მიკრო და მცირე ბიზნესმენების გამიჯვნის მეთოდებზე ფინანსთა სამინისტრო ისევ ფიქრობს. ფიქსირებული გადასახადების ნაცვლად, ინდმეწარმეებს მიკრო ბიზნესის ცნება შეაპარეს, თუმცა არცერთი მათგანი ამ კატეგორიაში არ მოხვდება. მიკრო ბიზნესმენის სტატუსს მიიღებს ის მეწარმე, რომლის წლიური ბრუნვა 30 ათას ლარს შეადგენს, ასეთი კი კარგი მესაათეც არ იქნება. თუმცა, როგორ უნდა დაითვალოს მიკრო ბიზნესმენის შემოსავლები, ამ სტატუსის მისაღებად ისევ უცნობია.
პირველი იანვრიდან მიკრო ბიზნესი გადასახადისგან გათავისუფლდება (უმეტეს მათგანს გადასახადის გადახდის ვალდებულება ისედაც არ ჰქონდა) მცირე ბიზნესმენები კი ბრუნვის მიხედვით, სახეობების გათვალიწინებით 3-5% დაიბეგრებიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული თუ როგორ უნდა მოხდეს იმის გათვლა, რომელი მეწარმეა მიკრო და რომელი მცირე.
ექსპერტების განცხადებით, ეს საკმაოდ რთულად ადმინისტრირებადი პროცესია და არ არის გამორიცხული, რომ საგადასახადო სამსახურებმა სუბიექტური ფაქტორები გამოიყენონ. კიდევ ერთი, 1-ლი იანვრიდან სალარო აპარატის გამოყენება აუცილებელი ხდება.
როგორც უკვე ცნობილია, მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მოტივით საგადასახადო კოდექსში მიკრო და მცირე ბიზნესების ცნებები განსაზღვრა.
მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირს, რომლის წლიური ბრუნვა 30 ათას ლარამდეა. ასეთი მეწარმე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. ამ კატეგორიაში მოხვდნენ ის მეწარმეებიც, რომლებიც მოქმედი კანონით გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან - საქონლის დატარებით მოვაჭრეები, მესაათეები, მექუდეები, პარიკმახერები და ა.შ.
მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება ხდება ნებაყოფლობით, მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისად, მეწარმე ფიზიკურ პირს ექნება უფლება არ მოითხოვოს მცირე ბიზნესის სტატუსი და დადგეს დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე. ანუ მცირე ბიზნესის კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ბიზნესმენები, რომელთა ბრუნვა 30 ათასიდან 100 ათასამდეა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამგვარი მეწარმეები ბრუნვის მიხედვით 3-5%-ით დაიბეგრებიან. პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენი ბუღალტერიას გამართულად აწარმოებს, მას 3 პროცენტის გადახდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 5-პროცენტიანი გადასახადი დაეკისრება.
„ფინანსთა მინისტრმა ქვენორმატიული აქტით უნდა დაადგინოს ზღვარი, რომელი მეწარმე გადაიხდის 3% და რომელი 5%-ს. თუ ამგვარი ზღვრები არ დადგინდა, გამოდის, რომ საგადასახადო სამსახური სუბიექტური გადაწყვეტილებით დაბეგრავს მეწარმეებს. სიმართლე გითხრათ, ბევრი მეწარმისთვის ეს შეღავათი არ იქნება, ვინაიდან მათ ბრუნვის მიხედვით უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე საშემოსავლო გადასახადით. ბრუნვიდან გადასახადის შემოღება ისევ საგადასახადო ორგანოებს უმარტივებს საქმეს, ვინაიდან ამ გადასახადის ადმინისტრირება მარტივია. მეწარმისთვის კარგი შეიძლება ის იყოს, რომ მათ მარტივი ბუღალტერიის კეთება ევალებათ“, - ამბობს ექსპერტი დავით ნარმანია.
რაც შეეხება ბუღალტრულ აღრიცხვას, აღნიშნული არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით რეგულირების სფეროს, ეს გადამხდელის პრეროგატივაა. საგადასახადო მიზნებისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი. მიკრო ბიზნესის სტატუსს საგადასახადო კოდექსი არ ადგენს, იგი ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ქვენორმატიული აქტით განისაზღვრება. უფრო ზუსტად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესებით. ასეთი წესები ჯერ არ არსებობს.
არც ის არის დათვლილი რამდენი მიკრომეწარმეა ქვეყანაში. მართალია პარლამენტმა საგადასახადო კოდექსი სასწრაფოდ დაამტკიცა, მაგრამ მასში ბევრი სიახლე ყოველგვარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე შევიდა.
„მიკრობიზნესის სტატუსში რევოლუციური არაფერია, ამ კატეგორიის ბიზნესმენები გადასახადებს ისედაც არ იხდიდნენ. ახალი წესების შემოღებით მცირე და მსხვილი მეწარმეები უფრო ზარალდებიან, როდესაც ისინი ამ სტატუსის მქონე მეწარმეებისგან რამეს იყიდიან მას ხარჯში ვერ გაატარებენ“, - ამბობს დავით ნარმანია.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის განსაზღვრა საკმაოდ რთული იქნება და ამ პროცესში სპეციალისტები სუბიექტურ ფაქტორებსაც არ გამორიცხავენ.
„ამ ყველაფრის ადმინისტრირება მარტივი არ არის და გამოვრიცხავ, რომ სუბიექტური ფაქტორების გამოყენება მოხდეს“, - ამბობს ლევან კალანდაძე.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი აქამდე საგადასახადო ინსპექცია მეწარმეებთან მეტ-ნაკლებად ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე მუშაობდა, ახლა იგი ხელების გადაგრეხვის მეთოდით დაიწყებს მეწარმეებთან ურთიერთობას, რათა გაიგოს ვინ არის მიკრო და ვინ მცირე მეწარმე. კერძოდ, ახალი საგადასახადო კოდექსი მეწარმეებს უბიძგებს აირჩიონ არა განვითარების გზა, არამედ მიკრო მეწარმეებად დარჩნენ, რათა გადასახადების გადახდა არ დაეკისროთ.
2011 წლის 1-ლი იანვრიდან სავალდებულო ხდება სალარო აპარატის გამოყენება, თუმცა ეს წესი არ ეხება მიკრობიზნესმენებად დარეგისტრირებულ მეწარმეებს. ანუ ამ ტიპის ასევე გათავისუფლებულები არიან ყველანაირი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოებისგან. ამიტომ, ყველა დიდი ინტერესით მოელის ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ წესებს.