ქრისტიან-დემოკრატები ნამდვილად არ ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც სერიოზული წარმატების ჯეროდა ვინმეს, მაინც შედეგების გამოცხადებამდე ნახევარი საათით ადრე ქდკ-ს ბერლინის ოფისში უშუალო ატმოსფერო სუფევდა. იქ მყოფები ვესტფალიიდან მოსულ სატელევიზიო კადრებს ინტერესით უყურებდნენ, სადაც დორტმუნდის „ბორუსია“ გერმანიის თასის აღებას ზეიმობდა. ერთმა ფეხბურთის ფანმა იხუმრა კიდეც: - „ეს ბოლო შავ-ყვითელი ზეიმია“. საქმე ის არის რომ „ბორუსიას“ და ქდკ-ს ფერები ერთმანეთს ემთხვევა. ფეხბურთის ზეიმის შემდეგ ეკრანზე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოჩნდა და მთელს დარბაზს ჩოჩქოლმა გადაურა: ასეთ წარუმატებლობას არავინ ელოდა.
ვესტფალში მერკელის პარტიამ ორი წლის წინაც განიცადა მარცხი, თუმცა მაშინ სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა მხოლოდ უმცირესობის კოალიციის შექმნა მოახერხეს. ერთი თვის წინ ლანდტაგში ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა, რაც ახალი არჩევნების საფუძველი გახდა.
2012 წელს მხარის არჩევნების შედეგები ასე გამოიყურებოდა:
- სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ სულ 3 050 160 ხმა (39.1%) მიიღო და ლანდატაგში 99 სადეპუტატო ადგილი გაინაღდა;
- ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი - 2 050 633 ხმა (26.3%) - 67 ადგილი;
- კავშირი 90/მწვანეები - 884 136 ხმა (11.3%) – 29 ადგილი;
- თავისუფალი დემოკრატები - 669 971 ხმა (8.6%) – 22 ადგილი;
- მეკობრეთა პარტია - 608 957 ხმა (7.8%) – 20 ადგილი;
- მემარცხენეები - 194 239 ხმა (2.5%) – 0 ადგილი.
მერკელის პარტიისთვის ერთგვარი მცირე ნუგეში მათი პარტნიორების, თავისუფალი დემოკრატების შედარებით კარგი მაჩვენებელია. შეიძლება ითქვას, რომ პარტიის ახალმა რეგიონალურმა ლიდერმა კრისტიან ლინდერმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
რაც შეეხება თავად ქდკ-ს რეგიონალურ ლიდერს და ამჟამად ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრს ნორბეტ რეტტგენს, ის შეეცადა მწარე მარცხის მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო: „ეს ჩემი პირადი მარცხია, მწარე, მტკივნეული და ერთმნიშვნელოვანი და მე მომიწევს მასზე პასუხისმგებლობა.“ შედეგად რეტტგენმა პარტიის რეგიონალური ლიდერის პოსტი დატოვა.
მიუხედავად პარტიის მარცხისა ექსპერტთა აზრით ანგელა მერკელს მაინც აქვს შანსი პარტიის წარუმატებლობებისგან დისტანცირება მოახდინოს. ქრისტიან-დემოკრატებს მოწევთ ძირითად ფსონი კანცლერის ფიგურაზე გააკეთონ და მასზე ფოკუსირდნენ. ის პარტიისთვის იდეალური კანდიდატი, მაღალი რეიტინგით, სოლიდური გამოცდილებით, და რაც მთავარია ცოდნით თუ როგორ უნდა მიაღწიო გამარჯვებებს.