მაგალითად, ევროკავშირის დასკვნით, საქართველომ საარჩევნო კოდექსში ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
„საარჩევნო კოდექსში ზოგიერთი მთავარი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა. კერძოდ, საარჩევნო უბანში მოადგილის არჩევას სხვადასხვა რაოდენობის ხმები სჭირდება. ასევე არ არის აღმოფხვრილი ბუნდოვანება საარჩევნო დავების მექანიზმში. 2011 წლის დეკემბერში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესწორებები შევიდა, რომლითაც ბიზნეს ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შეიზღუდა. სამოქალაქო საზოგადოებამ ამ კანონში არსებულ ბუნდოვანებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, რაც სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ საქმეებში აქტიურ მონაწილეობას გაართულებს, ხოლო დაფინანსებაში არსებული შეზღუდვები არათანაბარ გავლენას მოახდენს იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებსაც სახელმწიფო რესურსებზე ნაკლები წვდომა აქვთ. ამჟამად ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკავშირი საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.
„საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, ასევე დაძლიოს არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ხარვეზები არჩევნებამდე საკმარის ვადაში და ამ საკითხზე მხარეებთან კონსულტაციები გამართოს“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ქართული მედიის პრობლემებზეც, კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია: „მედიის თავისუფლების საკითხში კვლავაც არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დისტრიბუციის ქსელი არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონი და წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყოს დაბალანსებული გაშუქება მედიაში და თანაბრად ხელმისაწვდომი მედია და რეკლამა“.
ფილიპ დიმიტროვმა ყურადღება გაამახვილა ასევე ქართული მართლმსაჯულების სისტემაზეც. მისი თქმით, მიუხედავად მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული აშკარა პროგრესისა, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პროკურორს ძლიერი პოზიცია უკავია, ხოლო სასამართლოს აკლია დამოუკიდებლობა. ანგარიშის თანახმად, ამაზე მეტყველებს გამამტყუნებელი განაჩენების ძალიან მაღალი მაჩვენებლები, რომელიც 98%-ს შეადგენს, თუმცა, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 2010 წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაიზარდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლებისა და მკაცრი სასჯელების შედეგად გახშირდა საპროცესო შეთანხმებების გამოყენების მაჩვენებლები საქმეთა 87%-ის შემთხვევაში.
„ხოლო შეთანხმების შედეგად შემოსული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც ძალაში 2011 წლის ნოემბერში შევიდა, აძლიერებს საპროცესო შეთანხმების პროცედურაზე სამართლებრივ კონტროლს და საგანგებოდ სთხოვს მოსამართლეებს, შეაფასონ პროკურატურასა და მოპასუხე მხარეებს შორის დადებული შეთანხმების არა მარტო კანონიერება, არამედ სამართლიანობაც“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკავშირი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, განაგრძოს სასამართლო სისტემის რეფორმირება და განამტკიცოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, ასევე, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის და პრაქტიკის შემდგომი ლიბერალიზება ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.
ევროკავშირისთვის საქართველოში ქონებრივი უფლებების სრულად დაცვის საკითხი მზარდ შეშფოთებას იწვევს.
„ახლახანს წარმოიშვა მნიშვნელოვანი რაოდენობის დავა, რომლებიც იმ მიწების ფლობის საკითხს უკავშირდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად იყენებდა. ეს დავები მიწის კანონიერი მფლობელების არსებობამ თუ მისმა ბუნდოვანებამ გამოიწვია. საკითხს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ მოსახლეობასთან შეთანხმება და ადგილობრივი განვითარების იმ გეგმების შესახებ, რომელიც ადამიანების ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ, სათანადოდ ინფორმირება არ ხდება“ - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთი პრობლემა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას გამოყენებულ გაუმჭვირვალე პროცედურებს უკავშირდება.
გარდა ამისა, დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მაგალითად, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.
„წლევანდელი ანგარიშის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება გაგრძელდება, საქართველოსთვის შეთავაზებულია შემდეგი: განაგრძოს და უფრო ინტენსიური გახადოს საქართველოს კონსტრუქციული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. იგულისხმება, კერძოდ, უსაფრთხოების მდგრადი მექანიზმის შემუშავებაზე ერთობლივი მუშაობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთანავე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ხელისუფლებას დე ფაქტო მთავრობებთან უფრო პრაგმატული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„არის რიგი საკითხებისა, რომლებთან მიმართებაშიც საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საშუალებით უნდა იმუშაოს და პრაგმატული მიდგომები განახორციელოს. ამის მაგალითია ენგურის ელექტროსადგურის სიტუაცია - პრაგმატული აუცილებლობა კარნახობს, რომ თუ არ იქნება თანამშრომლობა, შეუძლებელი იქნება ამ კაშხლის მუშაობა, რადგან მისი ერთი ნაწილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მეორე კი - არა“, - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
ეს არის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რაზეც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიურ ანგარიშშია საუბარი. როგორც მოგახსენეთ, დასკვნა საკმაოდ მკაცრია. მისი შეფასება presage.tv-მ პოლიტიკურ ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს სთხოვა.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებები შეიცვალა.
„ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს შენიშვნები, თუ რეკომენდაციები უცხო არ არის. ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ ეს შენიშვნები დღეს ევროპის მხრიდან გამოითქვა, რადგან ევროპული სტრუქტურები, მათ შორის ევროკავშირიც ამა თუ იმ დარღვევების მიმართ ადრე უფრო ლოიალურები იყვნენ, იმ საკითხების მიმართ, რასაც ქართული პოლიტიკური სპექტრი დარღვევად მიიჩნევდა. რადგან ამ საკითხებმა გაიჟღერა, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკის მარწუხები უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და საქართველოს ხელისუფლებას უკვე არც ერთი მხარე კრიტიკულ შეფასებებს არ აკლებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ დასტურდება მოსაზრება, რომ ეს შენიშვნები სავარაუდოდ მომავალ არჩევნებთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო კრიტიკულია, ვიდრე ევროპელებისაგან ვართ შეჩვეულები. ეს კი ექსპერტის აზრით იმის მანიშნებელია, რომ დასავლეთი არ შეეგუება საქართველოს სათავეში იმ ხელისუფლების დარჩენას, რომელსაც აღნიშნული საკითხები გადასაწყვეტი აღმოაჩნდა.