ევროპის

ევროპის "სამეზობლო პაკეტი"

 

15 მაისს ერთდროულად რამდენიმე ანგარიში გამოქვეყნდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. სამეზობლო პოლიტიკაზე ჩვენს გადაცემებში ბევრჯერ გვისაუბრია - ის არის ევროკავშირის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც წარმართავს ბრიუსელის ურთიერთობას 16 ქვეყნის, კერძოდ ევროკავშირის სამხრეთელი და აღმოსავლელი მეზობლების, მათ შორის საქართველოს მიმართ. გთავაზობთ ანგარიშების ზოგად მიმოხილვას.

15 მაისს ევროკავშირმა, კერძოდ, ევროკომისიამ და საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ე.წ. “სამეზობლო პაკეტი“. ანგარიშების კრებული, რომლის მოცულობაც ერთობ რთული ამოცანის წინაშე აყენებს მისი მიმოხილვის მსურველს...

მარტო ანგარიშების ჩამონათვალი რად ღირს. ესენია ევროპის პარლამენტის, ევროპის საბჭოს, ევროპის ეკონომიკური და სოციალური საკითხების კომიტეტისა და რეგიონთა კომიტეტის მიმართ ერთობლივი კომუნიკე „ახალი სამეზობლო პოლიტიკის შესახებ“, ერთობლივი კომუნიკე „აღმოსავლეთის პარტნიორობაზე“, ანგარიში სამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის „დემოკრატიისათვის და საერთო კეთილდღეობისათვის პარტნიორობის“ შესახებ და კიდევ 12 ანგარიში „სამეზობლო პოლიტიკის“ მონაწილე ცალკეულ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას ჰყავს არა 12, არამედ 16 მონაწილე - ქვეყნები და ტერიტორიები, რომლებსაც ევროკავშირთან სახმელეთო და საზღვაო საზღვარი აქვთ. ესენი არიან: ალჟირი, აზერბაიჯანი, სირია, ბელორუსია, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, მოლდავეთი, პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიები, სომხეთი, ტუნისი, უკრაინა და საქართველო. ანგარიშები მხოლოდ 12-ზე დაიწერა იმის გამო, რომ დანარჩენებთან არ არის გაფორმებული ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

თუ, ზოგადად, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ, ანგარიშში უწინარეს ყოვლისა აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა შარშან მიიღო „ახალი სტრატეგია ევროპის ცვალებადი სამეზობლოსათვის“, რაც იყო რეაქცია სამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში - ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებზე.

აი, რა შეფასებას აძლევენ ანგარიშის ავტორები ევროკავშირის „ახალი სტრატეგიის“ შემუშავებას: „ამან სოლიდარობისა და მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი გაუგზავნა სამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხალხებს - რომ ევროპა მხარს დაუჭერს მათს ბრძოლას დემოკრატიის, ღირსების, კეთილდღეობისათვის, დევნისაგან დაცულობისათვის. ამასთან, ევროპა თავის გამოცდილებასა და ცოდნას გამოიყენებს მათს დასახმარებლად ავტორიტარული მმართველობიდან დემოკრატიაზე გადასვლისას, გამოწვევებთან გასამკლავებლად. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მიღწევების გათვალისწინებით, ახალი პოლიტიკა არის აგრეთვე პასუხი ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელი პარტნიორების მოწოდებაზე ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და უფრო ღრმა ეკონომიკური ინტერგაციისაკენ“. შარშან შემუშავებული „ახალი სტრატეგია“, რომლის შესახებაც ანგარიშის ამ ნაწილში ითქვა, კონკრეტულ ამოცანებს ისახავს, მათ შორის მდგრადი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის ხელშეწყობას, კონფლიქტების მოგვარებას - იქნება ეს სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში, კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის, თუ სეპარატისტული რეგიონების პრობლემა საქართველოში და ა.შ. 

ახალი სტრატეგიის ცენტრალურ, ახალ ელემენტად სახელდება ცნება „მეტი - მეტის სანაცვლოდ“. ეს ნიშნავს, რომ „მხოლოდ იმ პარტნიორებს, რომლებიც მზად არიან, განახორციელონ პოლიტიკური რეფორმები და პატივი სცენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საყოველთაოდ გაზიარებულ ღირებულებებს, შესთავაზებენ ევროკავშირის პოლიტიკის ყველაზე მომგებიან ასპექტებს: ეკონომიკურ ინტეგრაციას, ადამიანების მობილურობას, ისევე როგორც მეტ ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისაგან“. 
კომუნიკეში ასახული მიდგომა „მეტი - მეტის სანაცვლოდ“ ადასტურებს ევროპის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მოქმედების პრინციპს - მრავალმხრივთან ერთად, ორმხრივ ურთიერთობებს პარტნიორობის წევრებთან. შესაბამისად, ევროკავშირში მათი ინტეგრაცია სხვადასხვა ეტაპზეა: დავუშვათ, უკრაინასთან დასრულებულია მოლაპარაკებები ასოცირებული შეთანხმების შესახებ, მაშინ როცა მიმდინარეობს საქართველოსთან, მოლდავეთთან, სომხეთთან; საქართველოსა და მოლდავეთს დაწყებული აქვთ მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე, მაშინ როცა სომხეთთან იგეგმება ასეთი მოლაპარაკების დაწყება, აზერბაიჯანთან არც იგეგმება და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა 2009 წელს ამოქმედდა, სამეზობლო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და წარმართავს ევროკავშირის ურთიერთობას აღმოსავლელ მეზობლებთან: ბელორუსიასთან, უკრაინასთან, მოლდავეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.

15 მაისს გამოქვეყნებული საგანგებო კომუნიკე ასახავს გეგმას, საგზაო რუკას, რომელიც შარშან სექტემბერში შეათანხმეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვარშავის სამიტზე და რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მომავალი წლის შემოდგომის სამიტამდე. ამ კომუნიკეშიც ვეცნობით კონკრეტულ ამოცანებს. დასტურდება, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მთავარი მიზანია პირობების შექმნა ზემოხსენებულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისათვის. საამისოდ გაანალიზებულია ვითარება პარტნიორ ქვეყნებში, რომლებსაც კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევენ. მაგალითად, უკრაინას, რომელიც ტიმოშენკოს საქმის გამო ბოლოხანს გამორჩეულ ყურადღებას იპყრობს, სთხოვენ, განიხილოს პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების პრობლემა და გადადგას ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. რა შედეგებს მოიტანს ეს რეკომენდაცია, ძნელი სათქმელია.

საყურადღებოა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, დასავლეთთან ურთიერთობაზე საუბრისას შემდეგი რამ აქვს ნათქვამი: „უკრაინა ახალგაზრდა ქვეყანაა და მშენებლობის პროცესში იმყოფება და ძალიან მნიშვნელოვანია, არ უგუველვყოთ ეს პრობლემები. მაგრამ ჩვენ მათ ვაგვარებთ და ვმუშაობთ ამ საკითხებზე. ამიტომაა, რომ როცა ისინი რჩევას გვაძლევენ, მადლობელი ვართ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვამცირონ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ და არ მივცემთ ამის ნებას“. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა 14 მაისს, ევროკავშირის რამდენიმე ანგარიშის, ე.წ. „სამეზობლო პაკეტის“ გამოქვეყნებამდე სულ ერთი დღით ადრე.