„მე ვარ კანონი...“

„მე ვარ კანონი...“

„ჩვენ გვაქვს არაორდინალურ სიტუაციასთან საქმე“, - კიდევ ერთხელ განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და, როგორც აღმოჩნდა, ეს არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ კონსტიტუციის პროექტი მეორე მოსმენამდე ოთხჯერ შეიცვალოს და მეხუთედ კი - უკვე მესამე მოსმენის წინ. თანაც ისე, რომ არსებითი ხასიათის ცვლილებები შევიდეს. არადა, მესამე მოსმენისთვის, კანონით, მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი. ანუ, უნდა ხდებოდეს ტექსტის გრამატიკული ჩასწორება, სადმე რაიმე ტექნიკური შეცდომა თუ არის გაპარული.

მაგრამ, რადგან „ჩვენ არაორდინალურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე“, ყველაფერი შესაძლებელი გახდა.

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა პროექტი, რომლის თანახმად „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.

ამ პროექტის ინიცირების მიზეზი კი ყველას კარგად ახსოვს – სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობა არც ერთ შემთხვევაში აღარ უნდა მიეცა. საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება არ გააჩნიათ. მათ ასევე არა აქვთ პოლიტიკაში ჩარევის უფლება.  

დასავლეთის მხრიდან კი კეთდებოდა განცხადებები, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის საშუალება უნდა ჰქონოდა. კონსტიტუციის შეცვლა კი სააკაშვილისთვის ამ ვითარებიდან გამოსავალი აღმოჩნდა. მაგრამ ივანიშვილისთვის სათანადო ფორმულირების მორგება გაჭირდა.

პროექტი პირველი მოსმენით მიღებამდე რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ კი, პირველი მოსმენით დამტკიცდა ფორმულირება, რომ „2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“. 

თუმცა, ამის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას საქართველოში ბოლო ათი წელი მუდმივად არ უცხოვრია და ამ ნორმით ვერ ისარგებლებდა. კანონის მიღებისას კი უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ ამ ნორმის მიღება საგანგებოდ ივანიშვილისთვის ხდებოდა, რათა „არჩევნები იყოს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი და მან ვერ შეძლოს მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს ახალი ფორმულირებაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილი ჩართვა შეძლოს.

როგორც ის აღნიშნავს, კონსტიტუციის 29-ე მუხლში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეობის არმქონე პირი ამ თანამდებობების დაკავებას ვერ შეძლებს და მათ შორის ვერც ის პირი, ვინც ამ ახალი ნორმით ისარგებლებს, რადგან ეს ეხება მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე და დასძენს, რომ ეს ახალი ნორმა ასევე ვერ უზრუნველყოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, როგორიც არის პარტიის შექმნა, დაფინანსება და ა.შ. უფლებებს.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი სესიაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემაც დააყენა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაში სპეციალური ჩანაწერის დამატება საჭირო არ არის, რადგან კონსტიტუციის 29-ე მუხლი სხვა პირებს ეხება – საქართველოს მოქალაქეებს და არა იმ პირებს, რომლის განსაზღვრაც ცვლილებებით შემოდის.

მისი თქმით, რადგან ცვლილებებით დგინდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ქართველს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას პრეზიდენტობაც შეეძლება.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას, კუბლაშვილის განმარტებით, ამ გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ იმ პირებს, ვინც ამ ნორმით ისარგებლებენ, უფლება ექნებათ, დაიკავონ აღნიშნული თანამდებობები და მიიღონ აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროექტი მესამე მოსმენისთვის კიდევ ერთხელ უნდა შეიცვალოს.

ამას კი ხელისუფლება ისევ ივანიშვილს აბარალებს.

„როცა ერთი კონკრეტული სუბიექტი პოლიტიკური მიზნებისთვის უარს აცხადებს კანონის ნორმის გამოყენებაზე და ამით პოლიტიკური დივიდენდების აწევა სურს. ეს რომ გამოირიცხოს, ამიტომ ვაკეთებ ჩვენ სპეციალურ ჩანაწერს“, - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ არანაირი კითხვის ნიშნები აღარ დარჩება არჩევნების კონკურენტუნარიანობასა და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. 

არადა, გუშინ თავად კუბლაშვილს წამოსცდა, ამ ვითარებიდან ნორმალური და არაორდინალური გამოსავალი რა იქნებოდა.

სესიაზე კითხვა დაისვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში დაბადებული და დღეს მოქალაქეობის არმქონე სხვა პირები ქართულ პოლიტიკაში ჩართვას მოისურვებენ და კუბლაშვილმა ძალიან მარტივად გასცა პასუხი, - მათ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღონ.

 

“არავისთვის არ არის კარი ჩაკეტილი,” - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ პირებს, რომელთაც მოქალაქეობა 90-იან წლებში დაკარგეს, შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.