ყოვლად დაუშვებელია ამ ფაქტზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სრულიად უპასუხისმგებლო რეაქცია და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.
მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, ხოლო საქართველოს ტრაგიკომიკური პარლამენტი, ძირითადად, კონსტიტუციის ჭრა-კერვითაა დაკავებული.
საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილოა ხელისუფლების მოქმედებით, ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, მისი პოზიცია მკაფიოდაა ჩამოყალიბებული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა პრესსპიკერ ელმან აბდულაევის მიერ სააგენტო „ტრიბუნასთვის“ მიცემულ განმარტებაში. ე. აბდულაევი იმოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას - დავითგარეჯის სადავო მონაკვეთი სინამდვილეში „სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაშიაო“ და დასძენს: „ჩვენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ადრეც მოგვმართა. მაშინაც ვუთხარით და ახლაც ვეუბნებით, მოგვმართონ ოფიციალურად და ჩვენ ამას განვიხილავთ“.
როგორც ირკვევა, საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად ეს საკითხი ჯერაც არ დაუყენებია.
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებას, რა გზით და რა ცივილიზებული ფორმებით აპირებს იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც უკვე შეიცავს ესკალაციის სახიფათო ნიშნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტ დამაჯერებლობას შეიძენს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მზადაა ჩაიდინოს სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული - საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის საარჩევნო ხმების საფასურად გაასხვისოს საქართველოს ფასდაუდებელი სულიერი და კულტურული საგანძური.