ჩრდილოკავკასიელი მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შემდეგ მოსკოვში „ეჭვიც არ ეპარებათ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ბოევიკებს მხარს უჭერს“. რამზან კადიროვის განცხადებით, მეამბოხეები „დაფინანსებას საქართველოდან იღებენ“.
თბილისიდან კადიროვს ურჩევენ, საქართველოსა და „ბოევიკების“ კავშირებზე ფაქტებით ისაუბროს. ასევე ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში ბოევიკების მომზადების თემის ანგაჟირება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია
„სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბოევიკების მხარდაჭერის ფაქტი ეჭვს არ იწვევს“, – ეს განცხადება რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების კვლევის აკადემიის დირექტორმა ლეონიდ ივაშოვმა გააკეთა.
„საქართველოსთან მტრული დამოკიდებულება გვაქვს. ამას ემატება ის, რომ საქართველოს აქეზებენ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი. ისინი ხელით აჭმევენ სააკაშვილმა და მის რეჟიმს. თავის მხრივ, სააკაშვილი ამ მხარდაჭერას გამართლებას ცდილობს. თბილისისა და მისი სპონსორების უპირველესი ამოცანაა რუსეთის პოზიციის შესუსტება კავკასიასა და კასპიის რეგიონში დივერსიებითა და ტერაქტების მეშვეობით სიტუაციის დესტაბილიზების გზით“, – აცხადებს ივაშოვი.
მისი თქმით, ახლა დასავლეთის გავლენა კასპიის რეგიონზე სულ უფრო შესამჩნევია.
„მათი ამოცანა კასპიის ნავთობზე გასვლაა. უკვე ახლა ამ რეგიონში მუშაობს 49 ამერიკული კომპანია და მხოლოდ 2 რუსული“, – აცხადებს ივაშოვი და დასძენს, რომ რუსეთმა უნდა აღკვეთოს ყველა მცდელობა, თავს დაესხნენ მის სტატუსს კავკასიის რეგიონის „ველიკი დერჟავისა“ და ყოველივე ეს თავისი საგარეო პოლიტიკის მიზნების მკვეთრი განსაზღვრის გზით უნდა გააკეთოს.
„ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა გვინდა სომხეთისგან, აზერბაიჯანისგან, საქართველოსგან, აფხაზეთისგან, სამხრეთ ოსეთისგან. უნდა წარმოვადგინოთ მნიშვნელოვანი პროექტები საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში“, – განაცხადა ივაშოვმა.
რუსეთის მიერ მომავალში შესაძლო გადასადგმელ ნაბიჯებად ივაშოვი ასახელებს აზერბაიჯანის ინიციატივის მხარდაჭერას, იმის შესახებ, რომ კავკასიურ-კასპიურ რეგიონში არარეგიონალური სამხედრო ძალებს ყოფნა აეკრძალოთ.
„შესაძლოა მჭიდროდ თანამშრომლობა ამ მიმართულებით ასევე საკუთარი პოზიციების გასამყარებლად რუსეთი უფრო მეგობრულად უნდა მოიქცეს ირანთან მიმართებაში“, – განაცხადა ივაშოვმა.
საქართველოს ჩეჩენი ბოევიკების მხარდაჭერაში უკვე მერამდენეჯერ ადანაშაულებს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი. პუტინის მასხარა აცხადებს, რომ ჩეჩენი ბოევიკები საქართველოდან დაფინანსებას იღებენ და საქართველო მათი ერთადერთი მხარდამჭერია.
„სერიოზული - ფინანსური და მორალური მხარდაჭერის წყაროები ბოევიკებს ახლა ცოტა დარჩათ. ადრე ისინი იღებდნენ ფინანსურ მხარდაჭერას და იარაღს საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველოს ტერიტორიიდანვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ბანდიტების მთელი ჯგუფები იგზავნებოდა და დღესაც შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთადერთ წყაროდ, რომელიც მათ ეხმარება და სადაც ისინი ემზადებიან რჩება საქართველო“, – აცხადებს რამზან კადიროვი.
მისივე თქმით, „არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ახლაც ხდება ახალგაზრდების გადაბირება და მათი ჩეჩნეთში გამოგზავნა. ახლაც არის გარეწრები რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და ინგლისში – უდუგოვისა და ზაკაევის მსგავსები. იქ მათ მხარს უჭერენ და არ აბარებენ ამ ტერორისტებს, იმისათვის რათა ისინი აქ კანონით გასამართლდნენ“, – აცხადებს კადიროვი.
ამასთან ერთად, კადიროვის თქმით, ადგილები სადაც ბოევიკებს ძალიან მაგრად უჭერენ მხარს პრაქტიკულად აღარ დარჩა.
„ჩეჩნეთში არის არამრავალრიცხოვანი უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჯგუფი და იგი ადგილობრივ მაცხოვრებელთა 50-70 ადამიანიდან შედგება. მათ წინააღმდეგ ბრძოლა კი მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს“, – განაცხადა მან.
ჩეჩნეთის მეთაური ასევე აცხადებს, რომ საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში შეიძლება.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სხვა ქმედებები რომლებიც რუსეთის ნაწილის, ჩრდილო კავკასიის ცალკეული რეგიონების თანამშრომლობისკენაა მიმართული აბსოლუტურად უპერსპექტივოა“, – ამბობს კადიროვი.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს ურჩევს, საქართველოსა და „ბოევიკების“ კავშირებზე ფაქტებით ისაუბროს. ასე გამოეხმაურა იაკობაშვილი კადიროვის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას, რომელშიც ჩეჩნეთის პრეზიდენტი საქართველოს „ბოევიკების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
„ასეთი განცხადებები პირველი არ არის და ადრეც არაერთი მოგვისმენია. არ მესმის, რას იღებენ მსგავსი განცხადებებით. მათ ახლა სჭირდებათ ე.წ. დაწყნარებულ ჩეჩნეთში არსებული ვითარების გამო ვინმე დაადანაშაულონ, თუმცა ურჩევნიათ ისევ საკუთარ ტერიტორტებს მიხედონ. კადიროვს კი ვურჩევ, ფაქტებით ისაუბროს“, - განაცხადა იაკობაშვილმა.
“პოლიტიკური ძალების მიერ საქართველოში ბოევიკების მომზადების თემის ანგაჟირება ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია”, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა პარალმენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძისა და ექს-თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
„მე არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არანაირი ბოევიკების მომზადება არ ხდება. პოლიტიკური პარტიების მხრიდან კი ასეთი თემების ანგაჟირება არასწორია და ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია“ - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისი თქმით, არ შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა დახატონ, რომ ქვეყანაში აპოკალიფსური ვითარებაა და ჩვენთან ხდება თურმე ტერორისტების მომზადება.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი ბოევიკების მომზადება ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ექს-პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მასაც აქვს, თუმცა დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნია.
რაც შეეხება რამზან კადიროვის მორიგ ანტიქართულ გამოხდომას, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, ჩეჩნეთის პრეზიდენტის განცხადება „კრემლის იდეოლოგიის გაგრძელებაა“.
როგორც „პირWელს“ სესიაშვილმა განუცხადა, მსგავსი ბრალდებები საქართველოს მიმართ იყო და კიდევ მრავლად იქნება, რადგან რუსეთი საკუთარი მოსახლეობისთვის მტრის ხატს საქართველოსგან ქმნის.
„ჩეჩნეთში ბოლო დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ნათელი გახდა, რომ კადიროვი მდგომარეობას ვერ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ის საკუთარი მოსახლეობის წინაშე ცდილობს წარუმატებლობა ვინმეს გადააბრალოს, ეს ვინმე კი - საქართველოა. ამ ბრალდებებს დასავლეთი „არ ჭამს“, თუმცა უცხოურ პრესაში ეს ინფორმაციები მაინც იბეჭდება. კადიროვისგან მსგავსი განცხადებები ალბათ მომავალშიც გაკეთდება, რადგან იგი კრემლის იდეოლოგიის გამგრძელებელია“, - განაცხადა სესიაშვილმა.