როგორ ფლანგავს საბიუჯეტო მილიონებს უგულავა და მისი რაზმი

როგორ ფლანგავს საბიუჯეტო მილიონებს უგულავა და მისი რაზმი

თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების მიერ ათეულობით მილიონი ლარი გაურკვეველი მიზნებისთვის გაიფლანგა. არ არსებობს თითქმის არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ, რისთვის და კონკრეტულად რაში იხარჯებოდა სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო სახსრებიდან მიღებული თანხა.

შეუძლებელია იმ თანხების ზუსტი ოდენობის დადგენა, რომელიც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდსა და თბილისის განვითარების ფონდს წლების განმავლობაში სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან გადაეცემოდა.  მარტო ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისთვის 2005-2011 წლებში საბიუჯეტო სახსრებიდან გადაცემული თანხების ოდენობა მინიმუმ 288 434 800 ლარს შეადგენს.

“რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა” - ეს არის ანგარიში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას წარუდგინა. იგი ოთხი კონკრეტული ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობას შეეხება. როგორც იურისტები აცხადებენ, გამოკვლევის შედეგად არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დედაქალაქში და არამარტო დედაქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებით დაინტერესდა და პროცესის გამოკვლევას 124-გვერდიანი ანგარიში მიუძღვნა. უფრო ზუსტად კი, ისინი დაინტერესდნენ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული “ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის”, “თბილისის განვითარების ფონდის”, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული “ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდისა” და ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული “ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის” საქმიანობით.

საიას-ს იურისტების მტკიცებით, ფონდები დამოუკიდებლად წყვეტდნენ, როგორ და რა პრინციპით შეერჩიათ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო კომპანიები.

“თბილისის განვითარების ფონდი” საკუთარი შეხედულებისამებრ ასხვისებდა მიღებულ ქონებას და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფონდის საკუთრებაში კვლავაც ძალიან დიდი ქონება რჩება, უძრავი ქონების სახით, ეს აძლევს მას შანსს, რომ მომავალში ისინი გაასხვისოს და ამის შემზღუდავი გარემოება არ არსებობს კანონმდებლობაში”, - ამბობს ამბობს სიაია-ს იურისტი სულხან სალაძე.

კიდევ ერთი ყურადსაღები ფაქტი, რომელიც როგორც სტუდია “მონიტორმა”, ისე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოიკვლია, დაკავშირებულია რიყის პარკთან. 2006 წელს თბილისის მთავრობის მიერ შპს ახალი რიყისთვის 7 მილიონ დოლარად მიყიდული 44 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 2008 წლის ბოლოს, “ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის” საშუალებით, 17 მილიონ ამერიკულ დოლარად იქნა გამოსყიდული.

საბოლოოდ, რიყის ტერიტორიის ჯერ გაყიდვასა და შემდეგ გამოსყიდვას შორის სხვაობამ 15 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც თბილისის ბიუჯეტის სასარგებლოდ ნამდვილად არ მომხდარა.  ამასთანავე, როგორც გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის პროცესში არაერთხელ შეიცვალა შპს “ახალი რიყის” წილის მფლობელთა ვინაობა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გამოკვლევის პროცესში მათ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თბილისის მერიას ათობით წერილი გაუგზავნეს, თუმცა უმეტეს მათგანზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ.  ამას მოწმობს ის 6 სარჩელიც, რომლითაც მათ სასამართლოს მიმართეს.

ჩუგოშვილი მოუწოდებს თბილისის მერიას საჯარო გახადოს ინფორმაცია “ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის”, ასევე “თბილისის განვთარების ფონდის” მიერ წლების განმავლობაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ.