“მანავთან ის ტექნიკა დგას, რაზედაც სააკაშვილი ამდენს გველაპარაკება და რამდენიმე რაიონში ჰყავდა ჩაყვანილი. ზედ აწერია - “იყიდება”. გარედან აწერია ასე, გაკრული აქვს, რომ იყიდება”, - განაცხა გურჯაანში ყოფნისას თინა ხიდაშელმა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი, პრეზიდენტის გამოგზავნილი ტრაქტორები რეალურად მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ “კამერების წინ პოდიუმზე იაროს”.
“უნდა დამთავრდეს ის პერიოდი, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მთავარი პრიორიტეტი ის კი არ არის, რომ მევენახეს მიეხმარო, რომ ხეხილი ვისაც მოჰყავს იმას მიეხმარო, რომ სასუქი, ტექნოლოგიები, ტრაქტორები... პოდიუმის ტრაქტორებზე არა გვაქვს ჩვენ ლაპარაკი. ტრაქტორი უნდა მუშაობდეს ყანაში, ვენახში, გლეხის სამსახურში და არა “რუსთავი 2”-ის კამერების წინ პოდიუმზე დადიოდეს”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ამ დროს კი კახეთში სათესი მიწების 60% დასამუშავებელია. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე ცოტა მიწა ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებშია დამუშავებული. მაგალითად, ახმეტის რაიონში არსებული 16 ათასი ჰექტარიდან 9 600 ჰექტარი დაუმუშავებელია; გურჯაანის რაიონში 13 ათასი ჰექტარიდან მხოლოდ 6 ათასამდეა დამუშავებული.
“აბა, სად არის პრეზიდენტის გამოგზავნილი ტრაქტორი? მე არ მინახავს. 3 წლის წინათ 1 ტრაქტორი მისცა სოფელს - “ბელარუსი”. მეტრაქტორე დაჯდა და თუ ძალიან ბევრი ფული არ მიეცი არ წამოვა. “სალიარკა” ძვირია, გლეხები ვერა ხნავენ, ვერა თესავენ. ტრაქტორისტი ძვირს აფასებს და აბა, რა შეუძლია გლეხს. რა უნდა იშოვოს იმდენი, რომ 2 ლარი სალიარკაში მისცეს და 2 ლარისას კიდევ მეტრაქტორე ართმევს.
აგე, მინდორი სულ იგრე არა გდია? ვინ არის პატრონი, არავინ. პარლამენტში სხედან და იმას არ ამბობენ, რომ გლეხ ხალხს მივხედოთო - ან სალიარკა მივცეთო, ან ტრაქტორიო. მარტო სხედან სკამზე და ფულს იღებენ, ეს გლეხი კიდევ გაუბედურებულია. 2 ჰექტარი ადგილი მაქვს და ვერ მომიხნავს, ერთი ჰექტრის მოხვნა 400 ლარი ჯდება, 400 ლარი სადა მაქვს?” - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვეჯინის მკვიდრმა ამბროსი ხარიტონიშვილმა.
ვეჯინში მცხოვრები ალბერტ იმედაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გლეხებს 5 ჰექტარზე ნაკლები მიწა აქვთ დასამუშავებელი, მექანიზატორები არ ემსახურებიან.
შპს “მექანიზატორის” გურჯაანის ორგანიზაციის მენეჯერის ავთანდილ იმერლიშვილის თქმით, მექანიზაციის ცენტრები რეგიონის რამდენიმე სოფელშია.
“მექანიზაციის ბრიგადები სხვადასხვა სოფლებშია, გურჯაანშიც არის მექანიზაციის ორგანიზაცია, საიდანაც გლეხებს შეუძლიათ გაიყვანონ ტრაქტორები და მიწა დაამუშაონ. 1 ჰექტარის მოხვნა 115 ლარი ღირს თავისი საწვავით. პლუს გზის ფასი არის კილომეტრზე 1,50 ლარი.
ბაკურციხესა და კარდენახში მაგალითად, მექანიზაციის ცენტრი არ აქვთ. თუ მხოლოდ 2 და 3 ჰექტარი აქვთ დასამუშავებელი არც ჩვენ ვემსახურებით იმიტომ, რომ გურჯაანიდან კარდენახამდე 15 კილომეტრია და ძვირი ჯდება გზის თანხა. ასეთი სოფლის მოსახლეობა, ვისაც დასათესი ან მოსახნავი აქვს, კულტივაცია აქვს ჩასატარებელი, უნდა მივიდეს გამგეობაში, ჩამოწერენ ვის რა ფართობზე აქვს სამუშაოები ჩასატარებელი და გადავალთ 2-3 დღით იქით.
ჩალაუბნის მექანიზაციის ცენტრი მთელი კახეთის ზონის მექანიზაციის ორგანიზაციების მარეგულირებელი იქნება. ადრე რომ იყო საქსოფტექნიკა, დაახლოებით ასეთი ტიპის ორგანიზაცია იქნება”, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ავთანდილ იმერლიშვილმა.
ჩალაუბანში მექანიზაციის რეგიონალურ სერვის ცენტრს საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გახსნის.სერვის-ცენტრის მშენებლობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ბოლო 4 დღის განმავლობაში კი სერვის-ცენტრს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი ტრაქტორებით და კომბაინებით ავსებენ.