საჯარო პირის შესახებ ინფორმაცია დაიხურება და სამოქალაქო სექტორისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. იურისტთა განმარტებით ასეთი შედეგი ექნება იმ პროექტის ამოქმედებას, რომელიც "ზოგადი ადმინისტრაციული" კოდექსიდან იმ ნორმის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც აქამდე ამ ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფდა.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ზოგად ადმინისტრაციულ" კოდექსში" შედის, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული.
პროექტი საკმაოდ სქელტანიანია და ითვალისწინებს ამ კანონის 2011 წლის ბოლოს მიღებულ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში პროექტის მიზნად სწორედ ის არის დასახელებული, რომ მოხდეს ერთი და იგივე საკითხის ორი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით მოწესრიგების თავიდან აცილება.
თუმცა, როგორც ა/ო "საქართველოს განვითარების კვლევითი ორგანიზაციის" წარმომადგენელი, იურისტი ლევან ავალიშვილი ამბობს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან ხდება 44-ე მუხლის ამოღებაც, რის გამოც საჯარო პირების შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელი გახდება.კანონპროექტით უქმდება კოდექსის 44-ე მუხლი, რომელიც პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას ეხება. ამ მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებული აღარ იქნება, თანამდებობის პირთა თუ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემები გაახმაუროს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე კი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს პროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს შეიცავს და ასეთი პრობლემა არც ერთ შემთხვევაში არ შეიქმნება.
"წარმოდგენილი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის. კერძოდ, "ზოგადი ადმინისტრაციული" კოდექსიდან ხდება რამდენიმე ნორმის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში გადატანა, რომელიც პარლამენტმა 2011 წლის ბოლოს მიიღო. შესაბამისად, ყველა ის საკითხი, რომელიც პერსონალური მონაცემის მიღებას, გაცემას, დამუშავებას შეეხება, რეგულირდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით, რომელიც ქმნის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს და უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყოს ყველა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები.
"რაც შეეხება ინფორმაციის თავისუფლებას, "ზოგადი ადმინისტრაციული" კოდექსის მესამე თავი ადგენს და ითვალისწინებს ინფორმაციის ღიაობას. კერძოდ, 28-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საჯარო ინფორმაცია არის ღია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბუნებრივია, ეს პროექტი ამ მუხლს და საერთოდ მესამე თავს არ შეეხება. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეს არ შეეხება და, როგორც გითხარით, ეს არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები და ამით შესაბამისობაში მოდის ტერმინოლოგია," - ამბობს დიმიტრი ძაგნიძე.
ლევან ავალიშვილი კი ამბობს, რომ ძაგნიძის "ეს განმარტება, ჩემი აზრით, არ არის ადეკვატური, რადგან დათქმა, რომელიც არსებობდა "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 44-ე მუხლში და ითვალისწინებდა იმას, რომ საჯარო პირების პერსონალური მონაცემებიც კი იყო ხელმისაწვდომი მათი ნებართვის გარეშე, ეს ქრება, რადგან კანონიდან ეს მუხლი საერთოდ უქმდება. ანუ, თუ მუხლი ქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნორმაც ქრება.
"ახალი კანონი "პერსონალური მონაცემების შესახებ" კი არ არეგულირებს ამ საკითხს. ეს ახალი კანონი ერთმანეთისგან არ ანსხვავებს ერთმანეთისგან ფიზიკურ პირსა და თანამდებობის პირს. შესაბამისად, თუ ჩვენ აქამდე შეგვეძლო აპელირება 44-ე მუხლით, რათა მოგვეთხოვა ნებისმიერი ინფორმაცია თანამდებობის პირების შესახებ, ამჯერად ამის უფლება აღარ გვექნება, რაც, ჩვენი აზრით, საჯაროობის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია".
ამასთან, როგორც ის განმარტავს, ეს მუხლი ეხებოდა საჯარო პირთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
"მხოლოდ ხელფასები ხომ არ არის? მაგალითად, სამივლინებო ხარჯებს ხომ არ არეგულირებს ცალკე კანონი? ან მაგალითად იმ საკითხს, თუ რა მანქანით დადის მინისტრი და ა.შ. ამ ახალი ნორმით ამ ინფორმაციას ვეღარ მოიპოვებთ, რადგან რომ მოითხოვოთ, გეტყვიან, რომ ეს იქნება მისი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება და ამით უარს გეტყვიან. აქ არის საუბარი ზოგადად თანამდებობის პირებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე," - ამბობს ლევან ავალიშვილი და დასძენს, რომ მისი ორგანიზაცია საია-სთან და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" ერთად ამზადებს დასკვნას, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებიც" ამ ცვლილებას საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ და როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, "როგორც ჩანს, მთავრობამ მაინც თავისი გაიტანა".
"როგორც ჩანს, ხელფასებთან დაკავშირებით დისკომფორტი აქვთ და ამას დიდი ხანია, ითხოვენ. მე ზოგადად ვეთანხმები აზრს, რომ დეკლარაციაში ძალიან ბევრი გაუგებრობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრ თანამდებობის პირს სამივლინებო თანხები დაფიქსირებული აქვს შემოსავლებში და, ალბათ, ეს ცალკე მუხლი უნდა იყოს. თუმცა, ამ მივლინების გარდა ისინი რას იღებენ და რა პრემიებს იწერენ, ძალიან საინტერესოა. ამიტომაც აქამდე მთავრობამ ეს ვერ გაიტანა იმიტომ, რომ პარლამენტს შიდა უმრავლესობაში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა.
"პარლამენტის წევრები, როგორც წესი, არიან სააშკარაოზე და მათი შემოსავლები ღიაა და ამ დროს მთავრობის რომელიღაცა ჩინოვნიკი იღებს დეპუტატზე სამჯერ მეტს, ამაზე გულისწყრომა უმრავლესობის წევრებშიც იყო, მაგრამ ვერ ავხსნი, რატომ შეიცვალა უმრავლესობის პოზიცია ასე მყისიერად. სამი წელია ამაზე დავა მიდის და უფრო მეტიც, საუბარი იყო იმაზე, რომ თანამდებობის წევრებისთვის გარკვეული შეზღუდვა დაეწესებინათ.
"მთავრობაზე კონტროლი პარლამენტმა უნდა განახორციელოს, რადგან პარლამენტზე კონტროლს საზოგადოება ახორციელებს. თუ პარლამენტი უარს ამბობს ამ კონტროლზე, ეს ძალიან ცუდია," - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობას კი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ სურს.