"შიდამიგრაციული პროცესების გამო მალე შესაძლოა საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რტაოდენობამ 1000-საც გადააჭარბოს - ასეტ პროგნოზს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ სულაბერიძე აკეთებს, რომლის თქმით, "ისეთი სოფლების რაოდენობა, სადაც ბავშვი აღარ იბადება ან არ ხდება აღწარმოება და ის დეპოპულაციას განიცდის, ძალიან ბევრია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ, შესაძლოა, 1000-საც გადააჭარბოს / "მკვდარი" სოფლებიდან, ანუ იქ სადაც ადამიანები მხოლოდ კვდებიან, 5-6 წელიწადში ნასახლარებიღა დაგვრჩება".
"საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაწემები არ არსებობს. თუ 2002 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებს დავეყრდნობით, მაშინ ქვეყანაში სულ 3 668 სოფელი იყო, საიდანაც 162 სოფელში არავინ ცხოვრობდა. 152 სოფელში 1-დან 10 კაცამდე ცხოვრობდა, 169-ში - 11დან 25 კაცამდე, 224 სოფელში - 22-დან 40 კაცამდე, 360 სოფელში კი 51-დან 100 კაცამდე. "ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც 2002 წლის აღწერის შემდეგ 1-დან 10 კაცამდე ცხოვრობდა, შეიძლება აღარავინ იყოს ცოცხალი დარჩენილი. ამ ყველაფერს სჭირდება კვლევა, რომელიც ბოლო 10 წელია, არ ჩატარებულა", - აღნიშნავს დემოგრაფი ანზორ თოთაძე. საერთოდ, საქართველოში შიდამიგრაციული პროცესების კვლევა, პრაქტიკულად, არასდროს ჩატარებულა, თუმცა ემპირიული დაკვირვებით სოფლებიდან რაიონულ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში მიგრაცია დღესაც ისევე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. ექსპერტ სოსო არჩვაძის შეფასებით, სტატისტიკის სამსახურს მსგავსი მონაცემები არასდროს გამოუქვეყნებია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ ტიპის მონაცემების მიღება მარტივია და ეს დამატებითი კითხვარის საშუალებითაც შესაძლებელია", - აღნიშნავს გამოცემა. "ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხი ყოველ 7 წელიწადში ერთხელ იცვლის საცხოვრებელ აფგილს. ეს პროცესი საქართველოშიც მიმდინარეობს და მისი შესწავლა "საქსტატის" პირდაპირი მოვალეობაა", - აცხადებს არჩვაძე. მისივე შეფასებით, ქალაქებში, ძირითადად კი თბილისში სოფლებიდან ჩამოსული ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია და ეს პროცესი ბოლო წლებში არ შეჩერებულა. "სოფლად დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი მცირეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველი 100 ლარიდან სასაქონლო ფორმა 33 ლარზე, დარჩენილი 67 ლარი კი ნატურალურზე მოდის. ეს საბჭოთა კავშირის დროინდელ მაჩვენებელზე ცუდი შედეგია", - აღნიშნავს ექსპერტი. ამასთან, დღემდე უცნობია, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მთიან სოფლებში, რადგან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში დიფერენცირებული მხოლოდ ქალაქად და სოფლად მცხოვრებთა რაოდენობაა - ამ მონაცემების მიხედვით 2011 წელს ქალაქად 2 371 300 ადამიანი ცხოვრობდა, სოფლად კი 2 097 900", - დასძენს გამოცემა. "საქართველოში აქტიური შიდამიგრაციული პროცესები გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მთის ზონიდან მოსახლეობა ბარის ზონაში იმ მიზეზით ჩამოიყვანეს, რომ მძიმე მრეწველობის განვითარება ბევრ მუშახელს მოითხოვდა. სულ მალე, როცა ნათლად გამოიკვეთა მთის დაცარიელების უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები, იგივე საბჭოთა ხელისუფლება ბევრს ეცადა გამოესწორებინა დაშვებული შეცდომა, მაგრამ ეს მაინც ვერ მოახერხა. საქმეს ვერ მატერიალური სტიმულების ახალმა მეთოდებმა და ვერც ახალმა ლიტერატურულმა ნაწარმოებებმა და კინოფილმებმა უშველა, რომლითაც ახლა უკვე საპირისპირო პროპაგანდას ეწეოდნენ. ხოლო დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მთასთან ერთად დაიწყო ბარის სოფლების დაცლაც. პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, 5-6 წელიწადში საქართველოში რამდენიმე ასეული სოფლიდან მხოლოდ ნასახლარები დაგვრჩება", - წერს სტატიის ავტორი. |