შეგახსენებთ, ნინო კალანდაძემ და ნიკა რურუამ თქვეს, რომ უდაბნოს მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, რასაც ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
მოგეხსენებათ, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია მუშაობს, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, რა კონკრეტული შედეგები არის ამ კუთხით მიღწეული, რადგან ამ კომისიის მუშაობა პრაქტიკულად გასაიდუმლოებულია. ქართული მხარე მუდმივად ირწმუნება, რომ მოლაპარკების პროცესში პრობლემები არ არის, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ შეუთანხმებელი საკითხები არსებობს. ამიტომ იმ ფონზე, როდესაც შენი ხელისუფლება გარწმუნებს, რომ ყველაფერი რიგზეა, უცებ მეზობელი ქვეყნის მიერ შენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, გვცოდნოდა, რომ კომისიის მუშაობაში გარკვეული პრობლემები არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა რურუას განცხადებით სადავო ტერიტორია აზერბაიჯანს 1994 წლის შეთანხმების თანახმად ეკუთვნის.
ასეთ შეთანხმებას ვერ იხსენებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ქრისტიანულ - დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძე. presage.tv აღნიშნულ საკითხზე გთავაზობთ ინტერვიუს ვაჟა ლორთქიფანიძესთან.
ვაჟა ლორთქიფანიძე: „ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. საქმე ეხება ორი ქვეყნის საზღვარს და მათი ტერიტორიების გამიჯვნას, რაც საკმაოდ შრომატევადი და რთული საკითხია. ამიტომ, ამ თემაზე საუბრისას ძალიან დიდი სიზუსტეა საჭირო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული არ ყოფილა. ამ თემაზე მაშინაც საგარეო საქმეთა სამინისტროები მუშაობდნენ, ძალიან ბევრი რამ იმ პერიოდში დაზუსტდა, მაგრამ ბევრ რაღაცაზე გაურკვევლობა იყო. რაც შეეხება დავით გარეჯის თემას, რამდენადაც მახსოვს, რაიმე კონკრეტული წინააღმდეგობა არ ყოფილა. მუშაობა საზღვრების დაზუსტებაზე მიმდინარეობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს და არც შემდგომ პერიოდში თავად ამ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის საქართველოსათვის კუთვნილების საკითხი ეჭვქვეშ არ დამდგარა.
მინდა გავიხსენო ასევე ის პროტესტი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის სტუდენტობამ გამოხატა ამ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების პოლიგონის არსებობის წინააღმდეგ. ქართულ საზოგადოებას ახსოვს ეს საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც 80-იანი წლების ბოლოს ჰქონდა ადგილი. მინდა გითხრათ, რომ ამ პროტესტს მაშინდელი ხელისუფლებაც გამოხატავდა. მაშინ ამ საკითხში აქტიურად ჩაერთო მარშალი გელოვანი, რომელიც საკავშირო თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ისიც აქტიურად ცდილობდა, რომ ამ ტერიტორიიდან ეს საარტილერიო სწავლებები სხვაგან გადაეტანათ და ის ადგილი სამხედრო პოლიგონისგან მთლიანად განთავისუფლებულიყო.
ეს საპროტესტო მოძრაობები როდესაც ხდებოდა, მაშინ ამ ტერიტორიის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი არც ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.
ამდენად, კონკრეტულად რომელ უბანზეა ახლა დავა, ჩემთვის ეს უცნობია, მაგრამ ერთ რამეზე შემიძლია გაკვირვება გამოვხატო. კერძოდ, თუ საზღვრების დელიმიტაცია დასრულებული არ არის (რაშიც ოფიციალური სტრუქტურები გვარწმუნებენ), მაშინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იქ როგორ ჩადგნენ? ამ ლოგიკით, სანამ საკითხი არ გაირკვევა, ისინი ჯერ იმ ტერიტორიაზე არ უნდა იდგნენ.
კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ 1994 წლის შეთანხმების თანახმად, უდაბნოს მონასტრის ტერიტორია დღესაზერბაიჯანს ეკუთვნის...
- მე ასეთ შეთანხმებას არ ვიცნობ. დელიმიტაცია მაშინ არ მომხდარა, ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ვინმეს რამე მიკუთვნებოდა.
მაშინ რამ გამოიწვია ხელისუფლების ასეთი პოზიცია?
- შეიძლება ეს არის საკითხში გაურკვევლობა, ან შეიძლება მოგვიანებით ორ ხელისუფლებას შორის მოხდა რაიმე შეთანხმება, რომლის შესახებაც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩემი ეჭვიც სწორედ ამას უკავშირდება, რომ თუ ეს საკითხი, ანუ დელიმიტაცია-დემარკაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაშინ რის საფუძველზე დგანან იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და ამას ქართული მხარე რატომ არ აპროტესტებს? ბუნებრივი იქნებოდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების საქციელს საქართველოს ხელისუფლების პროტესტი გამოეწვია და მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის მიემართათ იმის მოთხოვნით, რომ მათ მესაზღვრეებს დაეტოვებინათ ტერიტორია, რომელზეც ჯერ საზღვრები დადგენილი არ არის.
ამ შემთხვევაში სწორედ პირიქით ხდება, რადგან ქართული საზოგადოების პროტესტის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებააცხადებს, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის.
- მე არ ვიცი, რა აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს. თუკი ასეთი დოკუმენტი არსებობს, მაშინ ის უნდა გამოქვეყნდეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოვისმინე, რომ თითქოს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს რესპუბლიკებს შორის საზღვრები დადგენილი არ იყო (არსებობდა მხოლოდ ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა) და სწორედ ამის გამო დაიწყო შემდეგ დელიმიტაცია-დემარკაცია, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა სცნეს, სწორედ იმ საზღვრებში მოხდა მათი დამოუკიდებლობის ცნობა, რა მდგომარეობაშიც ისინი 1991 წელს იმყოფებოდნენ. თუმცა მიუხედავად მათი დამოუკიდებლობის ცნობისა, საზღვრები მაინც არ იყო დაზუსტებული და მაშინ ეს რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესის დაწყება და სწორედ ამიტომ შეიქმნა სპეციალური კომისიები. სანამ ისინი მუშაობას არ დაასრულებენ, მანამდე სადავო საკითხები ღია უნდა იყოს და უნდა მოხდეს მათი განხილვა. რამ გამოიწვია იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ჩადგომა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრ კითხვებს და ეჭვებს ბადებს და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, მან უნდა თქვას, აზერბაიჯანულ მხარესთან რაზე შეთანხმდა.
იმ ფონზე, როდესაც ქართველი ისტორიკოსები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ დავით გარეჯის მთელი ტერიტორია ყოველთვის იყოსაქართველოს შემადგენლობაში, ხელისუფლება ამბობს, რომ უდაბნოს მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის. ქართულსაზოგადოებაში ეს აჩენს გარკვეულ კითხვებსა და ეჭვებს. მაგალითად, დღეს მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ საქართველოსხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც აზერბაიჯანულ ფირმებთან ფარულ ეკონომიკურ სქემებში და ფულის გაყოფაში არიანგარეულები და ამიტომ ამ თემაზე ხმას ვერ იღებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უდაბნოს მონასტრისტერიტორია რაღაც კერძო ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ დათმო?
- ვერ გეტყვით, თუ ასეა, მაშინ ეს ძალიან დიდი უჭკუობაა. საერთოდ, არ შეიძლება გასარკვევი ტერიტორიებზე (სიტყვა სადავოს ნაცვლად სჯობს გასარკვევი ვთქვათ) მაღლა ვიღაცის პირადი, კერძო ეკონომიკური გარიგებები დადგეს. ვინც ამ გარიგებებით ცდილობს საზღვრის საკითხის გადაწყვეტას, ძალიან უჭკუოა და ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა. არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი სულელი ადამიანები იყვნენ და ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ რაღაც ასეთი კერძო მოლაპარაკებებით და რაღაცის სანაცვლოდ ამას გააკეთებენ. ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ტერიტორია არის უმაღლესი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი და თუ ამას ვინმეს კერძო ეკონომიკური ინტერესი შეეხო, ეს აუცილებლად გახდება ცნობილი და ამიტომ მგონია, რომ ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.