2 მილიონი ნიაღვარმა წაიღო, 3 მილიონს გამგებლები აითვისებენ

2 მილიონი ნიაღვარმა წაიღო, 3 მილიონს გამგებლები აითვისებენ

 

თბილისის სარეზერვო ფონდმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 3 მილიონი გამოყო და მისი განკარგვა გამგეობების ხელმძღვანელებს დაავალა. თუ როგორ განკარგავენ რაიონის გამგებლები ამ თანხას ყველას კარგად მოეხსენება. დაახლობით ისე, როგორც შპს “თბილსერვის ჯგუფმა” აითვისა მერიის მიერ გამოყოფილი 2 მილიონი ლარი, რომელიც სანიაღვრე სისტემების ექსპლოატაციისთვის იყო განკუთვნილი. 2 მილიონი ნიაღვარმა წაიღო, 3 მილიონს გამგებლები გააიმასქნებენ.

საკრებულოს გუშინდელმა სხდომამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა, მაგრამ თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების პროტესტი მთავარი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ხარჯების გაწერილი სია არ არსებობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს იმ კომპანიების მონაცემები, რომლებმაც კოლექტორებთან და სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში 2008 წლიდან დღემდე გაიმარჯვეს. მათი თქმით, თბილისის წყლის გასხვისების შემდეგ, გაურკვეველია, ვინ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებაზე. რასაკვირველია ეს დოკუმენტაცია საკრებულოში არავინ წარმოადგინა.

ის, რაც საკრებულოს შიგნით მყოფმა ოპოზიციონერებმა ვერ მოიპოვეს, პარტია “სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზამ” იგდო ხელთ და იმწუთშივე გამოამზეურა. “გუშინ, თინა ხიდაშელი კოლეგებისაგან ითხოვდა იმ სატენდერო მასალების გასაჯაროებას, რომელიც სანიაღვრეების მოწესრიგებაზე ტენდერს ეხება, მსგავსი დოკუმენტები წესით საჯაროა, თუმცა რატომ მალავს მერია გაუგებარია.

ჩვენ შევძელით ხსენებული დოკუმენტების მოპოვება, 2 000 000-ლარიანი ტენდერი სანიაღვრეების ექსპლოატაციაზე ჩატარდა 2011 წლის 21 დეკემბერს, მერიამ აღნიშნული მომსახურება შპს “თბილსერვის ჯგუფს” დაუკვეთა, რომლის 100% წილის მფლობელი თავად თბილისის მერიაა, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სანიაღვრეებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, მერია კი პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას 2012 წლის ბოლომდე აპირებდა”, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ბალიაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ იცოდა საფრთხეები, მაგრამ არაფერი გააკეთა და პრობლემის მოგვარება წლის ბოლომდე გადადო.  ბალიაშვილი ამბობს, რომ სატენდერო კომისიას ტარიელ ხიზანიშვილი ხელმძღვანელობდა და ეს არ არის ერთი ტენდერი, რომელიც დარღვევებით ჩატარდა.

“სწორედ დღეს სრულდება კიდევ რამდენიმე ტენდერი, რომელიც ეხება თბილისში უკვე გაკეთებული სათამაშო მოედნების ხელახალ რეაბილიტაციას, ამ ტენდერში მერია 3 მილიონამდე ლარს ხარჯავს.  12 მაისს მომხდარში ჩვენ კიდევ ერთხელ ვადანაშაულებთ უგულავას უწყებას, ვაყენებთ მის პასუხისმგებლობის საკითხს და მოცემული სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე მოკვლევას ვითხოვთ”, - განაცხადა ბალიაშვილმა. 

საკრებულოს უმრავლესობის წევრები კი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ 3 მილიონი ლარი მოხმარდება სტიქიით დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანას და სახლების აღდგენას. მათივე თქმით, თანხებს რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები განკარგავენ. თანხა პროგრამაში “ძველი თბილისის ახალი სოცოცხლე” გაწეული ეკონომიის ხარჯზე გამოიყოფა.

მორიგი კამათი საკრებულოს სხდომაზე სწორედ 3 მილიონი გამოყოფის საკითხს მოჰყვა. საკრებულოს წევრები თინა ხიდაშელი, ზურაბ აბაშიძე, ზაზა გაბუნია და სხვები ითხოვდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯებოდა თანხები. მათ გააპროტესტეს, რომ საკითხის განხილვას თან არ ერთვოდა გაწერილი ხარჯების სია.

ამ საკითხზე ხიდაშელმა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკო ხაჩირიშვილმა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა მწვავედ იკამათეს. ხიდაშელმა მოითხოვა, რომ საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მაინც წარმოედგინა დეპუტატ პაატა გობეჯიშვილს დოკუმენტები, თუ რაში დაიხარჯებოდა 3 მილიონი ლარი.  გობეჯიშვილი კი ერთი და იგივეს იმეორებდა, რომ თანხა მოხმარდება სტიქიით დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანას და სახლების აღდგენას.

ახალი მემარჯვენების ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით საგანელიძე წყალდიდობით დაზარალებულთათვის თანხების გამოყოფას სულაც პრეზიდენტის ფონდიდან ითხოვდა. დეპუტატმა კითხვა დასვა, რატომ არ მოხდა აღნიშნული თანხის გამოყოფა პრეზიდენტის ფონდიდან?

“ძალიან კარგია, რომ თბილისის ბიუჯეტში “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” პროგრამის ეკონომიის ხარჯზე 3 მლნ ლარი წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოიყო, მაგრამ მე ვკითხულობ: მაშინ რა საჭიროა პრეზიდენტის ფონდი? რატომ არ შეიძლებოდა ეს თანხა სწორედ იმ ფონდიდან გამოყოფილიყო, რომლის ძირითადი დანიშნულება სწორედ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციაა?”, - აცხადებდა დავით საგანელიძე, რომელმაც თავის შეკითხვაზე პასუხი  ვერ მიიღო.