ამერიკა ვერ მისცემს თავს უფლებას მთავრობა პროფესიონალებს ანდოს
წელს 10 წელი სრულდება იმ დღიდან, როდესაც სიეტლის საჯარო ბიბლიოთეკის საბჭოს წევრი გავხდი. ჩვენს ხუთკაციან საბჭოს განსაკუთრებული უფლებამოსილებები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მერმა დაგვნიშნა, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი მმართველი ორგანო. ქალაქის საბჭომ ბიუჯეტში მუხლი გამოგვიყო, თუმცა იმას, თუ როგორ ვხარჯავთ ამ სახსრებს, რა პროგრამებზე, როგორ ვანაწილებთ მას და რომელ რაიონებში, რა არის მასში მოსახლეობის წილი და რა სტრატეგიით ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ვწყვეტთ. თავად მსგავსი მოხალისე ორგანოს შექმნის იდეა ძალიან ამერიკულია. ჩვენ ვხარობთ „მოქალაქე მკვლევარების“, „მოქალაქე დიპლომატების“ ან „მოქალაქე ჯარისკაცების“ გამოჩენით, რადგან, მაშინ, როდესაც თავად სამუშაო (მეცნიერის, დიპლომატის ან ჯარისკაცის) პროფესიონალურ მომზადებას მოითხოვს, დილეტანტებს, რომლებისთვისაც სიტუაცია სულერთი არ არის, შეუძლიათ მასში მონაწილეობა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. სინამდვილეში, დღეს ჩვენ ერთგვარი „დილეტანტების ოქროს საუკუნე“ გვაქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობა და სოციალური ქსელები აფართოვებს მათი ცოდნის საზღვრებს, დელეტანტთა მასები დღეს ასტრონომიის, ბიოქომიის და ფინანსების შესახებ მეცნიერების გადაკეთებით არიან დაკავებულები. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ბოლომდე ისეთ სფეროზე, როგორიც დემოკრატიაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დემოკრატიული ცხოვრების უზრუნველყოფასთან (საერთო პრობლემების გადაწყვეტა, მომავლის გეგმების ფორმულირება, მისწრაფება ცვლილებებისკენ, პრობლემების განხილვა) დაკავშირებული სამუშაო კიდევ უფრო პროფესიონალური გახდა. ფულმა შეიძინა უზარმაზარი გავლენა არჩევნებზე. ლობისტების, კანონმდებლების, კონსულტანტების, ფინანსისტების, მაძიებლების და „ძალით ჭკვიანების“ მასებმა ყველა დონეზე გამოდევნეს თვითმმართველობის ორგანოებიდან მოყვრულები. ისეთი ორგანოები, როგორებიცაა საბიბლიოთეკო საბჭოები – გამონაკლისია. დღეს ჩვენ გვესაჭიროება მეტი „მოქალაქე მოქალაქეები“. მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც ამას მალე მიხვდებიან. ეს ის ძაფია, რომელიც აერთიანებს ანტიელიტარულ მოძრაობა „99 პროცენტ“-ს Tea Party-ს ანტიელიტარულ მოძრაობასთან. ეს ძალას მატებს ასევე იმ ადამიანების ქსელს, რომლებსაც განვითარებული აქვთ სამოქალაქო ვალდებულების გრძნობა, რომლებსაც სურთ მოქალაქეობრიობის და სახელმწიფოს ცნებების „გატეხვა“. რატომ ცდილობენ დღეს ადამიანები ამერიკაში მმართვის პროცესში მონაწილეობას? არსებობს უზარმაზარი მოცულობა ლიტერატურისა, რომელიც ეძღვნება იმას, თუ როგორ ჩაიგდეს ჩვენი პოლიტიკა ხელში დაინტერესებულმა ჯგუფებმა, და აქ გამოვყოფდი მანკურ ოლსონის, ჯონატან რაუჰის და ფრენსის ფუკუიამას ნაშრომებს. ამ კვლევების არსი უმარტივესია: დემოკრატიული ინსტიტუტები მიდრეკილია იმისკენ, რასაც რაუჰი „დემოსკლეროზსს“ უწოდებს, როდესაც მილიონობით პატარა ჯგუფები ქმნიან ქერქს, რომელიც ახშობს ხელისუფლების არტერიებს და ხელს უშლის მის განვითარებას ან ადაპტირების უნარს. ამ ტენდენციას უკუკავშირის გაძლიერების ეფექტი ახასიათებს. ვიდრე თვითმმართველობის ორგანოებში პროფესიონალები ჭარბობენ, რომლებიც წარმოადგენენ ხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს, მოქალაქეების გაუცხოების ეს მანკიერი ციკლი შენარჩუნდება. რიგითი ადამიანები სამოქალაქო საზოგადოების პრობლემებს აღიქვამენ, როგორც რაღაც ისეთს, რაც მათი გავლენის სფეროს მიღმაა, რასაც მათ უკეთებენ, და არა როგორც იმას, რის შექმნაშიც მათ მონაწილეობა შეუძლიათ. ადამიანები ვარაუდობენ, რომ მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს და მათი პროგნოზები მართლდება. ამგვარად, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ეს მანკიერი ციკლი? რა აგვიღორძინებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სულისკვეთებას, რომელსაც თავის თავზე იღებენ დილეტანტები და მოხალისეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებით? ამისთვის გვჭირდება ოთხი ძალის გააქტიურება, რომელთა მორგება მემარცხენეების და მემარჯვენეების ჩვეულ მიმართულებებთან, რთულია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ ის, რასაც რეჟისორი ანი ლეონარდი ჩვენს „სამოქალაქო კუნთს“ უწოდებს. ყველა ამერიკელს ზედმეტად აქვს განვითარებული მომხმარებლური კუნთი და ატროფირებული – სამოქალაქო კუნთი. თუკი ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვართ მომხმარებლები, ჩვენი არჩეული ლიდერები მოგვყიდიან სწორედ იმას, რასაც მათგან ველით: გადასახადების შემცირებას, გადასახადების გაზრდას, განსაკუთრებულ წესებს ნებისმიერი ცალკეული ქვეჯგუფისთვის. სამოქალაქო კუნთის ქონა გულისხმობს მომავალზე ზრუნვას და არა ამწუთიერ ჯილდოს. ეს ნიშნავს იმაზე ზრუნვას, რაც ხელს უწყობს მთელი საზოგადოების და არა მისი ცალკეული წარმომადგენლების კეთილდღეობას; ეს გულისხმობს თვალყურის დევნებას საზოგადოებრივ ცვლილებებზე ნატურალისტის პოზიციიდან და მასზე რეაქციას მებაღის პოზიციიდან; ნიშნავს სწავლებას და ათვისებას მმართველობის კურსისა სკოლებში და ყველა ასაკისთვის განსაზღვრულ სასწავლო დაწესებულებებში იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანმა მიიღოს მართვაში მონაწილეობა, თუნდაც მოყვარულის სტატუსით. მეორე – ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ადგილობრივ დონეზე. როდესაც ბიოლოგმა ევოლუციონერმა დევიდ უილსონმა ბინგემტონის უნივერსიტეტში ევოლუციური კვლევების საკუთარი პროგრამა დაიწყო, მან ქალაქში არსებული უამრავი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული მოვალეობები ადამიანთა პატარა ჯგუფებს გაუნაწილა (მაგალითად, საჭირო იყო სიცარიელის პარკად გადაკეთება ან მორწმუნეთა საზოგადოების ორგანიზება), შემდეგ კი ერთმანეთთან დააკავშირა ადამიანები, რომლებიც მათი ჯგუფის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ლოკალიზმი მოქალაქეებს მათი პრობლემების გადაწყვეტაში ავტონომიურობის ერთგვარ ხარისხს ანიჭებს, ხოლო ლოკალიზმი ქსელურ სტრუქტურასთან ერთად, ეხმარება მათ პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვის ურთიერთგაცვლასა და შეფასებაში. მესამეც, აუცილებელია აზროვნება მიზნებით და არა ბრძანებებით. ერთ-ერთი საუკეთესო გზა კოლექტიური იდეების შეგროვებისა – დიადი მიზნების დასახვა და მათი გადაწყვეტის გზების გაჩენის ხელშეწყობაა, ანუ იმაზე კონცენტრირება, თუ რა არის გასაკეთებელი, და არა – როგორ. ამის შესახებ საუბრობს თავის ნაშრომში რაფ საგარინი: X ტიპის პრიზის გრანტები ადამიანებს აქტიური მონაწილეობისა და საკუთარი იდეების გაცილებით ეფექტური შეთავაზების მოტივაციას უჩენს, ვიდრე დირექტივები ზევიდან ქვევით. მეოთხეც, საჭიროა პლატფორმების შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები შეძლებენ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვებ-გვერდი Code for America ერთი წლით პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებლებს მუნიციპალიტეტებთან აკავშირებს იმისთვის, რომ დაეხმარონ მთავრობას იმუშაოს უფრო ფექტურად და ხელი შეუწყოს პრობლემების გადაწყვეტას. ეს შესანიშნავი პროგრამაა, რომელიც შეიძლება მაგალითად იქცეს სხვა მსგავსი პროგრამებისთვის, რომელთა მიზანიც არის ნიჭიერი ადამიანების ჩართვა მუშაობის პროცესში საყოველთაო კეთილდღეობისთვის. რას იტყვით ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა Write for America ან Design ან Build? მაშ ასე, რა დაბრკოლებები არსებობს „მოქალაქე მოქალაქის“ იდეის კულტივირების გზაზე? ერთ-ერთი მათგანი არის მოსაზრება, რომ თითქოს საზოგადოებრივ საკითხებში ჩართულობის დრო მხოლოდ მდიდრებს აქვთ. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ეს სიმართლეა. თუმცა, ემიგრანტების უფლებების დამცველი მოძრაობების გაძიერება და სახლის მუშაკთა სამოქალაქო ძალად გარდაქმნა იმას მოწმობს, რომ სურვილის შემთხვევაში დროის გამონახვა შესაძლებელია. შესაძლოა ცინიკოსებმა თქვან, რომ კარგად განათლებულ და კარგი კავშირების მქონე ადამიანებს ისეთ თამაშში, როგორიც სამოქალაქო ჩართულობაა, ყოველთვის უპირატესობა ექნებათ. შესაძლოა. თუმცა არაკომერციული სამოქალაქო ორგანიზაციების მტკიცე ეკოსისტემის პრივილეგია იმაში მდგომარეობს, რომ მათ აქვთ ამ ცოდნის გავრცელების შესაძლებლობა და მათმა გავლენამ შეიძლება ისეთ ადამიანებს მოუყაროს თავი ერთად, რომლებსაც უფრო ნაკლები რაოდენობის უპირატესობები აქვთ. იფიქრეთ ამაზე, როგორც საზოგადოებრივი კაპიტალის პროგრესულ დაბეგვრაზე: რაც უფრო მეტი კავშირი გაქვთ, მით უფრო მეტად ხართ ვალდებული გაიღოთ ხარჯი საზოგადოებრივი სიმდიდრისთვის. და ბოლოს, კიდევ ერთ საფრთხეს იმაში ხედავენ, რომ როდესაც დილეტანტები ჯგუფებად ერთიანდებიან, ისინი შეიძლება არსებული წესრიგის ძალებმა შთანთქონ. მაგრამ თუკი ასეა, გაიხსენეთ: მარკ მეკლერმა, რომელმაც ჩამოაყალიბა Tea Party Patriots, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში დილეტანტი იყო და არცერთ პოლიტიკური პარტიას არ ეკუთვნოდა, აღმოაჩინა რომ მისი თავდაპირველი ქსელი რესპუბლიკელთა ინტერესების გაშეშებულ ჯგუფად ყალიბდება. მაშინ მან დატოვა Tea Party Patriots და შექმნა „მოქალაქეები თვითმმართველობისათვის“ (Citizens for Self-Governance), რომელიც კონსერვატორებისკენ მიილტვის, მაგრამ რომლის მთავარი მიზანიც არის მემარცხენეების და მემარჯვენეების ყურადღების მიპყრობა ისეთი პრობლემების გადაწყვეტისკენ, როგორიც სისხლის სამართალშია, უფრო კრეატიული მეთოდებით, ვიდრე ჩვენი პოლიტიკა გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ახლახანს ავტომაგისტრალზე საცობში ვიდექი და თვალში მომხვდა სარეკლამო აბრა, რომელზეც ეწერა: „თქვენ საცობში არ ხართ, თქვენ თავად ხართ საცობი“. ჩვენ არ გავჩხერილვართ სკლეროტიკულ მთავრობასა და ექსტრაქტულ პოლიტიკაში. ჩვენ თავად ვართ მისი ნაწილი. ჩვენი ქმედებები და უყურადღებობა ქმნის იმ გარემოს, რომელსაც ვგმობთ. ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ჩვენ ოდნავ მაინც შევცვლით ჩვენს აზროვნებას და ჩვევებს სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად, ამით ხელს შევუწყობთ ახალი იდეების გავრცელების ხელშეწყობას. სწორედ ჩვენ განვასახიერებთ თვითმმართველობის აღორძინებას, რომლისკენაც მივისწრაფვით. ამან შეიძლება 2008 წლის ობამას სიტყვების სულისკვეთება მოგვაგონოს, მაგრამ იმავდროულად ეს სიტყვები 1980-იანი წლების რეიგანსაც ეკუთვნის. საბოლოო ჯამში მოქალაქეობრიობა – ძალიან მნიშვნელოვანი ცნებაა იმისთვის, რომ ის პროფესიონალებს დავუთმოთ. დროა ჩვენი ბიბლიოთეკების და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა შემადგენლის წევრები გავხდეთ. დადგა დემოკრატიის ხელახლა დემოკრატიზების დრო. |