“სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის” ინფორმაციით, სახელმწიფოსგან მათ დაპირებული ანაზღაურება ჯერაც არ მიუღიათ, ხოლო ბანკებმა ამ ფონზე ფერმერების ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება დაიწყეს.
კავშირის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს დღეებში დაზარალებული ფერმერები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულები ხელისუფლების მხრიდან იმ კრედიტების დაფარვას მოითხოვენ, რომლებიც სათესლე მასალების შეძენისთვის მიიღეს. ბოლო გაანგარიშებით, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაში მონაწილე 30 ათასი ფერმერიდან 20 ათასი დაზარალდა, თუმცა სოფლის მეურნეობის კორპორაციაში ამტკიცებენ, რომ პროგრამაში მონაწილეთა 90% კმაყოფილია და კორპორაციამ მხოლოდ 30 საჩივარი მიიღო.
“სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის” თავმჯდომარის ელიზავეტა ფიოდოროვას განცხადებით, დაზარალებულებს ბანკებიდან აღებული კრედიტების გამო უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.
მისი თქმით, წერილს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფლის მეურნეობის კორპორაციას გაუგზავნა, რეაგირება არ მოჰყოლია. პრეზიდენტისა და მინისტრის დაპირების მიუხედავად, დავალიანების ჩამოწერა ამ დრომდე არ მომხდარა.
“ბანკებმა გადავადებაზე უარი გვითხრეს, პირადად მე უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე მემუქრება და ყოველთვიურად უკვე საურავს ვიხდი, პრეზიდენტის ბრძანებულება კი ჰაერში დარჩა”, - აცხადებს ფიოდოროვა, რომელსაც კორპორაციამ პირადად მისწერა, რომ ისინი ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ჩავარდნას უარყოფენ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, იმ პირებს, ვისაც 1 ჰექტრამდე ფართობი ჰქონდა, ხელისუფლებამ დავალიანება ჩამოაწერა, თუმცა ფიოდოროვა ჩამოწერის ფაქტს უარყოფს.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აღნიშნავს, ის ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და არ შეხვედრია ადამიანი, ვისაც პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დავალიანება ჩამოეწერა. იგივე მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოში და ყველგან, სადაც კი “ჰიბრიდული პროგრამა” მიმდინარეობდა. მთავრობამ წარმატებით მოახერხა სიმინდის პროექტის მეშვეობით მილიონების ჩაჯიბვა და ახლა ჯერი ბანკებზეა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ბანკები, ერთხელ უკვე დაზარალებულ ფერმერებს სულს ამოხდიან. მიწის დამუშავებას ვიღა ჩივის, გლეხებს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.