რა თანხები აითვისა უგულავამ კანალიზაციიდან

რა თანხები აითვისა უგულავამ კანალიზაციიდან

სტიქიით მიყენებულ ზარალს უკვე ანგარიშობენ. კახეთსა და მცხეთა- მთიანეთში უკვე 5-5 მილიონი მოთვალეს, თბილისში უფრო მეტი. ოპოზიცია კი უგულავას მიერ თავის დროზე კანალიზაციიდან მითვისებულ ფულს ითვლის. როგორც ჩანს, მას გაცილებით მეტი შეძლებია, ვიდრე სტიქიას.

პირველი ინფორმაცია ზარალის შესახებ კახეთიდან მოვიდა. უკვე ვრცელდება ცნობები სტიქიამ კახეთი დაახლოებით 5 მილიონი ლარით აზარალა. როგორც კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, ყველაზე მეტად გურჯაანის რაიონი დაზარალდა.

“გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დანგრეულია გზები, სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და ქსელი. ზარალის ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - აღნიშნა სიბაშვილმა.

გუშინ სოფელ კოლაგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც იმყოფებოდა. “მთავარი ის არის, რომ გადავრჩით, არ არის მსხვერპლი, დანარჩენს ყველაფერს შევეცდებით რომ აღვადგინოთ.  უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის აღდგენა.

24-საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, საგზაო დეპარტამენტიც, სამაშველო სამსახურიც, წყალმომარაგების სამსახურიც. შექმნილია სამსახური, რომელიც სწავლობს მიყენებულ ზარალს და ამის შემდეგ გვექნება მთლიანი სურათი თუ რა ზარალი მიადგა მოსახლეობას. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყველას დავეხმარებით”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

თუმცა, კახეთში ზარალიანობა ამით არ დასრულებულა და სამწუხაროდ ის კიდევ გაიზრდება. საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფელი, ნინოწმინდა, წყაროსთავი და მანავი გუშინ სერიოზულად დაისეტყვა. როგორც საგარეჯოს მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, სეტყვამ ნათესები და ხეხილი სულ გაანადგურა.

“კაკალზე მსხვილ სეტყვას ისვროდა. სეტყვა რამდენიმე წუთია მოდიოდა. სულ გადაათეთრა ყველაფერი. არაფერი აღარ დატოვა. ვაზი სულ დატეხა და ნათესები მიწასთან გაასწორა”, - აღნიშნეს საგარეჯოს მცხოვრებლებმა.

მეორე ცნობა ზარალის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მოიტანა და აქაც 5 მილიონი ფიგურირებდა, ოღონდ ამ 5 მილიონში კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ერთად იყო ნაგულისხმევი. ნიკოლაიშვილის თქმით, სტიქიამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა როგორც კახეთს, ისე - მცხეთა-მთიანეთს. ძირითადი პრობლემები იყო გზებზე, სათავო ნაგებობებზე და ხიდებზე.

მთავრობის წევრთა ცნობით, ეს 5 მლნ ლარი სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ კი დაადასტურა, რომ 5 მლნ ლარი ბიუჯეტიდან ოპერატიულად გამოიყო. რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, როგორც გვინდაძემ განმარტა, ამ ეტაპზე მათი ზარალის შეფასება მიმდინარეობს.

სავარაუდოდ ყველაზე დიდი ზარალი დედაქალქში უნდა იყოს, თუმცა, შესაბამის კომისიას თვლა ჯერ ბოლომდე არ დაუსრულებია. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი თბილისში, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ ვითარებას, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გიორგი ყოთიაშვილის განმარტებით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია, ამ ეტაპზე კი დამეწყრილ უბნებს შლაკებისა და ტალახისგან წმენდენ.

ყოჩიაშვილის თქმით, მაქსიმუმ დღეისთვის თბილისში სტიქიის კვალი აღარ იარსებებს. თბილისში ძლიერ წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 11 ოჯახი, რომლებსაც თბილისის მერიამ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუნახა.

დედაქალქის მერიამ სტიქიის შედეგების პრევენციაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ როგორც წესი ამ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს. ამიტომაცაა, რომ ყოველი მომდევნო სტიქია უფრო და უფრო სავალალო შედეგებით მთავრდება. მერე კი თანდათან აშკარავდება, რომ მერიას სანიაღვრე და საკანალიზაციო სამუშაოები უხარისხოდ ჰქონდა შესრულებული.

ამჯერად თბილისის მერ გიგი უგულავას ბიუჯეტიდან საკანალიზაიო სისტემის რეაბილიტაციისათვს გამოყოფილი თანხების მითვისებაში ლეიბორისტული პარტია ადანაშაულებს და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, სწორედ გაუმართავმა საკანალიზაციო-საკოლექტორო სისტემამ დაატრიალა ტრაგედია.

“გაუმართავ სისტემას შეეწირა ადამიანების სიცოცხლე და ასეულობით ოჯახი დაზარალდა, რის გამოც უგულავა პასუხისგებაშია მისაცემი. ასევე, მივმართავ მილიარდერ სააკაშვილს და ივანიშვილს, ნაცვლად ბრტყელ-ბრტყელი დარიგებებისა, კეთილი ინებონ და პირადი ანგარიშიდან დაეხმარონ დაზარალებულ მოსახლეობას. ეს იქნება მათგან ადეკვატური ნაბიჯი ამ შექმნილ სიტუაციაში”, - განაცხადა გუგავამ.

გუგავას გამარტებით, მერიის ხარჯებს კერძოდ კი, საკანალიზაციო-საკოლექტორო სისტემის ხარჯებს 2009 წელს გრიფი “საიდუმლო” დაედო, რაზეც სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული, თუმცა შემდგომ პროცესი მიაჩუმათეს.

“საქმე ეხებდა 200 მილიონ ლარს და სწორედ ადვილია ამ სისტემაში ფულის მოპარვა, რადგან მიწისქვეშაა და უხილავია. სწორედ ის თანხები, რომელიც უნდა მოხმარებოდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემებს, მითვისებულია იმ იმედით, რომ ხალხი ამას ვერ დაინახავს”, - აღნიშნა გუგავამ.