გასულ კვირას, 10 მაისს, ალჟირში ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ „დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“ უწოდა.
როგორც მისიის ხელმძღვანელმა ხოსე იგნასიო სალაფრანკამ (Jose Ignacio Salafranca) განაცხადა „არჩევენები გახდა პირველი ნაბიჯი რეფორმების გზაზე, რომელმაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებასთან უნდა მიგვიყვანოს“
“რიგი ტექნიკური პრობლემების მიუხედავად „პოზიტიური მომენტი იმდენივე იყო, რაც ნეგატიური“ - აღნიშნა ბატონმა სალაფრანკამ.
რაც შეეხება თავად არჩევნებს, მასზე დამაჯერებელი გამარჯვება მმართველმა ეროვნული განთავისუფლების ფრონტმა მოიპოვა.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დახო კაბლიამ განაცხადა ფრონტმა პარლამენტში 220 ადგილი მოიპოვა. ადგილობრივი ტელევიზიებით გამოსვლისას პოლიტლოგებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში არსებულმა არასტაბილურობამ და უსაფრთხოების არარსებობამ აიძულა ალჟირელები მხარი დაეჭირათ იმ პარტიისთვის, რომელსაც ისინი კარგად იცნობენ. მითუმეტეს, რომ ფრონტს ძირითად ოპოზიციონერობას ისლამისტური „მწვანე ალჟირი“ უწევდა. ეს კი ამ ჩრდილო აფრიკული ქვეყნის მოსახლეობისათვის, რომელმაც თავის თავზე იწვნია „შავი ათწლეულის“ ეპოქის ტოტალური ომი რელიგიურ ექსტრემისტებთან, ეპოქისა რომელმაც 200 ათასზე მეტი ალჟირელის სიცოცხლე შეიწირა, დამატებითი არგუმენტი იყო მმართველი ეროვნული ფრონტის მხარდაჭერისათვის.
არჩევნებში სულ ამომრჩევლთა 40%-ზე ცოტა მეტმა მიიღო მონაწილეობა. ეროვნული სახალხო კრების (პარლამენტის ქვედა პალატა) 462 ადგილსთვის 44 პარტია იბრძოდა, ამათგან 21 პარტია პირველად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 220 მანდატით პირველ ადგილზე ეროვნული განთავისუფლების ფრონტი გავიდა. მეორე ადგილი 68 მანდატით ეროვნულ დემოკრატიულმა გაერთიანებამ მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე 48 სადეპუტატო მანდატით ისლამისტური კოალიცია „მწვანე ალჟირი“ გავიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებმა აჩვენეს ქვეყნის პოლიტიკაში ქალთა როლის მზარდი ტენდეცია. სწორედ პარლამენტში დეპუტატ-ქალების მნიშვნელოვან რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.
ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი „ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული პროგრესისათვის საგანგებო მნიშვნელობისაა“. მან დაადასტურა ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია „განამტკიცოს კავშირები ალჟირის მთავრობასა და ხალხთან“.